29.ივნისი .2022 12:59

საქართველომ ხორბლისა და ქერის ექსპორტი აკრძალა

142
უკან

საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ბოლო წლებში საშუალოდ ასი ათასი ტონა ხორბალი იწარმოება, კერძოდ კი 2020 წელს ადგილობრივმა წარმოებამ 102 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო მთლიანმა მოხმარებამ კი 735 ათასი ტონა. 2017 წლიდან 2020 წლამდე ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 15%-ს შეადგენს, რაც წინა წლების მაჩვენებლებზე შედარებით მაღალია, თუმცა თვითუზრუნველყოფის ზრდის დიდი ნაწილი ხორბლის გამოყენების შემცირებისგან მოდის. საქართველოში ხორბლის გამოყენების შემცირება შეინიშნებოდა 2014-2016 წლებშიც, როდესაც ხორბლის ფასმა საგრძნობლად დაიკლო. 2006 წელთან შედარებით 2020 წელს ხორბლის ჯამურმა გამოყენებამ 29.3%-ით ნაკლები შეადგინა. ასევე შემცირდა ექსპორტი, დანაკარგები და პირუტყვის საკვების სახით გამოყენება. ხორბლის სასურსათოდ მოხმარება ბოლო 15 წელიწადში უცვლელია და საშუალოდ 653 ათას ტონას შეადგენს.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ანალიტიკისა და კვლევის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში ხორბლის ნათესი ფართობი საშუალოდ 45-50 ათასი ჰექტარია. ნათესი ფართობისგან განსხვავებით, ხორბლის მოსავალი შედარებით მზარდია. 2021 წელს ქვეყანაში 136.1 ათასი ტონა ხორბლის მოსავალი მოვიდა, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 33%-ით აღემატება. 

ამავე პუბლიკაციის მიხედვით, 2021 წელს რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული ხორბლის 92.1%-ი რუსულ ხორბალზე მოდიოდა, რაც ერთ ბაზარზე მაღალ დამოკიდებულებას ნიშნავს. ხოლო 2021 წლის სექტემბრის შემდეგ, რაც ხორბლის იმპორტის ფქვილით ჩანაცვლების ტენდენცია გამოიკვეთა, 2022 წლის I კვარტლისთვის, ქვეყანაში იმპორტირებული 31.7 ათასი ტონა ფქვილიდან 99.1% რუსეთიდან შემოვიდა.