მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა შეიქმნას თუ არა “ბავშვთა ომბუდსმენის” ინსტიტუტი? - ქეთა ჯაფარიძე ქალების ნარატივში

BM.GE
04.03.21 12:03
477

 "ბავშვთა ომბუდსმენის" ინსტიტუტის დამოუკიდებლად დაარსება აუცილებელია" -  ქეთა ჯაფარიძე „ქალების ნარატივში“

 

-თქვენს ნაშრომში ,,მშობლებისა და შვილების პირადი და ქონებრივი ურთიერთობები“ არის რეკომენდაცია, სადაც წერთ, რომ მიზანშეწონილი იქნება, რომ საქართველოში შეიქმნას „ბავშვთა ომბუდსმენის“ ინსტიტუტი. ასე რატომ მიიჩნევთ?

 -ჩემი სადოქტორო ნაშრომი ეხება მშობლებისა და შვილების პირად და ქონებრივ ურთიერთობებს. კვლევის პროცესში რამდენიმე პრობლემა გამოიკვეთა, რომელიც ახლებურად ითხოვს გენდერული თანასწორობის დაყენებას საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობები, ძირითადად, იწყება ოჯახის შექმნით, ქორწინებით, მაგრამ არ მთავრდება განქორწინებით. განქორწინების პერიოდში მრავალი პრობლემა იჩენს თავს, რაც სამართლებრივად უნდა იქნას დარეგულირებული. ეს პრობლემურია. რაც შეეხება ბავშვთა ომბუდსმენის ინსტიტუტს, ეს მრავალ ქვეყანაში არის დამოუკიდებლად შექმნილი და იცავს ბავშვების უფლებებს. ბავშვის უფლებების კონვენციაში ხაზგასმულია, რომ ბავშვს სხვა უფლებებთან ერთად, აქვს უფლება ჰქონდეს თავისი შეხედულებები და გამოთქვას აზრი ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მის ინტერესს ეხება. ვფიქრობ, რომ საქართველოში ეს უფლება არ არის სათანადოდ დაცული. ბავშვთა ომბუდსმენის ინსტიტუტის დამოუკიდებლად დაარსება არის აუცილებელი, მით უმეტეს, რომ ასოცირების ხელშეკრულება, აგრეთვე ევროპის ბავშვთა უფლებათა კომიტეტი მიუთითებენ იმაზე, რომ აუცილებელია, ბავშვის უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული.

 

-ახლო მომავალში შეიძლება ეს პერსპექტივად ჩავთვალოთ?

-ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ საკითხებზე და გვინდა, რომ საკანონმდებლო წინადადება დავაყენოთ.

 

-არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ ბავშვების აღზრდის პროცესში ქალები და კაცები ერთობლივ პასუხისმგებლობას არ იღებენ და ბავშვის აღზრდა ქალის მოვალეობად მიიჩნევა. რატომაა ეს სტერეოტიპი ასე გავრცელებული?

-ეს სტერეოტიპი მარტო საქართველოში არაა დამკვიდრებული. არაერთი ქვეყნის კვლევამ აჩვენა, რომ ქალის უმთავრეს ფუნქციად საოჯახო მოვალეობები მიიჩნევა. ამას ადასტურებს საქართველოში ჩატარებული კვლევაც „კაცები და გენდერული თანასწორობის საკითხები“, გამოკითხულთა ფაქტობრივად 98%-მა გამოხატა მოსაზრება, რომ ქალის მთავარი მოვალეობა საოჯახო საქმეა და ამას ეთანხმება ქალების უმრავლესობაც. 

 

განქორწინების დროს ვხვდებით შემთხვევებს, როცა ქალი დამოკიდებული ხდება ყოფილი მეუღლის კეთილსინდისიერებაზე, თუ რამდენად უზრუნველყოფს შვილის რჩენას; პრობლემის სადავეები სადაა?

