მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იწვევს შაკიკს და შესაძლებელია თუ არა მისი ეფექტური მართვა? - ანა ძაგნიძე ქალების ნარატივში

BM.GE
25.02.21 12:01
988

"ძილ-ღვიძილის რიტმის დარღვევა შაკიკის შეტევის მაპროვოცირებელია" -ექიმ-ნევროლოგი ანა ძაგნიძე „ქალების ნარატივში“

 

-დღეს შესაძლებელია შაკიკის ეფექტური მართვა?

-დიახ, შემიძლია ვთქვა, რომ დღეს საქართველოში, ისე როგორც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, გვაქვს საშუალება, რომ პაციენტებს მივაწოდოთ მკურნალობის თანამედროვე საშუალებები, რომლებიც მართვაში ნამდვილად გვეხმარება, თუმცა განკურნება არ მოაქვს. მიუხედავად იმისა, რომ კვლევები დღემდე გრძელდება ამ უძველესი დაავადების ირგვლივ, სამწუხაროდ, არ არსებობს ის ეფექტური მედიკამენტი, თუ მკურნალობის კურსი, რომლის ჩატარების შემდეგაც, ის აღარასოდეს დაბრუნდება.

 

-თქვენი აზრით, რატომ ვერ ხერხდება აღმოფხვრა?

- შაკიკი ერთ-ერთი ურთულესი დაავადებაა,რომელიც უხეშად რომ ვთქვათ, არ კლავს და არ აზიანებს ორგანიზმს, მაგრამ სულ სჭირდება ცხოვრების წესის შეწყობა, რადგან ყველაფერზე რეაგირებს. შაკიკი უფრო ხშირად ქალებს აწუხებთ. ამის ზუსტი მიზეზები არაა დადგენილი, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ქალებსა და მამაკაცებში ერთნაირად ვლინდება, თუმცა მამაკაცები უფრო ნაკლებად მიმართავენ ექიმს, ნაკლებად წუხან და ეს ახდენს გავლენას სტატისტიკაზე. არ ვიცი, ეს რამდენად სწორი მიმართულებაა. ასევე, გარკვეულ როლს თამაშობს ჰორმონებიც და ალბათ, ამასთანაცაა ნამდვილად დაკავშირებული, რადგან რეპროდუქციულ ასაკში ყველაზე ხშირია შაკიკი და მენოპაუზის შემდეგ, ქალბატონებში ხშირად ქრება კიდევაც.      

ამ დაავადების ზუსტი მიზეზი არ ვიცით და ეს ართულებს მკურნალობასაც. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია უბრალოდ მექანიზმის შესახებ და ვმუშაობთ იმაზე, რა დავამუხრუჭოთ, რა გავააქტიუროთ, რომ შევამციროთ შეტევების სიხშირე და სისასტიკე.  არსებობს გარკვეული ნივთიერებები, რომლებიც შეტევის დროს აღმოცენდება ძალიან დიდი კონცენტრაციით და თანამედროვე მედიცინაში შეიქმნა სამკურნალო საშუალებები - ანტისხეულები, ცილები, რომლებიც მიმართულია ამ ნივთიერების საწინააღმდეგოდ, ისინი ამუხრუჭებენ, ბოჭავენ და შესაბამისად, შეტევაც იხევს უკან.

 

-ძილს რა როლი აქვს შაკიკთან მიმართებაში?

-ძილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არსებობს ასეთი ფორმაც შაკიკის, მას ეწოდება ე,წ ვიქენდ შაკიკი, როცა ადამიანი დააპირებს გამოძინებას, რელაქსაციას, სწორედ მაშინ „იღვიძებს“ შაკიკი. ძილ-ღვიძილის რიტმის დარღვევაა, თუ რაღაც ჰარმონია დაირღვა შაკიკისთვის ორგანიზმში, მოყვება ხოლმე შეტევა. უძილობაც ძალიან დიდი მაპროვოცირებელია, ისევე, როგორც ზედმეტი ძილი. როდესაც შაკიკი აქვს, ბავშვს, მოზარდს, სტუდენტს, ვურჩევთ ხოლმე შეარჩიოს ისეთი პროფესია, სადაც ღამის „გატეხვა“ არ მოუწევს, რადგან ეს გარანტიაა იმისა, რომ შაკიკი აგრესიული გახდება. 

 

-ხშირია საქართველოში ეს დაავადება?

-საქართველო იმეორებს იმ სტატისტიკას, რაც მსოფლიოშია. დაახლოებით 10-15 წლის ჩავატარეთ პატარა კვლევა და გამოვლინდა, რომ ამ დაავადების და ზოგადად თავის ტკივილების სიხშირე მსოფლიოში არსებული სტატისტიკის იდენტურია. შაკიკი მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს აწუხებს.  

