მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეძლებს თუ არა საქართველო გახდეს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ჰაბი?

BM.GE
02.05.22 12:54
496
უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად შავ ზღვაში უკრაინის პორტები პრაქტიკულად გაჩერებულია, რუსეთის პორტები კი შეფერხებით მუშაობენ. რამდენიმე კვირაა რაც რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი პორტი, ნოვოროსისკი, ყაზახური ნავთობის გატარებაზე უარს აცხადებს, მიზეზად ერთი თვის წინ, შტურმის გამო დაზიანებული ინფრასტრუქტურა სახელდება. 

სწორედ ამ ავარიის გამო “კასპიის მილსადენის კონსორციუმმა” ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება შეაჩერა. მილსადენის გამტარობა დღეში 1.1 მილიონი ბარელი, წელიწადში კი თითქმის 61 მილიონი ტონა იყო, აქედან უდიდესი ნაწილი - 53 მილიონი ტონა - ყაზახურ ნავთობზე მოდიოდა. სწორედ ეს იყო მთავარი სატრანსპორტო დერეფანი ყაზახური ნავთობისთვის. ნოვოროსისკის პორტში ავარიიდან ძალიან მალევე ყაზახურმა მხარემ ალტერნატიული გზების ძებნა დაიწყო. სხვათა შორის არსებობს ეჭვები, რომ რუსეთმა ავარიის შესახებ მოიტყუა, რათა ყაზახური ნავთობი ევროპაში არ გაეტარებინა. 

რუსული პორტის შეფერხებიდან ერთი კვირის თავზე საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და ყაზახეთს შორის ხელი მოეწერა „ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის“ შესახებ ოთხმხრივ დეკლარაციას. მხარეები თანხმდებიან, რომ უნდა იზრუნონ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობის გაუმჯობესებაზე, ხაზი გაესვა სამშენებლო სამუშაოების დასრულების მნიშვნელობასაც. 

ოდნავ მოგვინებით, აპრილის დასაწყისშივე ცნობილი გახდა, რომ საქართველოში 3 მილიონამდე ტონა ყაზახური ნავთობის გატარებაა დაგეგმილი. ამ მოცულობის ნავთობმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე 2022-2023 წლებში უნდა გაიაროს, შემდეგ კი მოცულობები გაიზრდება. ასევე მიმდინარეობს მუშაობა ამ დერეფანში მშრალი და საკონტეინერო ტვირთის გადმომისამართებაზე. 

შემდეგ იყო ყაზახური მხარის ვიზიტი საქართველოში და არაერთი შეხვედრა: პრემიერმინისტრთან, ეკონომიკის მინისტრთან, საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელთან. ქართული მხარე მკაფიოდ აფიქსირებს, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო-სატრანსპორტო პარტნიორობა უნდა გაღრმავდეს. 

"საქართველო მზადაა ცენტრალური აზიის ქვეყნების ტვირთების ევროპაში ტრანსპორტირებისთვის" - ეს განცხადება უკვე საქართველოს ეკონომიკის სამინსიტროს ეკუთვნის, რომელიც გასულ კვირას გავრცელდა ყაზახეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლისა და ლევან დავითაშვილის შეხვედრის შემდეგ. თავად ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ყაზახეთთან ერთად საქართველო აზერბაიჯანთან და თურქეთთან აგრძელებს მუშაობას, რათა შუა დერეფანმა მაქსიმალური კონკურენტუნარიანობა შეიძინოს და დაიტვირთოს.

რამდენად არის მზად სამხრეთ კავკასიის რეგიონზე გამავალი სატრანზიტო დერეფანი და ამ დერეფანში საქართველო დამატებითი ტვირთების მოსაზიდად და იმ დისბალანსის შესავსებად, რომელიც უკრაინაში არსებული ომის გამო გადაზიდვებში შეიქმნა?

სტუმარი: ლევან სულაბერიძე - ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარე;