27.სექტემბერი .2021 15:07

საქართველოში შრომის პროდუქტიულობა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია

105
უკან

შრომის პროდუქტიულობა უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ინდიკატორია, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ზრდასთან, კონკურენციასთან და მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტთან. შრომის პროდუქტიულობა აჩვენებს, რა წვლილი აქვს თითოეულ მომუშავეს მთლიან შიდა პროდუქტში, რომელიც იზომება დასაქმებულთა რაოდენობის ან მათ მიერ ნამუშევარი საათების მიხედვით. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას შრომის პროდუქტიულობის დათვლის შემდეგი მეთოდოლოგია აქვს: მშპ მიმდინარე ფასებში გაყოფილი დასაქმებულთა რიცხვნობაზე - ასე ითვლება თითოეული დასაქმებულის წვლილი. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, საქართველოში შრომის პროდუტიულობა 31 ათას დოლარს აღემატება, რაც რეგიონის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია. შრომის პროდუქტიულობის უარესი მაჩვენებელი აზერბაიჯანს აქვს და ეს არის 29 659 დოლარი. სამაგიეროდ საქართველოზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება სომხეთში, სადაც თითოეული დასაქმებულის საშუალო შრომის პროდუქტიულობა წელიწადში 40 ათასი დოლარია. საქართველოსთან შედარებით ორმაგი პროდუქტიულობა ფიქსირდება რუსეთში, სადაც თითოეული დასაქმებულის წვლილი საშუალოდ 56 ათასი დოლარია. მკვეთრად მაღალია შრომის პროდუქტიულობა თურქეთში და 81 ათას დოლარს აღემატება.

არადა შრომის ბაზარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელსაც ინვესტორები აფასებენ. დასაქმების ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის რომ დისბლანანსია, ეს დიდი ხანია ვიცით და არაერთმა კვლევამ დაადასტურა. სპეციალისტების და სამუშაო ძალის ნაკლებობა ერთ-ერთი მთავარ პრობლემად დაასახელეს საქართველოს უმსხვილესი ბიზნესასოციაციის - BAG-ის წევრებმაც.

სტუმარი: მედეა ტაბატაძე - საკონსულტაციო და რეკრუტინგულ კომპანია Insource-ის მმართველი პარტნიორი