 

-ახალგაზრდებში რატომ გახშირდა თავის ტკივილი? 

-ეს დაკავშირებულია რეჟიმის ცვლილებასთან, არანორმირებულ კვებასთან, აღსანიშნავია ძილის რეჟიმის დარღვევა, ასევე გარკვეული კომპიუტერული თამაშების, გაჯეტების როლი - 24 საათი რაღაც ნათებისკენ ყურადღებით ყოფნა, თვალის დაძაბვა, გონების ჩართულობა ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადში. მხოლოდ რეჟიმის მოწესრიგებაც უკვე საწინდარია თავის ტკივილის უკან დახევის. 

 

-თქვენთვის როგორია ჯანსაღი ცხოვრების წესი?

-პირველ რიგში, უკავშირდება ძილის რეჟიმის მოწესრიგებას. ასევე, ვცდილობ კვების რეჟიმს მივაქციო ყურადღება. კვება ბევრ რაღაცაზე აისახება.   

 

-თქვენი პირველადი პროფესიული არჩევანი რას უკავშირდება?

-მედიცინა ერთგვარი ოჯახური ტრადიციაა. ფსიქოლოგიით ჩემი დაინტერესებაც განაპირობებდა იმას, რომ მედიცინას დიდი კავშირი ჰქონდა ამასთან, ტვინი და ნევროლოგია იძლეოდა იმის საშუალებას რომ უფრო ობიექტურად და უფრო აღწერილობითაც მიუდგე დარღვევებს. ნევროლოგია მედიცინის ძალიან საინტერესო სფეროა, რომელიც მომიჯნავეა ფსიქიატრიულ და ფსიქოლოგიურ ძვრებსა და ორგანულ დაზიანებას შორის. ერთგვარი „ლინკია“. 

 

-რას ნიშნავს თქვენთვის გამოჯანმრთელებული პაციენტი?  

-ძალიან ბევრს, გამარჯვებას, სიხარულს. დიაგნოზის სწორად დასმის შეგრძნება შეიძლება შეედაროს ეიფორიას, რომელსაც გამაბრუებელი მედიკამენტების ან საშუალებების მიღებისას გრძნობენ. აღვნიშნავ, რომ დამარცხებაც და წარუმატებლობაც ძალიან ხშირად რჩება და მიგყვება წლების განმავლობაში, გახსოვს ყველა ის პაციენტი, სადაც „წააგე“. 

 

-2021 წელს რა არის თქვენი მთავარი მიზანი პროფესიული თვალსაზრისით?

-წინსვლა, კიდევ უფრო მეტი რამის შემეცნება, იმისთვის რომ იმ ადამიანებს, ვისაც ჩემთან ურთიერობა აქვს, მეტი სარგებელი მოვუტანო. ყოველთვის ღია ვარ პაციენტებისთვის, რომ დავიმეგობრო ადამიანები. ალბათ, ასევე გამოვყოფდი, მეტი რაციონალურობისა და ნაკლების ემოციების ფაქტორს, ეს პროფესიული საქმიანობისას ძალიან მნიშვნელოვანია.

 

-პანდემიის პერიოდში მოიმატა თავის ტკივილის შემთხვევებმა?  

-არა მარტო თავის ტკივილის, არამედ სტრესული სიტუაციების, შფოთვის, უძილობის, ნევროტული მდგომარეობების, მოლოდინის შიშის, ცუდის მოლოდინის. ასეთი პაციენტების მომართვიანობა დიდი იყო. 

 

-თქვენს დღის წესრიგში რა შეიცვალა ამ პერიოდში?

-უსაზღვროდ მოიმატა თავდაცვის და სხვების დაცვის სურვილმა. ასევე ურთიერთობები ძალიან შეიზღუდა, მე, როგორც ექიმი, შეიძლება ვიღაცისთვის საფრთხე ვყოფილიყავი. გავმიჯნე ჩემი საცხოვრებელი.

 

-ფიზიკური აქტივობა თუ იყო დღის წესრიგის ნაწილი? 

-ძალიან კარგად მოქმედებდა ჩემზე ფეხით სიარული. გარდა ფიზიკური მხნეობისა, ეს ხასიათზეც აისახებოდა. მე ყველას ვურჩევ, რაც არ უნდა აქტიური სამსახური ჰქონდეს, დღის განმავლობაში სადღაც 40 წუთი გამოძებნონ ორგანიზმისთვის და თავს განსხვავებული რამ შესთავაზონ - იქნება ეს ფიზიკური აქტივობა თუ უბრალოდ, თავთან განმარტოება.




სტუმარი: ანა ძაგნიძე ექიმ -ნევროლოგი