06.ოქტომბერი .2022 11:24

საბიუჯეტო ორგანოებში ხელფასები იზრდება - ბიუჯეტი 2023

152
უკან

2023 წელს საბიუჯეტო ორგანოებში სახელფასო ფონდი იზრდება. 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, შრომის ანაზღაურებისთვის მომავალ წელს 2 212 258 600 ლარი დაიხარჯება, რაც 2022 წლის გეგმასთან შედარებით, 377 844 600 ლარით მეტია (2022 წლის გეგმა 1 834 414 000 ლარი).

აღსანიშნავია, რომ ხელფასების ზრდა დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის ხარჯზე არ იგეგმება, ზოგიერთი სამინისტროს შემთხვევაში კლებაც კია დაგეგმილი. მაგ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - დასაქმებულთა რაოდენობა კვლავ 46 ადამიანი იქნება, შრომის ანაზღაურებაზე კი 1 430 000 ლარის ნაცვლად 1 800 000 ლარია გამოყოფილი. 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კვლავ 5 168 ადამიანი იქნება, შრომის ანაზღაურებაზე კი 59 004 800 ლარის ნაცვლად, 64 900 000 ლარია გამოყოფილი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობა 524 კაციდან 563 ადამიანამდე იზრდება, შრომის ანაზღაურებაზე კი 14 626 900 ლარის ნაცვლად, 17 967 000 ლარია გამოყოფილი. 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ასევე 318 ადამიანი იქნება დასაქმებული, შრომის ანაზღაურებაზე კი 11 605 000 ლარის ნაცვლად, 12 730 000 ლარია გამოყოფილი.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - 5 091 ადამიანი იმუშავებს, შრომის ანაზღაურებაზე კი 96 191 400 ლარის ნაცვლად, 111 460 000 ლარია გამოყოფილი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - დასაქმებულთა რაოდენობა 2 884 ადამიანიდან 2 808 ადამიანამდე შემცირდება. შრომის ანაზღაურება კი 49 669 400 ლარიდან 58 110 000 ლარამდე გაიზრდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - დასაქმებულთა რაოდენობა არ იცვლება და 2022 წლის გეგმის მსგავსად 2023 წელსაც 784 ადამიანი იქნება, შრომის ანაზღაურებაზე კი 12 062 600 ლარის ნაცვლად, 13 869 900 ლარია გამოყოფილი.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მომავალ წელსაც 40, 646 ადამიანი იქნება დასაქმებული. ანაზღაურებაზე კი 476 768 400 ლარის ნაცვლად, 605 025 000 ლარია გათვალისწინებული.

30 500 ადამიანი იმუშავებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, შრომის ანაზღაურებაზე კი 583 026 000 ლარის ნაცვლად, 729 026 000 ლარია გამოყოფილი.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - დასაქმებულთა რაოდენობა 3 657 კაციდან 3 697 ადამიანამდე, შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი თანხა კი 56 502 400 ლარიდან, 62 598 000 ლარამდე გაიზრდება.

1 520 ადამიანი იმუშავებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში - შრომის ანაზღაურებაზე ნაცვლად 28 012 900 ლარისა, 31 499 800 ლარი დაიხარჯება.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში კვლავაც 6 901 ადამიანი იმუშავებს, შრომის ანაზღაურებაზე კი 72 987 800 ლარის ნაცვლად, 79 904 000 ლარია გამოყოფილი. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო მოხელეების ანაზღაურება ყოველწლიურად 10%-ით უნდა გაიზარდოს.

სტუმარი: ბესო ნამჩავაძე - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი;