მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში აფინანსებს „შემოქმედებითი ევროპა“ მედიას? - ქეთევან შენგელია ქალების ნარატივში

BM.GE
10.05.21 11:45
586

რა ძირითადი კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა საჭირო "შემოქმედებითი ევროპის" დაფინანსების მისაღებად? - ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპის“ საქართველოს დესკის ხელმძღვანელი ქეთევან შენგელია „ქალების ნარატივში“

 

 

-რას მოიაზრებს პროგრამა „შემოქმედებითი ევროპა“?

-„შემოქმედებითი ევროპა“ არის ევროკავშირის პროგრამა, რომელიც პირდაპირი დაფინანსებით ეხმარება ხელოვნების სექტორს. ევროპული პროგრამები, როგორც წესი, ძლიერ, შემდგარ ორგანიზაციებს აფინანსებენ, ეს კი გამონაკლისია, ეხმარებიან ექსპერიმენტალურ კულტურას. პროგრამა 7 წლიანია. საქართველო არის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პირველი ქვეყანა, რომელიც ოფიციალურად გაწევრიანდა ამ პროგრამაში. მე კი გავხდი პროგრამის საქართველოს დესკის ხელმძღვანელი; ეს გულისხმობს წარმომადგენლობას, ჩვენ ვართ ერთგვარი ელჩები. დაფინანსება კულტურისა და ხელოვნების სფეროში ყოველთვის საჭიროა და ყოველთვის ჭირს.  
 

 

-რა კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა საჭირო დაფინანსების მისაღებად?

-პროგრამა ძირითადად ორგანიზაციებს აფინანსებს, მაგრამ იმდენად ღიაა, რომ წესდებაში რაღაც მაინც უნდა ეწეროს კულტურაზე და მსურველს უკვე შეუძლია შეიტანოს განაცხადი. მარტივი არაა, მაგრამ ჩვენ ვეხმარებით დაინტერესებულ ორგანიზაციებს, ვაყენებთ სწორ გზაზე და ვაკავშირებთ ევროპელ პარტნიორებთან. დაინტერესებული ბევრია. თუ იმ ეტაპზე მზად არ არიან, ვურჩევთ, რომ შემდეგი წლისთვის მოემზადონ.  

 

-უფრო კონკრეტულად, რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ორგანიზაცია, რომ პროგრამის დაფინანსება მიიღოს?

ორგანიზაცია 2 წლის განმავლობაში უნდა არსებობდეს, უნდა ჰქონდეს მინიმალური კონცეფცია მაინც და ის უნდა ერგებოდეს ევროპული კულტურის პოპულარიზაციას. აღსანიშნავია, რომ ჩვენი რეგიონიდან ყველაზე მეტი პროექტი საქართველოში დაფინანსდა, კონკრეტულად, 5 წლის განმავლობაში - 31, რაც თანხობრივად მილიონ-ნახევარ ევროზე მეტს შეადგენს. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ პროგრამა პროექტებს 100%-ით არ აფინანსებს, ეს ევროკავშირის ერთგვარი წესია, შესაბამისად, ორგანიზაციებმა თვითდაფინანსება დამატებით უნდა მოიძიონ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პროგრამა საკმაოდ დიდ პროცენტს გასცემს, უფრო კონკრეტულად, 70%-ს პრეფინანსირებით, დამატებითი საგარანტიოების გარეშე და ა.შ. ჩვენ საპილოტედ გავუშვით პროექტი - „შემოქმედებითი ევროპის“ ბენეფიციარების თანადაფინანსების კონკურსი, რომელიც მეტ-ნაკლებად ავტომატური კონკურსი იყო, შევეცადეთ რომ უკვე პროგრამის ბენეფიციარებისთვის დამატებით 20% მიგვეცა. როდესაც ასეთი სქემა არსებობს ქვეყანაში, საქართველო ავტომატურად ხდება უფრო მიმზიდველი პარტნიორი.

  

-თუ განხორციელდა ამ პერიოდის განმავლობაში პროექტები?

ბევრი განხორციელდა, ზოგი მიმდინარეა. მაგალითად, „სინედოკი“ 5 წელია იღე ბს დაფინანსებას „შემოქმედებითი ევროპის“ ფარგლებში. ასევე ჩვენი პროგრამის ბენეფიციარია „არქიტექტურის ბიენალე“ - ეს პროექტი საქართველოს ლიდერობით განხორციელდა. ზოგადად, იქმნება ხოლმე კონსორციუმი და აქედან ერთ-ერთი ქვეყანა არის კოორდინატორის ამპლუაში. 

 

-როგორც ვიცი, წარმოდგენილია 2 ქვეპროგრამა: კულტურისა და მედიის მხარდაჭერის თვალსაზრისით; მედიას როგორ ეხმარებით?

