18.იანვარი .2023 19:21

რეფერენტული ფასები მედიკამენტებზე

231
უკან

დღეს მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო თემაზე, რომელიც კვირის დასაწყისში ყველაზე აქტუალურ თემად ჩამოყალიბდა – მედიკამენტების რეფერენტული ფასები – რაც ლოგიკურია, რადგან შეეხება ყველას.

რაც უკვე ზუსტად ვიცით ის არის, რომ დადგენილზე მაღალ ფასად მედიკამენტის გაყიდვის შემთხვევაში ფარმაცევტული კომპანიები 15 მარტიდან ჯერ გაფრთხილებას, ხოლო შემდეგ ჯარიმებს მიიღებენ.

კონტროლი სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ჩაბარდა. როგორც ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, უკვე შეიქმნა ერთიანი ელექტრონული ბაზა, რომელშიც აღირიცხება ყველა ამ კონკრეტულ მედიკამენტთან დაკავშირებული ტრანზაქცია და იმ შემთხვევაში, თუ მედიკამენტი დაწესებულზე მაღალ ფასად გაიყიდება, მარეგულირებლები ავტომატურად მიიღებენ ინფორმაციას და ჯანდაცვის სამინისტროს დაპირების შესაბამისად, რეაგირებაც მყისიერი იქნება.

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონის დარღვევისთვის შემდეგი სანქციებია გათვალისწინებული: ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტულ საცალო ფასზე მაღალ ფასად რეალიზაციის წესის დარღვევა − გამოიწვევს გაფრთხილებას; იგივე დარღვევის განმეორება გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით; ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტულ საბითუმო ფასზე მაღალ ფასად რეალიზაციის წესის დარღვევა − გამოიწვევს გაფრთხილებას; იგივე დარღვევის განმეორება გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. დარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო გამეორება – გამოიწვევს დაჯარიმებას 30 ათასი ლარის ოდენობით.

რეფერენტული ფასი პირველ ეტაპზე 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ბაზრის დაახლოებით 20%–ს მოიცავს. რის მოლოდინიც სექტორს ამ ეტაპზე შეიძლება ჰქონდეს ის არის, რომ დღეისთვის ბაზარზე რეგისტრირებულ 14 ათასამდე სხვადასხვა მედიკამენტზე, რეფერენტული ფასები ჯამში სამ ეტაპად დაწესდება. დარჩენილია ორი ეტაპი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

საქართველოს პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს აქვს ნათქვამი, რომ ამ ნაბიჯმა წამლები დამატებით კიდევ 40%–ით უნდა გააიაფოს. დამატებით იმიტომ, რომ პრემიერის შეფასებით, თურქეთის ბაზრის გახსნამ წამლებზე ფასი 60–80%–ით უკვე შეამცირა. ჩვენი მოქალაქეები 200 მილიონ ლარზე მეტს დაზოგავენ – ეს იყო პრემიერის მთავარი გზავნილი თურქეთის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის სამინისტროსგან მხოლოდ ის ვიცით, რომ რეფერენტული ფასების დადგენაზე მთავრობამ ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად იმუშავა. რია–ს დოკუმენტი, რომელიც ლოგიკურად უნდა მომზადებულიყო, რადგან რეფერენტული ფასების დაწესება სერიოზულად ცვლის ბიზნესისთვის ბაზარზე თამაშის წესებს და შესაბამისად, კარგი იქნებოდა, ეს გავლენა წინასწარ დათვლილი და გათვლილი ყოფილიყო – ლოგიკურობის მიუხედავად, ასეთი დოკუმენტი ან არ არსებობს, ან უკეთეს შემთხვევაში, ჩვენ არ გვინახავს, რაც უცნაურია, რადგან რია ზოგადად ტარდება იმისთვის, რომ ბაზრის ყველა მოთამაშე – მათ შორის, მომხმარებელიც მზად იყოს იმ ცვლილებებისთვის, რაც ახალმა რეგულაციამ შეიძლება მოიტანოს.

ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელისგან გუშინ საქმიან დილაში ისიც კი მოვისმინეთ, რომ სექტორს ისღა დარჩენია, დაელოდოს რა შედეგებს მოიტანს რეფერენტული ფასების დაწესება სახელმწიფოს მხრიდან და პოსტ–ფაქტუმ მოერგოს შეცვლილ ვითარებას ბაზარზე.

გარკვეულ მედიკამენტებზე ბაზარზე შექმნილ დეფიციტს, როგორც რისკს გამორიცხავს ჯანდაცვის მინისტრი. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მედიკამენტზე ხელოვნური დეფიციტი ვერ შეიქმნება და ბიზნესის მხრიდან ამის მცდელობის შემთხვევაში, სამინისტროს შესაბამისი რეაგირება ექნება.

აზარაშვილის თქმითვე, საბოტაჟის მცდელობას ადგილი თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის საწყის ეტაპზეც ჰქონდა, როცა ბიზნესი შესაბამისი ოდენობის მედიკამენტების იმპორტს არ ახორციელებდა, თუმცა, მისივე თქმით, კონკურენციის სააგენტოსთან ერთად სწორი მექანიზმი შემუშავდა.

“ფარმაცევტული ბაზრის ოპერატორებისთვის კატეგორიულად მიუღებელია ბრალდებები „სავარაუდო“, “თეორიულ“ დარღვევებზე და წინასწარ დაანონსებულ საბოტაჟურ მოქმედებებზე, რაც ამ დარგის წარმომადგენლების მიმართ ბოლო პერიოდში ვრცელდება. ამასთან, გაუგებარია თუ რას ემსახურება ამ სახის განცხადებები. ჩვენი ასოციაციის წევრები სრულიად ემიჯნებიან მსგავს უკანონო ქმედებებს და საქართველოს კანონის დაცვით, აგრძელებენ ქვეყნის მოსახლეობის მაღალი ხარისხის მედიკამენტებით უზრუნველყოფას და კვალიფიციური მომსახურეობის გაწევას” – ასე გამოეხმაურა ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრს.

სტუმრებთან ერთად გავაანალიზებთ ჯანდაცვის სექტორში მორიგი რეგულაციის გავლენას.

სტუმრები: ვახტანგ კალოიანი - ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი;

ანდრია ურუშაძე - ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი.