მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ 10 ლარზე მეტი ხელფასი დაგერიცხათ, მთავრობისგან კომპენსაციას ვერ მიიღებთ

BM.GE
19.06.20 18:37
726
დღეს შემოსავლების სამსახურმა განცხადება ასეთი სათაურით გაავრცელა - 200-ლარიანი კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე გაფართოვდა. პანდემიის პირობებში, როდესაც ღარიბი ოჯახები კიდევ უფრო მეტად გაღარიბდნენ და ბევრი ადამიანი უბრალოდ სამსახურის და შემოსავლის გარეშე დარჩა და იმ ფონზე, როცა სახელმწიფოები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ანტიკრიზისული ხედვის ნაწილში, პირველ რიგში, სწორედ თავიანთი მოქალაქეების პირდაპირ დახმარებაზე აკეთებენ აქცენტს - ამ ამბავმა ჩვენი ყურადღება მომენტალურად მიიქცია. უფრო სწორად, განცხადების გავრცელება დროში დაემთხვა ჩვენს მიერ მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების - უწყებასთან დაზუსტების მცდელობას.

რა ნაწილში ფართოვდება კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე? აი, რას ვკითხულობთ განცხადებაში: ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებაში შესული ცვლილების შედეგად, კომპენსაციას მიიღებენ ის პირებიც, რომლებიც ეწეოდნენ დაქირავებით საქმიანობას 2019 წლის ივლისი-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ უწყვეტ სამ თვეს და 2020 წლის 1 ივლისამდე დამქირავებლისგან არ მიუღიათ ხელფასი. ამავე დადგენილებაში შესული კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, კომპენსაცია გაიცემა იმ შემთხვევაშიც, თუ მიმდინარე წლის მაისში პირზე ფიქსირდება ხელფასის გაცემა, მაგრამ ივნისსა და შემდგომ თვეებში ადგილი არ ჰქონია ხელფასის სახით თანხების ჩარიცხვას.

კიდევ ერთი ცვლილება დარიცხული თანხის მინიმალურ ოდენობას ეხება - აქამდე თუ დასაქმებულს თვის განმავლობაში მინიმალური თანხა მაინც ერიცხებოდა, ის კომპენსაციას ვერ იღებდა; ცვლილებების შემდეგ კი, ხელისშემშლელი ფაქტორი არაა მაქსიმუმ 10 ლარის ჩარიცხვა, რაც ჩვენთვის, რიგითი მოქალაქისთვის უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთარგმნოთ იმას ნიშნავს, რომ თუ 10 ლარზე მეტის ხელფასი დაგერიცხათ, მთავრობისგან კომპენსაციას ვერ მიიღებთ. გაფართოვდა თუ არა ამ ნიშნით კომპენსაციის მიმღებთა წრე? - 5, 7 ან 8 ლართან შედარებით, რა თქმა უნდა. გასაგებია, რატომ 10 ლარი და არა - უფრო მეტი, რომ უკეთესი მოცვა ყოფილიყო? ჩვენთვის - არა. გვინდოდა, მეტი დეტალი შემოსავლების სამსახურისგან გაგვერკვია, მაგრამ თითქის ოთხსაათიანი უწყვეტი რეკვის, მოკითხვის და ა.შ. მიუხედავად, ეს პასუხი დღეს თქვენთვის მაინც არ გვაქვს. იმედს ვიტოვებთ, რომ განცხადება მაინც გავრცელდება.