მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ ენდობიან ძიძებს საქართველოში? - ნინო დვალიძე ქალების ნარატივში

BM.GE
03.03.21 11:30
598

მშობლებისა და ძიძების დამაკავშირებელი პლატფორმა - My Nanny-ს დამფუძნებელი ნინო დვალიძე „ქალების ნარატივში“

 

-რამდენად დიდი პრობლემაა ძიძების დეფიციტი საქართველოში?

-ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა, რაც My Nanny-ს შექმნამდე არსებობდა. საკმაოდ მოუწესრიგებელი სფერო იყო და გადავწყვიტე ამის მოგვარებაში ჩემი წვლილი შემეტანა. ეს გულისხმობდა სიტუაციის ორი მიმართულებით გაუმჯობესებას. პირველი გულისხმობს ძიძის განათლების მხრივ გარკვეული სტანდარტის შექმნას და მეორე კი არის ერთგვარი სკრინინგის ეტაპები, თუ რა ქმნის სანდოობას. ვიდრე ამას დავიწყებდით, მშობლებსაც ვკითხეთ რა აუცილებელ ცოდნას მოიაზრებდნენ ძიძობისთვის, ვკითხეთ დარგის ექსპერტებსაც. მე გამოვიყენე კავშირები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სადაც 8 წელი ვმუშაობდი. ის ბავშვის განვითარებისა და ფსიქოლოგიის კუთხით ერთ-ერთი წამყვანი დაწესებულებაა. მათ ექსპერტებთან ერთად შევიმუშავეთ საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც დღეს უფასოდ ვთავაზობთ ყველა იმ ძიძას, რომელიც ჩვენს სერვისში ერთვება. ეს უკვე მნიშვნელოვან ცვლილებას იწვევს ამ მიმართულებით და მგონია, რომ უახლოეს წლებში ეს ბავშვებზეც აისახება. სამწუხაროა ის, რომ განათლების კუთხით, სკოლამდე ბავშვთან მიმართებაში დიდად არაფერი კეთდებოდა, ამ დროს, სხავადასხვა ასაკში სხვადასხვა გამოწვევები აქვს ბავშვს და მნიშვნელოვანია რომ ძიძამ აქ პოზიტიური როლი შეასრულოს.

 

-რამ იყო პლატფორმის შექმნის ინსპირაცია?

-2 შვილის დედა ვარ და საქმიანობისა და მათი შეთავსება მიწევდა. ასევე ჩემს გარშემო ვხედავდი ბევრ ადამიანს, ვისაც ამის გამო პრობლემა ექმნებოდა. ტექნოლოგია არის ის, რაც ამ სიტუაციას ამარტივებს. პლატფორმა 2 მხარეს, ძიძას და მშობელს ძალიან სწრაფად აკავშირებს. მშობელს თუნდაც 2 საათით ადრე შეუძლია იპოვოს მისთვის საჭირო ადამიანი, მოახდინოს მისი იდენტიფიცირება.  

ნდობა ჩვენი პლატფორმის ერთ-ერთი უმთავრესი ღერძია. როდესაც მედიასა თუ სოციალურ ქსელებში დავიწყეთ საუბარი, პლატფორმით ბევრი ადამიანი დაინტერესდა, სურვილი ჰქონდათ პროცესში ჩართვისა, თუმცა ბუნებრივია, ყველა ვერ ხვდება პლატფორმაზე. თითოეულმა მათგანმა უნდა გადალახოს ფსიქოლოგთან გასაუბრება, საჭიროა, ნასამართლეობის ცნობის წარმოდგენა, რეკომენდატორი მშობლის ინფორმაციის გაზიარება, პირადობის მოწმობა. ზოგადად, ამ სტანდარტით არ იყო უსაფრთხოების სტანდარტი. პრობლემა იყო არა მხოლოდ დეფიციტი, არამედ ნდობის ფაქტორი და რიგ შემთხვევებში, ამის გამო ადამიანები თავს იკავებდნენ. 

 

-ამ ეტაპზე, რამდენი ძიძაა გაერთიანებული პლატფორმაზე? 

-პლატფორმაზე დაახლოებით 500-მდე ადამიანია, ისინი, ვინც ყველა საფეხური გადალახა. ერთი შეხედვით, დიდია რაოდენობა, თუმცა ისინი არ არიან მხოლოდ ტრადიციული ძიძები. პლატფორმაზე ჩართულები არიან მათ შორის, სტუდენტები, ახალი კურსდამთავრებულები, ბაღის აღმზრდელები და მასწავლებლები და აქვთ საშუალება სამუშაო მორგებული იყოს მათ გრაფიკზე, ეს შეიძლება იყოს თუნდაც დღის განმავლობაში 2 საათი. ეს მშობლისთვისაც ეფექტურია, იმიტომ რომ ყველა მშობელს არ სჭირდება ძიძა სრულ განაკვეთზე, მით უმეტეს, როცა ბავშვი უკვე სკოლის მოსწავლეა, თუმცა დახმარება 12 წლის ასაკამდე მაინც საჭიროა. ასეთი ტიპის საქმიანობაში სტუდენტები აქტიურად ერთვებიან და ზოგჯერ უკეთაც გამოსდით გარკვეული ასაკის ბავშვებთან ურთიერთობა.

სპექტრი გაიზარდა, ჩვენი ძიძები ზრუნავენ, რომ ბავშვებს ინტერესების შესაბამისი აქტივობები შესთავაზონ, სკოლის საგნებში დაეხმარონ და ა.შ. მშობლებსაც შეუძლიათ საჭიროებების შესაბამისად შეარჩიონ ძიძა.

 

-რამდენადაც ვიცი, პლატფორმა საქართველოს ფარგლებს გასცდა...

-მიხარია, რომ საქართველოს გავცდით და პირველ ნაბიჯებს ვდგამთ უკრაინაში, მომავალში მოვიაზრებთ ევროპას, უფრო მასშტაბურად, იმედი გვაქვს პლატფორმა ბრიტანეთშიც გამოჩნდება.  საქართველოში დაინტერესება დიდი იყო, სულ რაღაც 5 თვეში, დაახლოებით 10 000-მდე მშობელი გაწევრიანდა. ბოლო კვირების განმავლობაში, ყოველკვირეული ზრდა დაახლოებით 25%-ია, რაც სტარტაპისთვის საკმაოდ დიდი ზრდაა. ამან გადაგვაწყვეტინა, რომ უკრაინაშიც გავსულიყავით, იმიტომ რომ იქაც, ეს სერვისი არაა ისე ორგანიზებული, როგორც ამერიკაში ან ევროპის სხვა ქვეყნებში.  

 

-რა არის თქვენი მიზანი 2021 წელს?

-აქამდე საკონსულტაციო სფეროში ვიყავი განათლების მიმართულებით, თუმცა უკვე ვხედავ იმის საჭიროებას, რომ სრულად ამ სტარტაპზე გადმოვერთო. მარტო არ ვარ, მყავს გუნდი, რომლის წვლილი ამ საქმეში უზარმაზარია. ორი თანადამფუძნებელი ინგლისში ვცხოვრობთ, თანამშრომლების დიდი ნაწილი საქართველოშია, ასევე თანამშრომლები გვყავს ინდოეთში.  

 

-რამდენიმე წლიან პერსპექტივაში, სად ხედავთ My Nanny-ს?

-ერთი წლის წინ მივიღეთ GITA-სგან 100 000 ლარიანი გრანტი ამ პროექტის განსახორციელებლად. ერთი წლის წინ გამიჭირდებოდა იმის თქმა, რომ შეიძლებოდა თუნდაც უკრაინაში გავსულიყავით. ახლა უკვე ვხედავ რომ ეს ყველაფერი ძალიან ხელშესახებია. სერვისი ყველგან რელევანტურია, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ, პლატფორმას საზღვარგარეთაც ისე აიტაცებენ, როგორც ეს საქართველოში მოხდა.  ასევე აღვნიშნავ, My Nanny ძალიან სწრაფად მოხვდა 500 startups-ის აქსელერაციის პროგრამაში. 4-თვიანი პროგრამა, თავის მენტორებთან ერთად გვეხმარება პლატფორმის სწრაფად განვითარებაში.




სტუმარი: ნინო დვალიძე - My Nanny ; დამფუძნებელი