22.აპრილი .2021 15:56

სამკაულები, როგორც არტ-ობიექტები - ეკატერინე აბესაძის ნარატივი

უკან

"ჩემი ნამუშევრები ექსკლუზიურია, შესაბამისად, ისინი არ მეორდება" - მხატვართა კავშირის წევრი, დიზაინერი ეკატერინე აბესაძე „ქალების ნარატივში“

 

-რამ განაპირობათქვენი ამ საქმით დაინტერესება?

-მე-3 კლასიდან უკვე ვაკეთებდი, თუმცა ალბათ ესეთი დავიბადე.

 

-ახლა რა ტიპის კოლექციებზე მუშაობთ?

-ამ ეტაპზე, ძირითადად, კლასიკურ კოლექციაზე ვმუშაობ, როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის. ყოველთვის ვცდილობ განვითარდე. დავდივარ გამოფენებზე, ჩამომაქვს საღებავები, სიახლეები. 

 

-ამ მხრივ, პანდემიამ რა გავლენა იქონია?

-ძალიან ცუდად იმოქმედა, ბევრი გამოფენა ჩამეშალა, მათ შორის ჩემი პერსონალური, უნდა წარვმდგარიყავი 200 ნამუშევრით, ამისთვის 8 თვე ვშრომობდი.

 

-გაქვთ ისეთი ნამუშევრები, რომლებსაც არასოდეს გაყიდით? 

-დიახ, მაქვს. 

 

-პანდემიის ფაქტორს თუ არ გავითვალისწინებთ, შეიძლება ითქვას, რომ ეს ბიზნესი მომგებიანია?

-დიახ, ნამდვილად. ჩემი ნამუშევრები საკმაოდ ძვირი ღირს, იმიტომ რომ პროცესი შრომატევადია, ვიყენებ საუკეთესო მასალას, ძირითადად ჩამომაქვს უცხოეთიდან. არასდროს არ მენანება მასალა. 

 

-სად იქმნება თქვენი ნამუშევრები?

-სახლში მაქვს სახელოსნო, ჩემი კუთხე თავისი სამუშაო მაგიდით.როცა სამუშაოდ ვჯდები, ეს ადგილი ჩემი ხდება და სხვა „განზომილებაში“ გადავდივარ. ვაკეთებ იმას, რაც ყველაზე მეტად მახარებს.

 

-რა დროს უთმობთ სამუშაოს დღის განმავლობაში?

-დიდ დროს, შეიძლება დღე-ღამეც ვიმუშავო, როცა მინდა ესა თუ ის ნამუშევარი მალე დავასრულო. ჩემი სამკაულები საზღვარგარეთაც იყიდება. 

 

-დღეს როგორ ახერხებთ ნამუშევრების საზღვარგარეთ რეალიზებას?

-ძირითადად, მყავს ჩემი მომხმარებლები, რომლებიც მიკვეთავენ და ვუგზავნი ფოსტით. გავააქტიურე ონლაინ მიმართულებაც.

 

-თქვენი ნამუშევრების „კოპირებას“ თუ აქვს ხოლმე ადგილი?

-ცდილობენ ხოლმე მსგავსი გააკეთონ, ეს, გარკვეულწილად, მსიამოვნებს კიდეც.მე ყველა ნამუშევარი ექსკლუზიური მაქვს, რადგან ისინი არ მეორდება. როცა სამუშაო მაგიდასთან მივდივარ, წინასწარ არ ვიცი რას ვაკეთებ.  ჩემთვის სამუშაო განმტვირთველია. დიდ თანხას ვდებ მასალაში, თუმცა არ მენანება. 

 

-სხვა პროფესიაზე თუ გიფიქრიათ?

-მიფიქრია, იმ პერიოდში, მიღებული იყო ექიმის და იურისტის პროფესიის არჩევა, ამიტომ ექიმობაზეც ვფიქრობდი, თუმცა ხელოვნების მიმართულებამ სძლია. მინდა ჩემი კვალი დავტოვო, თუნდაც წიგნის სახით. ახლა მაგისტრატურას ვამთავრებ, მინდა დოქტორანტურაშიც ჩავაბარო - მიმართულება ისევ სამკაულს უკავშირდება, მინანქარს.

 

სტუმარი: ეკატერინე აბესაძე - საქართველოს მხატვართა კავშირის წევრის, დიზაინერი