მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„Starbucks საქართველოში აუცილებლად შემოვიყვანდი“ - სონია ნიკოლაძე ქალების ნარატივში

BM.GE
08.02.21 11:32
892

„ღამის ეკონომიკის ძალიან ბევრი წარმომადგენელი ალბათ, ვეღარც შეძლებს გახსნას“ - არტ-კაფეს HOME-ის ივენთების მენეჯერი სონია ნიკოლაძე „ქალების ნარატივში“

 

-პირველ რიგში, ვისაუბროთ თქვენი მაღაზიის შესახებ, რომელიც მომხმარებლებს ვინტაჟურ სამოსს სთავაზობს. რამდენი ხანია, რაც დააფუძნეთ?

-2016 წელს, Art-café Home-ის ტერიტორიაზე, შიგნით გავხსენით Home Concept Store, რომელიც შემდეგ Sonia’s Vintage Store-ად ტრანსფორმირდა. ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ასეთი მაღაზია გააკეთა. ძალიან კარგად ვმუშაობდით, იქიდან გამომდინარე, რომ კარგი ტურისტული ნაკადები შემოდიოდა.

იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან „90-იანების ადამიანი“ ვარ, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ტანსაცმლის მოზომებას და ყოველთვის მირჩევნია რომ ცოცხალი ურთიერთობა მქონდეს მომხმარებელთან. ასე მას სხვანაირად შემიძლია დავანახო ესა თუ ის ნივთი.  ამ მხრივ, ამჟამად, რა თქმა უნდა, გაჩერებული ვარ, მაგრამ აღდგენას ვგეგმავ. 

 

-შევეხოთ ივენთ მენეჯმენტსაც, რა ვითარებაა დღეს ამ კუთხით?

-ჩვენი დღის რეჟიმი თავიდან ბოლომდე შეიცვალა. პანდემიამ საერთოდ გააჩერა ბიზნესი. თბილისის ღამის ეკონომიკას ჩვენ ვავითარებდით - კლუბები და პრეკლუბები. ახლა აბსოლუტურად ყველა ობიექტი დაკეტილია, 13 მარტის შემდეგ არავის გვიმუშავია, იმიტომ რომ კლუბი არის ადამიანების თავშეყრის ადგილი. ეს სფერო ალბათ ყველაზე ბოლოს აღდგება და ძალიან ბევრი ალბათ, ვეღარც შეძლებს გახსნას, იმიტომ რომ სფერო ძალიან დაზარალდა. არადა, დამიჯერეთ, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ღამისთვის და ღამის კლუბებისთვის ტურისტები ჩამოდიოდნენ საქართველოში. ვწუხვარ, რომ არანაირი ხელშეწყობა არ გვაქვს. 

 

-რა მოლოდინი გაქვთ?

-მეგონა, რომ რაღაც დახმარებები იქნებოდა. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სფერო თვითმყოფადია და თავისით განვითარდა, დახმარების იმედიც აღარ მაქვს. ევროპაში, მაგალითად, ბერლინის საკლუბო სცენის შემთხვევაში, იქაც, სტატიის მიხედვით, 2022 წლამდე ვერ შეძლებენ აღდგენას, იმიტომ რომ კლუბი მოიაზრებს ადამიანთან უშუალო კონტაქტს, შეხებას და შესაბამისად, ინფიცირების რისკი მაღალია.  

 

-მთავრობასთან გქონდათ კომუნიკაცია?

-გვაქვს ჯგუფი, სადაც იყო გარკვეული შეთავაზებები, მაგრამ, დახმარება მაინცდამაინც ვერ მივიღეთ, რადგან, ალბათ, მათ თვალში ეს სფერო არასერიოზულად აღიქმება. არადა, თავს დავდებ, რომ ტურიზმის განვითარების კუთხით, კლუბებმა დიდი ზეგავლენა იქონია ჩვენს ქვეყანაში.

 

-სამუშაო გამოცდილების მიხედვით, თქვენთვის საჯარო სექტორიც არაა უცხო...

-ჩემი პირველი სამსახური უკავშირდება საგარეო საქმეთა სამინისტროს. აბსოლუტურად ყველა საფეხური გავიარე, პრაქტიკანტობიდან და სტაჟიორობიდან დავიწყე და შტატშიც აღმოვჩნდი. ღამის ცხოვრება ჩემთვის ყოველთვის განუყოფელი ნაწილი იყო. პირველად კლუბში 1996 წელს მივედი და იმის მერე არცერთი პარასკევი და შაბათი არ გამომიტოვებია. როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ კლუბებში სულ დავდიოდი.

საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის პერიოდში, პარალელურად ვმუშაობდი „ტიფლის კლუბში“. ხუმრობით „დიპლომატ ქლაბერს“ მეძახდნენ. ამას ჩემთვის ხელი არ შეუშლია, დილას ვმუშაობდი სამინისტროში, ღამე - კლუბში. ეს 15 წლის წინ იყო.

