მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ქალთა გაძლიერების კამპანიას შეუერთდა

BM.GE
11.04.23 10:45
163
მსოფლიო ბანკმა (WB) გამოაქვეყნა ქალების, ბიზნესისა და კანონმდებლობის მიმოხილვის მეცხრე ანგარიში, რომელშიც მიმოხილულია მსოფლიოს მასშტაბით ქალების ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულობის საწინააღმდეგო ბარიერები და ზომავს მათ ეკონომიკურ შესაძლებლობებს. 

ანგარიშის მიხედვით, დღეს მსოფლიოში ქალებს მხოლოდ 3/4 აქვთ იმ კანონიერი უფლებებისა, რაც მამაკაცებს. მართალია, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, თითქმის 90 მილიონმა სამუშაო ასაკის ქალმა მოიპოვა უფლებრივი თანასწორობა, თუმცა 2,4 მილიარდამდე სამუშაო ასაკის ქალს ჯერ კიდევ არ აქვს იგივე კანონიერი უფლებები, რაც მამაკაცებს.

2022 წელს ქალების, ბიზნესისა და სამართლის გლობალური ინდექსის საშუალო ქულა 77.1 იყო 100-დან და მხოლოდ ნახევარი პუნქტით აღემატებოდა 2021 წლის მაჩვენებელს. დღესდღეობით, ინდექსში 100 ქულას იღებს სულ რაღაც 14 ეკონომიკა (ბელგია, კანადა, დანია, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, ლატვია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პორტუგალია, ესპანეთი და შვედეთი), რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნებში ქალები კაცებთან თანაბარ მდგომარეობაში არიან ყველა გაზომილ სფეროში. 

WB-ს თანახმად, 2,4 მილიარდი ქალიდან ნახევარზე მეტი ცხოვრობს აღმოსავლეთ აზიაში, წყნარ ოკეანეში (710 მილიონი) და სამხრეთ აზიაში (610 მილიონი). შემდეგ მოდის სუბსაჰარული აფრიკა (330 მილიონი), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მაღალი-შემოსავლიანი ქვეყნები (260 მილიონი), ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის აუზი (210 მილიონი), ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა (150 მილიონი), ევროპა და ცენტრალური აზია (140 მილიონი). 

ეკონომიკები, რომელთა ქულები ინდექსში გლობალურ საშუალოზე - 77.1-ზე მეტია - როგორც წესი, არიან OECD-ის მაღალშემოსავლიან ქვეყნებში, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის რეგიონებში. ყველაზე დაბალი საშუალო ქულები აქვთ ახლო აღმოსავლეთს და ჩრდილოეთ აფრიკას, ისევე როგორც სამხრეთ აზიას. 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ამ ინდექსში 88.1 ქულა აქვს. ყველაზე დაბალი ქულები კი ღაზას (26.3), იემენს (26.9), სუდანს (29.4), ყატარს (29.4), ირანსა (31.3) და ავღანეთს (31.9) აქვს.

აქვთ თუ არა საქართველოში ქალებს შესაძლებლობა, თამამად აირჩიონ ის პროფესია, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონთ? არჩევანი, ერთი შეხედვით, შეუზღუდავია, თუმცა, მაგალითად, ავტოინდუსტრიაში ან ნავიგაციაში ცოტა ქალია. პროფესიის არჩევისას ქალები თითქმის ყოველთვის განიცდიან გენდერული სტერეოტიპების გავლენას იმასთან დაკავშირებით, თითქოს არსებობს „ქალური“ და „კაცური“ პროფესიები. სწორედ ამ გენდერული სტერეოტიპების მსხვრევას ისახავს მიზნად გაეროს ქალთა ორგანიზაციის, კრეატიული სააგენტო „ვოთერგანზისა“ და ბიზნესკომპანიების ერთობლივი კამპანია, სახელწოდებით - „ქალები, რომლებიც არ არსებობენ“, რომელსაც „ტოიოტა ცენტრი თეგეტაც“ შეუერთდა.

სტუმრები: მარიამ მელიაშვილი - ტოიოტა ცენტრი თეგეტას გენერალური დირექტორი;
ანა ფაშალიშვილი - გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტების მენეჯერი