13.ნოემბერი .2020 14:27

ქვეყანა ჩაკეტილია ინვესტიციებისთვის, დიდი ბიზნესები ხელიდან ხელში გადადის - BLB

118
უკან

2021 წელს ვალი შესაძლოა მშპ-ის 62%-მდე გაიზარდოს - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა ექსკლუზიურ ინტერვიუში გვითხრა რამდენიმე დღის წინ. ვალის ზრდა იმ დათქმით ხდება, რომ 2023 წლამდე უნდა დაკმაყოფილდეს საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნა ეკონომიკური თავისუფლების შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ გაზრდილი დეფიციტიც და გაზრდილი ვალიც კანონით გათვალისწინებულ ზღვრებს უნდა დაუბრუნდეს. დეფიციტის შემთხვევაში, ეს მშპ-ის 3%-ია, ხოლო ვალის შემთხვევაში - მშპ-ის 60%.

პრაქტიკულად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პირობის დაცვაზეა დამოკიდებული, რამდენად მდგრადი იქნება საქართველოს ვალი მომდევნო წლებში. იმისთვის, რომ დეფიციტი და ვალი შემცირდეს, რამდენიმე გზა არსებობს - ავიღოთ კიდევ უფრო მეტი და უფრო ძვირი კომერციული ვალი; შევამციროთ ხარჯები და რეალურად შემოვიჭიროთ ქამრები; და მოვიზიდოთ მეტი მათ შორის უცხოური ინვესტიცია იმისთვის, რომ გავამყაროთ ლარი და მათ შორის, ვალის ზრდას ეს წნეხიც მოვაშოროთ, რადგან ცალმხრივი და ორმხრივი შედარებით იაფი ვალის დიდი ნაწილი უცხოურ ვალუტაში - ევროში და დოლარშია დემონიმირებული.

პანდემია ამ კუთხით ერთი გამოწვევაა. საერთაშორისო სავალუტო ფონდიც ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკა, რომელიც ტურიზმზე დიდწილადაა დამოკიდებული - ტურიზმის აღდგენას და მისი შემოსავლების ძველ ნიშნულზე დაბრუნებას, მხოლოდ 2024 წლისთვის უნდა ელოდოს. ამას ემატება რეგიონში შექმნილი ვითარება და ისიც თუ რა გავლენა ექნება საქართველოზე მათ შორის ეკონომიკური კუთხითაც ნაგორნო-ყარაბახში ცეცხლის შეწყვეტის და რეგიონში რუსი სამშვიდობო ძალების ზრდას.

კითხვა ბევრია. გაურკვევლობა მაღალია. თუმცა ერთი გარკვეულობა ცალსახად არსებობს - თუ ამ ქვეყანაში ინვესტიციების დონე არ გაიზარდა, მაშინ ძალიან ძნელი იქნება თუნდაც იმ ახალი პროგნოზის გამართლებაც, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ამ კვირაში დადო საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის და ჩვენ ვნახეთ, რომ თუ ოქტომბერში ფონდი ვარაუდობდა, რომ მომავალ წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდებოდა, დღეს ეს პროგნოზი შემცირებულია 4.3%-მდე.

რა უშლის დღეს და ზოგადადაც ამ ქვეყანაში ინვესტიციების იმ დოზით მოზიდვას, რაც ყველას გაგვახარებდა და შეგვაძლებინებდა იმას, რაზეც პრემიერიც საუბრობს ხოლმე პერიოდულად, რომ ამ ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის პოტენციალი - რატომ ვერ ვიყენებთ ამ პოტენციალს სათანადოდ, რა გვიშლის ხელს?

სტუმარი: კახა შარაბიძე - იურიდიული ფირმა BLB-ის მმართველი პარტნიორი