15.თებერვალი .2021 12:23

ვურჩევ ყველას: "აუცილებლად მიჰყვნენ თვითგანვითარებას და იაქტიურონ, აიღონ საკუთარ თავზე ინიციატივები“ - თეონა კონტრიძე ქალების ნარატივში

უკან

ვურჩევ ყველას: "აუცილებლად მიჰყვნენ თვითგანვითარებას და იაქტიურონ, აიღონ საკუთარ თავზე ინიციატივები“ - თეონა კონტრიძე ქალების ნარატივში


-ვისაუბროთ ბანკებში გენდერული თანასწორობის გაძლიერების საკითხზე, კონკრეტულად რას გულისხმობს ეს მიმართულება?

-ჯერ კიდევ 2018 წელს შევიმუშავეთ ეს ცვლილებები, დავამტკიცეთ კოდექსი კორპორაციული მართვის კომერციული ბანკებისთვის. ეს გულისხმობდა სამეთვალყურეო საბჭოში მინიმუმ 1 ქალი წარმომადგენლის ყოლას, მათი რაოდენობის 20%-ის ქალებით დაკომპლექტებას. ეს არის პირველი რეგულაცია რომელმაც საქართველოში ქალთა კვოტირება შემოიტანა, ნამდვილად ძალიან თამამი და გაბედული ნაბიჯი იყო იმ დროს, როდესაც ეს გავაკეთეთ. აღსანიშნავია, რომ კვოტირებასთან დაკავშირებით არსებობს განსხვავებული ხედვები. იმ ადამიანებსაც, რომლებიც მიიჩნევენ რომ ქალთა როლი უნდა გაძლიერდეს, ხშირად კვოტირება არ მიაჩნიათ სათანადო ინსტრუმენტად. თუმცა, ჩვენ ამ საკითხს განსხვავებულად ვუყურებთ.

 

-რისი მოტანა შეუძლია კვოტირებას? 

-ჩემი აზრით, კვოტირება ხელს უწყობს ქალების მმართველ რგოლში წარმომადგენლობითობის გაზრდის პროცესის დაჩქარებას. მიუხედავად იმისა, რომ ალბათ, მაინც მოვა ეს პროცესი და ადრე თუ გვიან, ქალები იქნებიან სათანადო საფეხურზე, კვოტირება ამ მექანიზმს ასწრაფებს. ამას აჩვენებს პრაქტიკაც და კონკრეტულად, ჩვენი მაგალითიც. 

2017 წლის ბოლოს სამეთვალყურეო საბჭოში კომერციულ ბანკებში 9%-ს წარმოადგენდა ქალი წევრების რაოდენობა, როდესაც ახლა ეს მაჩვენებელი 27%-ია. ამაზე ჩვენმა რეგულაციამაც მოახდინა გავლენა. 

მეორე ფაქტორიც უნდა აღვნიშნო, ჩვენ კომერციული ბანკების ზედამხედველები ვართ და გვინდა, რომ სწორად იმართებოდეს რისკები. ბევრი ნაშრომი მოწმობს, რომ როდესაც ქალები არიან მმართველ პოზიციებზე, წარმოდგენილნი არიან სამეთვალყურეო საბჭოში, უარყოფითი კორელაცია არსებობს რისკიანობასა და ქალი წევრების წარმომადგენლობას შორის. როგორც წესი, უფრო ნაკლებს რისკებს იღებენ ქალები, რაც რისკების მართვის პრაქტიკას აუმჯობესებს ბანკებში, რადგან რისკების სწორად აღება და მართვა ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ქალების წარმომადგენლობა შედეგობრივადაც უკეთესია. 

 

-კომერციული ბანკებისთვის პრაქტიკულად კორპორაციული მართვის სტანდარტებიც გამკაცრდა. გაუზრდის თუ არა ეს სექტორს უმაღლესი მმართველი რგოლის შენახვის ხარჯებს?  

-მინდა აღვნიშნო, რომ ძირითად ცვლილებები, რაც კორპორაციულ მართვას უკავშირდება, 2018 წელს მივიღეთ და ბანკებს ამ კუთხით სერიოზული სამუშაოები უკვე აქვთ ჩატარებული. მზაობა იყო, არის და მიღებულია უკვე საკმაოდ მაღალი სტანდარტები, რომლითაც შეგვიძლია თავი მოვიწონოთ. 2021 წელს ცვლილებელი დაკავშირებული იყო ნაკლოვანებების მიხედვით, გაუმჯობესებაზე. შესაბამისად, ეს ვერ იქნება იმხელა ხარჯი, რომ მის მიერ მოტანილ სარგებელს აღემატებოდეს, მას მერე რაც უკვე დაინერგა ძირითადი სტანდარტები. 

2018 წელს ჩავწერეთ, რომ 20% უნდა ყოფილიყო მდედრობითი სქესის წარმომადგენლები. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მითხრა, რომ უმჯობესი იქნებოდა გამოყენებული ყოფილიყო ტერმინი „განსხვავებული სქესი“. 2021 წელს, ცვლილებებისას, ესეც დავაკორექტირეთ. მამაკაცების კვოტაც დავიცავით და გენდერულად უფრო ნეიტრალური ჩანაწერი გვაქვს.  

ასევე, ამას ვაკვირდებოდით, ვცდილობთ, რომ ასე იყოს და დარწმუნებული ვარ, რომ კომერციული ბანკებიც ცდილობენ - ანაზღაურების სტანდარტები უნდა იყოს გენდერულად ნეიტრალური.