-ამ პრობლემის საფუძველია ის, რომ პერიოდი, როცა ქალი ბავშვის აღზრდითაა დაკავებული, არის ის დრო, როცა ქალი კარგავს შესაძლებლობებს კარიერის განვითარების, ფინანსური დამოუკიდებლობის მიმართულებით. ამ დროს მამაკაცი თავისუფალია ბავშვის აღზრდის მოვალეობისგან და იბრძვის საკუთარი კარიერისთვის, მომავლისთვის. ოჯახი შეიძლება დადგეს განქორწინების საფრთხის წინაშე და ქალი რჩება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად უზრუნველყოფს მამაკაცი მას და მის შვილს ფინანსურად. ასეთ სიტუაციაში კი, როცა გამოცდილებაც არ უწყობს ხელს, ქალისთვის ფინანსური დამოუკიდებლობის სწრაფად მოპოვება რთული წარმოსადგენია. თუ ეს ფაქტორი  განქორწინებისგან თავის შეკავების საფუძველიც გახდება, შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ქალი თავისუფალი ვეღარაა თავის არჩევანში. 

 

-საოჯახო სამართალში რა ხარვეზები გვაქვს?

-უნდა აღინიშნოს, რომ მრავალი წელია ფაქტობრივად საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები ძირეულად არ შეცვლილა ან გადახედილა, რაც დაუცველს ტოვებს ქალებს და მათ შვილებს ამ ურთიერთობებში. ვფიქრობ, რომ სწორედ საკანონმდებლო ნორმების ცვლილება არის გენდერული თანასწორობის და ამ ბალანსის მიღწევის უმთავრესი საშუალება. 

 

-განქორწილების შემდეგ, სამართლებივრად,საქართველოშითანაბარ პასუხისმგებლობას იღებს ორივე მშობელი აღზრდაზე? ალიმენტის მხრივ რა სპეციფიკაა?

-ამ მხრივ, კანონმდებლობა არის საკმაოდ მოუწესრიგებელი, ის ელემენტარულად უზრუნველყოფს ბავშვს და არ ნარჩუნდება ის პირობები, რაც მისთვის მშობლების განქორწინებამდე არსებობდა. ბავშვისთვის მშობლების განქორწინების პროცესი ისედაც ტრავმულია და ამას ემატება ფინანსური თვალსაზრისით ცვლილებებიც. მაგალითად, შეიძლება გამოიყვანონ სკოლიდან, რომელშიც იქამდე დადიოდა. იმისთვის, რომ ეს საკითხი კანონით დარეგულირდეს, აუცილებელია რომ შევიდეს ცვლილება სამოქალაქო კოდექსში, რომ ბავშვისთვის მაქსიმალურად შენარჩუნდეს მშობლების განქორწინებამდელი პირობები.  

საერთაშორისო გამოცდილების თვალსაზრისით, მაგალითად, არსებობს მშობლებს შორის საალიმენტო შეთანხმების ცნება, ასევე არსებობს საალიმენტო ფორმულები, რაც მოსამართლეს აძლევს საშუალებას პირდაპირ კანონის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება საალიმენტო ვალდებულების, თანხის ოდენობის განსაზღვრის.

ასევე არსებობს საალიმენტო ფონდები. ამ შემთხვევაში, თვითონ სახელმწიფო ერთვება, როგორც გარანტი იმისა, რომ თუ არ იქნება ალიმენტი გადახდილი რომელიმე მშობლის მიერ, სახელმწიფო თვითონ უზრუნველყოფს ამას საალიმენტო ფონდის საშუალებით, ის თვითონ ხდება ურთიერთობის მარეგულირებელი. ვფიქრობ, ეს ბავშვთა უფლებების კუთხით ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია იმ ქვეყნებში, სადაც ეს ინსტიტუტი არსებობს. 

 

-თქვენი სამუშაო გამოცდილება მხოლოდ ერთი სამუშაო ადგილით არ შემოიფარგლება, ასევე ხართ დემოკრატიის ინდექსის გამგეობის წევრი. რა ღირებულებებზეა ორიენტირებული ეს ორგანიზაცია?