რაც შეეხება რეჟიმს, ბოლო 5 წელი უშუალოდ ღამე ვმუშაობდი. ჩემი სამუშაო დღე იწყებოდა საღამოს ცხრა საათზე, იმ დროს, როცა ახლა კომენდანტის საათი იწყება. ჩემი ცხოვრება თავიდან ბოლომდე ამოტრიალებულია. სიმართლე რომ გითხრათ, ცოტა დავისვენე. ჩემი შვილი სკოლაში შევიდა და აქედან გამომდინარე, ჩემი დილა 8 საათზე იწყება, როცა ადრე ხშირად ამ დროს ვიძინებდი. 

ღამის სამსახური ძალიან შრომატევადია და ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არის დაფასებული.

 

-საქართველოში ბრენდების შემოყვანაზეც გიმუშავიათ. რომელია, ამ კუთხით, თქვენთვის საამაყო პროექტი?

-საგარეო საქმეთა სამინისტროს შემდეგ მუშაობა დავიწყე “Iberia business group”-ში. ბრენდები Bally, Trussardi და Casharel უკვე შემოყვანილი იყო, როცა დავიწყე მუშაობა. 2010 წელს კიდევ სხვა რეალობაში გვიწევდა ცხოვრება. ბაზრის კვლევა არ იყო გაკეთებული და სამწუხაროდ, ამ ბრენდებმა დიდხანს ვერ იმუშავა, იმიტომ რომ მაღალ სეგმენტზე იყო გათვლილი. მე მაქვს უშუალოდ მონაწილეობა მიღებული Azzaro-ს შემოყვანაში. ბრენდებს განვიხილავდით,  დაახლოებით 10 000 ბრენდი მაქვს განხილული. ვურჩევდი ხოლმე, რომ Inditex-ის ჯგუფი შემოეყვანათ, რაც დღესდღეობით კარგად მუშაობს ქართულ ბაზარზე, თუმცა მაშინ არ იყო საქართველო ამისთვის მზად. 

ამის შემდეგ „ნატალი ჯგუფში“ გადავედი სამუშაოდ. სწორედ ამ პერიოდში, ქალბატონმა ნატალიმ “Germaine de Capuccini”-სთან გააფორმა კონტრაქტი და ამის აწყობაშიც ვმონაწილეობდი.  

 

-ინვესტორი რომ ყოფილიყავით, დღეს საქართველოში ჩადებდით ფულს?

-ჩემი აზრით, დღეს საქართველოს ძალიან სჭირდება ინვესტირება. მიუხედავად იმისა, რომ Starbucksმაღალი სეგმენტის კომპანიაა, ქართველებს ისე უყვართ ყავა, აუცილებლად შემოვიყვანდი. 

ასევე შემოვიყვანდი სპორტულ კომპანიებს, იმიტომ რომ, რაც არის საქართველოში წარმოდგენილი, მათ შორის, Nike, Adidas,არც ერთი არაა ოფიციალური წარმომადგენლობა. მე ვფიქრობ, რომ ესეც გაამართლებდა. 

რაც შეეხება ჩემს ბიზნესს, მინდა მაღაზია გავაფართოვო. ჩემი ოცნებაა რომ მაღაზია-ბარი ერთად მქონდეს. ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, რომ მომავლის პროგნოზირება ძალიან რთულია. შევხედოთ სიტუაციას, ვფიქრობ, რომ ჩემს მაღაზიას თავისი ბარით გავაკეთებ.  

 

-ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ სიამოვნებით დაუბრუნდებოდით დიპლომატიას...

-ძალიან მიყვარდა ეს პროფესია. მეხუმრებოდნენ „საგარეო ქალი“ ხარო. სამწუხაროდ, პოლიტიკურ პროცესები შემეხო. სხვა მთავრობის დროს ვმუშაობდი. ახლა უკვე იმდენად მიჩვეული ვარ კერძო სექტორში მუშაობას, დროის სხვანაირ მენეჯმენტს, ვფიქრობ, რომ საჯარო სექტორში ჩემი ადგილი აღარაა, თან მენანება ჩემი თავი. 

 

-მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთში ცხოვრობდით, აღნიშნავთ, რომ თბილისი თქვენთვის საუკეთესო საცხოვრებელი ადგილია...

-თბილისი და საქართველო. ჩემი ქვეყანა ყველაზე მეტად მომწონს. აუცილებლად აქ ვიცხოვრებ. საკლუბო სცენას რაც შეეხება, ერთი-ორი აგური მეც მაქვს დადებული ამ სფეროში. ვფიქრობ, რომ შევძელით არაფრიდან გაგვეკეთებინა ამხელა ინდუსტრია იმ კლუბებს, რომლებიც დღეს არ მუშაობენ და ძალიან უჭირთ. 

 

-რას გეგმავთ მომავალში საქართველოში ცხოვრების გასაუმჯობესებლად?

-განვიხილავ ბიზნესების მოზიდვასაც, მინდა რამე ისეთი გავაკეთო რაც თბილისს და ჩემს ქვეყანას წაადგება და უფრო მეტ ტურისტს ჩამოიყვანს საქართველოში. ბათუმის ახალ ამსტერდამად გადაკეთების იდეაც მომწონს. მე ვფიქრობ, რომ ეს მოდელი ამართლებს.

 




სტუმარი: სონია ნიკოლაძე - არტ-კაფეს HOME ივენთების მენეჯერი