მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დაგვიჯდა “ლოქდაუნი”? - ვატო ასათაშვილი საქმის კურსში

BM.GE
26.11.20 14:19
712
მოკლედ მოგიყვებით რა ეფექტი ჰქონდა გაზაფხულზე შემოღებულ შეზღუდვებს... რა სოციალური და ბიზნესის მხარდამჭერი ნაბიჯები გადადგა მთავრობამ და რამდენით შემეცირდა ეკონომიკა… რა დაგვიჯდა “ლოქდაუნი”. 9 თვის მდგომარეობით ეკონომიკის 5%-იანი კლებაა, სადაც წლის მეორე კვარტალში ეკონომიკა 12.3%-ით შემცირდა. ეს კი იმ პერიოდს მოიცავს, როცა ორთვიანი პერიოდით საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა და ქვეყანა სრულად ჩაკეტილი იყო. ცხადია, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების ეფექტი ეკონომიკის ყველა დარგისთვის ნეგატიური იყო, მაგრამ უფრო მეტი ზიანი მომსახურების ნაწილს მიადგა, ვიდრე ინდუსტრიულ დარგებს.

ორთვიანი სრულის ჩაკეტვის დროს კი მომსახურების სექტორებში 12.3%-ზე გაცილებით დიდი კლება დაფიქსირდა. ცალკეული სექტორების მიხედვით, სარესტორნო და სასტუმრო მომსახურების ნაწილში რეალური ეკონომიკა 40.0%-ით შემცირდა.

2019 წლის 10 თვეში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან $2.84 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო, 2020 წელს კი ეს რიცხვი მხოლოდ $516 მილიონი დოლარია, რაც წინა წელთან შედარებით 81%-ით ნაკლებია. ამასთან, წლევანდელი ტურიზმის შემოსავლის უდიდესი ნაწილი (427 მილიონი დოლარი) მოდის იმ პერიოდზე, სანამ საზღვრები დაიხურებოდა და "ლოქდაუნი" გამოცხადდებოდა.

გარდა მომსახურების სექტორებისა, ქვეყნის სრული ჩაკეტვის დროს არსებითად იზარალა მშენებლობის დარგმა. კერძოდ, მეორე კვარტალში რეალური კლების ნიშნული 24.5%-ია, ხოლო ეკონომიკის მთლიან კლებაში სექტორის წვლილი 2.2 პ.პ.

რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, რომელიც ვალუტის შემოდინების ასევე ერთ-ერთი მთავარი წყაროა და რომლის ბუმი ქვეყანაში არც პანდემიამდე გვქონდა. 2020 წლის 6 თვეში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით $409.6 მლნ დოლარი შემოვიდა, რაც 25.6%-ით ნაკლებია 2019 წლის შესაბამის პერიდთან შედარებით. მეტიც, ეს მონაცემი ბოლო 10 წლის განმავლობაში წლის პირველ ნახევარში შემოსული ინვესტიციების მინიმალური მაჩვენებელია.

სრული ჩაკეტვის პერიოდში ეკონომიკის და მისი ცალკეული დარგების შემცირება, ბუნებრივია, ხელფასებზეც აისახა. კრიზისის პირობებში, ამა თუ იმ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა, მაგრამ შენარჩუნებული მუშახელის ანაზღაურებაც შემცირდა. მიმდინარე წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით, წინა წილს ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მთლიან ეკონომიკაში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასის რეალური ოდენობა 8.5%-ით ნაკლებია. საერთო ჯამში, ეკონომიკის 7 სექტორში ხელფასების შემცირების ორნიშნა მაჩვენებელი იყო.


გარდა ამისა, 1 მარტიდან დღემდე სრულად 700-ზე მეტმა კომპანიამ შეაჩერა მუშაობა, - ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ის საინფორმაციო პორტალმა BIA-მ მიაწოდა. ამასთან, პორტალის ცნობით, 1 600-მა კომპანიამ საქმიანობა დროებით შეაჩერა და ბაზარზე მდგომარეობის დასტაბილურების მოლოდინშია.

და ბოლოს საინტერესოა ისიც, ჯამში, ხელისუფლებამ რა თანხა დახარჯა და - რაზე. დეტალური ხარჯთაღრიცხვა ჩვენთვის ცნობილია არაა, თუმცა ფინანსთა მინისტრმა სამი ძირითადი მიმართულებით გაწეული ხარჯების მოცულბა დააასახელა: სოციალური დახმარებები - 1.15 მლრდ ლარი, ბიზნესი მხარდაჭერა - 1.5 მლრდ ლარი და ჯანდაცვა - 375 მლნ ლარი.

სტუმარი: ვატო ასათაშვილი - ჰელისკი ჯორჯიას დამფუძნებელი