-ეს არის ახალგაზრდა ორგანიზაცია, დაფუძნდა 2019 წელს. აქვს საკმაოდ დიდი მიზნები და გეგმები. ორგანიზაციის მთავარი ღირებულებაა დემოკრატიის პროცესების ხელშეწყობა საქართველოში - დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, მათი მუშაობის ეფექტურობის გაზრდა. დემოკრატიის განვითარება ადამიანის უფლებების გარეშე წარმოუდგენელია, შესაბამისად, მთავარი ღირებულება ჩვენთვის ადამიანის უფლებათა დაცვაა. ამ ეტაპზე აღნიშნული ორგანიზაციის გამგეობის წევრი ვარ. ვახორციელებთ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს. ერთ-ერთი მათგანი გულისხმობს საპარლამენტო მონიტორინგს, რომელიც ხორციელდება ამერიკული კომპანია NED-ის ხელშეწყობით და ამ პროექტის ფარგლებში, მონიტორინგს ვუწევთ არა მხოლოდ ზოგადად საპარლამენტო საქმიანობას, არამედ თითოეული დეპუტატის საქმიანობას. შევისწავლით მათ ინდივიდუალურ პროფილებს, ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს რას საქმიანობას მათი არჩეული დეპუტატი. გამოვლენილი ხარვეზებზე გვაქვს რეაგირება და ეს უზრუნველყოფს პარლამენტის გამჭირვალობას და მის უფრო ეფექტურ მუშაობას. 

 

-როგორია ორგანიზაციის გეგმები 2021 წელს? 

-ორგანიზაციამ თებერვალში დაიწყო არანაკლებ მნიშვნელოვანი პროექტი სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, მოსამართლეთა ანგარიშვალდებულებას მათ მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების უფრო ხარისხიანი დასაბუთების კუთხით. ამ პროექტში გაერთიანებულია არაერთი ყოფილი მოსამართლე, ძალიან კვალიფიციური იურისტები, ექსპერტები და ვფიქრობ, რომ მართლაც მნიშვნელოვან შედეგებამდე მივალთ.   

 

- ასევე ხართ წევრი ბიზნესლიდერთა ფედერაციის ,,ქალები მომავლისთვის“ წევრი. მოგვიყევით ამის შესახებ...

-ეს არის მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ ეხმარება ქალ მეწარმეებს, ასევე იმ ქალებს რომელთაც აქვთ სურვილი გარკვეულ ფინანსურ დამოუკიდებლობას მიაღწიონ და კარიერულ წარმატებაში იპოვონ თავი. აქ გაერთიანებულია არაერთი ბიზნესის ქალი წარმომადგენელი, რომლებიც ცდილობენ მთელი თავიანთი რესურსით დაეხმარონ ქალებს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან თემებს და პრობლემებს ვეხებით.    

 

-შოკოლადის მწარმოებელ კომპანია „როზალიზეც“ უნდა გკითხოთ, რომლის დამფუძნებელიც ხართ...

-შოკოლადი ძალიან მიყვარს, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ბიზნესი ჩემთვის ძირითადი საქმიანობა არასოდეს ყოფილა. ყოველთვის ჩემი პროფესიით ვიყავი აქტიურად დაკავებული. რაც შეეხება კომპანიას, მას ჩემს ცხოვრებაში მნიშნელოვანი ადგილი უკავია. მის ყოველდღიურ მენეჯმენტში, ფაქტობრივად, არ ვერევი, მაგრამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს კომპანიის დირექტორთან ერთად აქტიურად ვიღებ.

 

-ხელნაკეთი შოკოლადები თუ ხვდება პროდუქციაში?

-ჩვენს კომპანიას აქვს ხელნაკეთი შოკოლადები და ამ კუთხით ძალიან აქტიურადაა ბაზარზე წარმოდგენილი. ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ამ მიმართულებით ვერ ვხედავ კონკურენტებს. უკვე დიდი ხანია ახალ დიზაინებზე და ხელნაკეთ კონკრეტულ შეფუთვებზე ვმუშაობთ და შედეგიც გვაქვს.

 

-ბავშვობის მიზანი თუ აისრულეთ?

-მიზნად მქონდა რომ გავმხდარიყავი მოსამართლე. ამ სფეროსთან ახლოს ვარ.   

 

-შეიძლება ამ ამპლუაშიც გიხილოთ?

-გამორიცხული არაა, თუმცა ჩემი დღევანდელი საქმიანობა ძალიან მომწონს. ჩემთვის დიდი წარმატებაა, თუ ადამიანების ცხოვრებაში სიკეთეს შევიტან, ამას ვცდილობ.

 



სტუმარი: ქეთა ჯაფარიძე - დემოკრატიის ინდექსის გამგეობის წევრი, ქალები მომავლისთვის წევრი, როზალის დამფუძნებელი