მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეფორმა სარკინიგზო სექტორში - რას შეცვლის ახალი სააგენტო?

BM.GE
05.04.23 11:58
384
სარკინიგზო სექტორს ახალი ზედამხედველი ეყოლება. მთავრობა ახალ სსიპ-ს , სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს ქმნის, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ქოლგის ქვეშ იმუშავებს და სარკინიგზო სექტორს ზედამხედველობას და მონიტორინგს გაუწევს. სარკინიგზო კოდექსში ცვლილებების განმარტებით ბარათში წერია, რომ საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტი თითქმის სრულად დაურეგულირებელ დარგს წარმოადგენს, „საქართველოს რკინიგზას კი აქვს ფუნქციები“, რომელიც თავისი შინაარსით სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს და კომპანიას თავისი კომერციული ინტერესების სრულად რეალიზებაში ხელს უშლის. 


გარდა იმისა, რომ დღეს სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეგულირებასა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი სუბიექტი არ არის განსაზღვრული, მემანქანეთა მართვის მოწმობების გაცემა და სერტიფიცირებაც საქართველოს რკინიგზის მიერ ხორციელდება. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის განმარტებით, ამ მიმართულებას ახალი სააგენტო სრულად დაფარავს. 

სარკინიგზო კოდექსში ცვლილებებში მნიშვნელოვანია გარემოებაა ისიც, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს სარკინიგზო სუბიექტების შემოწმება მოსამართლის ბრძანების გარეშე შეეძლება. კანონპროექტის თანახმად, სააგენტო ფუნქციონირებას დაახლოებით 1,5 წელიწადში დაიწყებს. ამ ეტაპზე სააგენტოში 12 საშტატო ერთეულია გაწერილი. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში სააგენტოს ბიუჯეტი 1,5 მილიონი ლარი იქნება. 

ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტის ავტორია, განმარტავს, რომ ცვლილებები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგს წარმოადგენს. ჯამში 8 ევროდირექტივა არსებობს სარკინიგზო მიმართულებით, საიდანაც სამი უკვე შესრულებულია.

სტუმარი: პაატა ცაგარეიშვილი, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი