მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისისა და გურიის საჯარო სკოლები მზის სისტემით აღიჭურვება“ - ანი ჯანუყაშვილი ქალების ნარატივში

BM.GE
25.05.21 18:39
991

„ვმუშაობთ პირველ დიდი მასშტაბის მზის ელექტროსადგურზე კახეთის რეგიონში“ - ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" დირექტორის მრჩეველი ანი ჯანუყაშვილი „ქალების ნარატივში“

 

-როგორ შეაფასებდით საქართველოს ენერგეტიკული პროექტების განვითარების ტენდენციებს?

-საქართველოს ენერგეტიკული პროექტების განვითარების კუთხით საკმაოდ დიდი გამოწვევებია,რაც გამოიხატება იმაში, რომ აქტიური ნეგატიური კამპანია მიმდინარეობს ქვეყანაში ჰიდროენერგეტიკული რესურსების განვითარების კუთხით, რაც მოიცავს არა მხოლოდ დიდ, არამედ მცირე და საშუალო ჰესებსაც. საზოგადოებას აკლია ინფორმაცია, იმ რისკების გააზრება, რის წინაშეც დავდგებით, თუ რესურს არ ავითვისებთ გარკვეულ პერიოდში. იმპორტზე დამოკიდებულება ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყანა განსაზღვრავს ჩვენს სამომავლო განვითარებას.  დიდ ჰესებთან ერთად, ჩვენი პრიორიტეტი არის მცირე და საშუალო ჰესებიც და ამ შემთხვევაშიც, ანალოგიურ პრობლემებს ვხვდებით, დამოკიდებულება იგივეა, მიუხედავად მასშტაბისა. საჭიროა საზოგადოებასთან აქტიური და მკაფიო კომუნიკაცია.   

 

-რა კუთხით მუშაობს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“?

„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ სწორედ იმ მიზნით შეიქმნა, რომ ავითვისოთ განახლებადი რესურსები და ხელი შევუწყოთ საქართველოში საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობას. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ USAID-ის მხარდაჭერით შემუშავდა ინვესტორის გზამკვლევი. გარდა ამისა, გასულ წელს მთავრობის დადგენილებით შემუშავდა განახლებადი რესურსების განვითარების წახალისების სქემა, რაც გულისხმობს მხარდაჭერის კონკრეტულ პერიოდსა და პრემიალურ ტარიფს.    

 

-მზის და ქარის ელექტროსადგურების კუთხით რა მდგომარეობაა საქართველოში?

 -ჩვენთვის საამაყოა ბათუმის საჯარო სკოლების მზის ელექტროსადგურებით აღჭურვის პროექტი, რომელიც ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტრომ დააფინანსა. პროექტის ძირითადი საგრანტო კომპონენტი ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას მოიცავდა. მსგავსი პროექტის განხორციელება თბილისსა და გურიის რეგიონშიც იგეგმება. გრანტი უკვე მოვიპოვეთ.  

 

-საინტერესოა, ამ კუთხით მსოფლიო პრაქტიკა როგორია?

-მაგალითისთვის, შვეიცარიაში ჰიდრორესურსების 80% ათვისებულია და შემდეგ გადავიდნენ მზის და ქარის ენერგიის ათვისებაზე; საქართველოში ჰიდრორესურსების 20%-ია ათვისებული, მიუხედავად ამისა, ვცდილობთ განვავითაროთ ქარისა და მზის ენერგია. თუმცა მნიშვნელოვანი და საჭიროა, რომ ეს მიმართულებები ერთმანეთთან ჰარმონიულად განვითარდნენ. 

-თავად როდის დაინტერესდით ენერგეტიკით?

-ამ სექტორში სრულიად დაუგეგმავად მოვხვდი; ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში, შესაძლებელი იყო იმდროინდელ ენერგეტიკის სამინისტროში, საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტში სტაჟირება; რამდენიმეთვიანი სტაჟირების შემდეგ გამიჩნდა სურვილი დავრჩენილიყავი ამ სექტორში. მაგისტრატურაც შემდეგ ელექტროინჟინერიის მიმართულებით გავაგრძელე, როცა იქამდე ბიზნესის მიმართულებით მქონდა განათლება მიღებული. ვფიქრობ, ქალებისთვის ბარიერები ამ სექტორშიც არის, თუმცა არსებობენ ლიდერები, რომლებიც ქალებსაც ენდობიან. 

 

-ფონდის ფარგლებში რომელ პროექტს გამოყოფდით?

-გორის ქარის ელექტროსადგურს, რომელიც საპილოტეა და დაამტკიცა, რომ ქარის ენერგიის განვითარება საქართველოში შესაძლებელია, გარდა ამისა, ვმუშაობთ პირველ დიდი მასშტაბის მზის ელექტროსადგურზე კახეთის რეგიონში.  




სტუმარი: ანი ჯანუყაშვილი - ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" დირექტორის მრჩეველი.