-მედიაში დაფინანსების 14 სქემაა; ჩვენ პირდაპირი წვდომა გვაქვს 4 მათგანზე, რადგან არ ვაკმაყოფილებთ ევროკავშირის აუდიო-ვიზუალურ დირექტივას. აქ იგულისხმება სხვადასხვა პირობები: Stream Sharing-ის პლატფორმები, პირატობის კანონი და ა.შ. ამაზე მიმდინარეობს მუშაობა, არის ახალი კანონმდებლობის „დრაფტ“ ვერსია, რომელიც შევიდა პარლამენტში და რამდენიმე წელია მიმდინარეობს განხილვა.  

 

-ვისაუბროთ თქვენს სტარტაპ „რიკტაფელაზეც“; როგორც ვიცი სახელი ძველ ქართულ თამაშს უკავშირდება, უფრო ზუსტად რას გულისხმობს ეს?

-ამ თამაშს ქართული კრიკეტს ეძახიან. პროდუქცია კი ნუშის „სნექებს“ მოიცავს; ამ ეტაპზე, 8 სახეობის პროდუქტია წარმოდგენილი. ნუშის ბაღი მარნეულში გვაქვს და  პირველი სერიოზული მოსავალი დაემთხვა პანდემიას, გაჭირდა რეალიზაცია, არ გვინდოდა უბრალოდ ნუშის ჩაბარება, თანაც დაბალ ფასად, ამიტომ გადავწყვიტეთ ასე გადამუშავებული სახით გაგვეყიდა. მაგალითად, წარმოდგენილია შავ და თეთრ შოკოლადში ამოვლებული მოხალული ნუში, ასევე ნუში კარამელიზებული აჯიკით და ა.შ. ჩამოვიტანეთ გარკვეული აპარატურაც, ვცდილობთ ქართულ გემოებსაც გავუსვათ ხაზი; პროდუქცია უკვე ხვდება გარკვეულ აგრომარკეტებში, ასევე soplidan.ge-ზე, სადაც ჩვენი ნუშიც იყიდება. პროდუქციაში არ ვიყენებთ დანამატებს, გავლილი აქვს ლაბორატორიული კვლევა. ჩვენი ნუშია არის ქართულზე დაყრდნობილი იტალიური, ევროპული ძირები. ჩვენი ბაღი ერთ-ერთი პირველი ნუშის ბაღი იყო საქართველოში, 7 წელია გვაქვს და შარშან პირველი საგრძნობი მოსავალი გვქონდა - ტონა-ნახევარი. ახლა ვიწყებთ მოლაპარაკებებს „ნიკორასა“ და „აგროფაბთანაც“.

 

-აღსანიშნავია, რომ ფლობთ ინგლისურ, რუსულ, ჩინურ და იტალიურ ენებს; ამას როდის უთმობთ დროს?

-ვფიქრობ, მარტივად ვითვისებ ენებს, თანაც ბავშვობიდან ორენოვანი ვიყავი. სხვათა შორის, ჩინური არაა ძალიან რთული ენა, გრამატიკა მარტივია. გარკვეული პერიოდი შანხაიშიც ვმუშაობდი, კარგი გამოცდილება მივიღე. უშუზეც დავდიოდი. ჩინეთში დაახლოებით ნახევარი წელი ვიცხოვრე.  

 

-რა კუთხით დაგეხმარათ საერთაშორისო გამოცდილება?

-საერთაშორისო გამოცდილებით აღმოვაჩინე, რომ როცა იდეა გაქვს, ამაზე უნდა ისაუბრო და მზად არიან თანამშრომლობისთვის, მით უმეტეს, ევროპაში. მაგისტრატურაში იტალიაში ვსწავლობდი და იქ, ერთ-ერთი პირობის მიხედვით, ანუ გამევლო სტაჟირება და უბრალოდ გადავწყვიტე UNESCO-ში გაგზავნა, იმედი არ მქონია. პარალელურად რომში დავიწყე სტაჟირება სხვა პოზიციაზე. საბოლოოდ, მოვიდა შეტყობინება, გამესაუბრნენ და 1 კვირაში გადავედი ვენეციაში. დავიწყე სტაჟირება და შემდეგ მთხოვეს დავრჩენილიყავი. ცოტა ხნით მართლაც დავრჩი, თუმცა იმ წელს ამერიკა გამოვიდა UNESCO-დან და მას ბიუჯეტი შეუმცირდა. იმ პერიოდში მივხვდი, რომ კულტურა არის ის სფერო, სადაც შემიძლია ჩემი გამოცდილება დავამატო, რომელსაც სჭირდება დახმარება. კულტურა არ არის მხოლოდ გართობა. ჩემს თავს ისევ კულტურაში ვხედავ. აღვნიშნავ, რომ UNESCO-მ მომცა რეკომენდაცია, რომ მუშაობა ეროვნულ კომისიაში გამეგრძელებინა, ასევე გადავწყვიტე რეზიუმე კულტურის სამინისტროშიც შემეტანა და შემომთავაზეს პოზიცია საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, აქ ვმუშაობდი ევროინტეგრაციის მიმართულებით, ასოცირების ხელშეკრულებაზე, ხელშეკრულებაზე თუ როგორ გავწევრიანდეთ „შემოქმედებით ევროპაში“.

 






სტუმარი: ქეთევან შენგელია - ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპის“ საქართველოს დესკის ხელმძღვანელი.