 

-ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ახალი წესებით, სისტემურ ბანკებს სამეთვალყურეო საბჭოსთან სხვადახვა სახის კომიტეტების შექმნა ევალებათ; რა კომიტეტებზეა საუბარი?

-საბჭოს აკისრია მენეჯმენტის მონიტორინგის როლი, მონიტორინგი თუ რამდენად სწორად იმართება ჯამურად ბანკი, სწორი სტრატეგიით მიდის თუ არა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მისი წევრების აქტიური ჩართულობა ამ პროცესში. ამას ხელს უწყობს ქმედითი კომიტეტების არსებობა. ასეთი რამდენიმეა. მათ შორისაა აუდიტის კომიტეტი, რისკების კომიტეტი, ანაზღაურების კომიტეტი და ეხლა დაემატა ნომინაციის კომიტეტის მოთხოვნა. ნომინაციის კომიტეტი გულისხმობს არა მხოლოდ დირექტორატის სწორ შერჩევას წინასწარ განსაზღვრული სწორი კრიტერიუმებით, არამედ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისაც. ჩვენ მოვითხოვეთ დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არსებობაც და ეს ვიღაცამ უნდა შეარჩიოს. ეს საქმე სწორედ ამ კომიტეტს დაევალება. ასევე მათ უნდა უზრუნველყონ რომ არსებობდეს შემდგომი კარიერის გეგმა. მაგალითად, თუ დირექტორი შეიცვალა, მისი ჩამნაცვლებლის შერჩევა და ა.შ - ეს ნომინაციის კომიტეტის საზრუნავია. 

 

-ბონუსების განაღდების ვადის გახანგრძლივებაზეც მინდა გკითხოთ, ცვლილებები ელით ბანკებს ამ კუთხით?  

 

-ეს მოთხოვნა ჯერ კიდევ 2018 წელს შემოვიტანეთ. ზოგაგად, მსოფლიოში გლობალური ფინანსური კრიზისის შემდგომი ტენდენციაა, რომ ანაზღაურების სტანდარტები შემოღებულიყო. ევროკავშირში ამაზე იმუშავეს, დაიხვეწა ეს სტანდარტები და ჩვენ გადმოვიღეთ. ვინაიდან კომერციული ბანკების აღმასრულებელი მენეჯმენტის რგოლი იღებს რისკიან გადაწყვეტილებებს, რასაც მოაქვს შემდგომში მოგება, მნიშვნელოვანია, რომ ბონუსური სისტემა და მოტივაციის სისტემები იყოს მიბმული სწორედ მათი საქმიანობისა და რისკიანობის შედეგებზე. როგორც წესი, ადრე ბონუსებს 1 წლიან პერიოდში იღებდნენ ხოლმე, წლის ბოლოს, შედეგების მიხედვით, მაგრამ ცნობილია, რომ საქმიანობისა და რისკიანობის შედეგები შეიძლება რეალიზდეს, მაგალითად 3-4 წლიან პერსპექტივაში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ბონუსის აღება დაკორექტირდეს იმ საქმიანობის შედეგების მიხედვით, რაც შეიძლება შეიცვალოს დროთა განმავლობაში. სისტემური ბანკებისთვის 5 წლიანი გადავადების პერიოდი არსებობს, ხოლო არასისტემური ბანკებისთვის - 3 წლიანი. ეს ეხება დირექტორატს და ასევე, განვსაზღვრეთ რისკის ამღები პირები, რომლებიც შეიძლება დირექტორატის წევრები არ იყვნენ, თუმცა მნიშვნელოვან რისკებს იღებდნენ ბანკის სახელით.

 

-როგორც ვიცი, სებ-ში 2012 წლიდან მუშაობთ. რომელი მიმართულება და პროექტი გეამაყებათ ყველაზე მეტად?

-გარდა აღნიშნული გენდერული მიმართულებით საქმიანობისა, ასევე აღვნიშნავ შარშან დამტკიცებულ პროექტს, ესაა კომერციული ბანკების რეზოლუციისა და გაჯანსაღების ჩარჩო. ესეც გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ გახდა მსოფლიოში აქტუალური. კრიზისის შემთხვევაში, ბანკის გაკოტრების საფრთხისას, ბუნებრივია, ძალები უნდა მივმართოთ იმისკენ რომ დეპოზიტარმა არ დაკარგოს თანხა. საგულისხმოა, თუ როგორ უნდა იმართოს ეს კრიზისი - როგორ უნდა მოვემზადოთ კრიზისის დროს და მერე რა უნდა გავაკეთოთ. ამ მხრივ, ყველაზე მნიშვნელოვანი დაკვირვება გვიჩვენებს, რაც მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ არ უნდა დაიხარჯოს გადასახადის გადამხდელთა ფული და საბიუჯეტო სახსრები ბანკის გადასარჩენად. მსგავსი პრეცედენტი იყო, მაგალითად, აშშ-ში. საჭიროა ახალი ინსტრუმენტები, რაც გულისხმობს ზუსტად რეზოლუციის ჩარჩოს. ეს იყო დიდი პროექტი, რომელიც სავალუტო ფონდთან ერთად გავაკეთეთ, ვმუშაობდით თითქმის 1 წლის განმავლობაში, პარლამენტში გვქონდა მნიშვნელოვანი განხილვები. 2019 წლის მაისში შევიტანეთ ეს კანონპროექტი, დაახლოებით დეკემბრის პერიოდში დამტკიცდა და შარშანდელი წელი, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიური, იყო ვიმუშავეთ იმაზე, რომ ყველა ის რეგულაცია გამართული გვქონოდა, რაც ჩარჩოს სრულყოფდა. 2021 წლის 1 იანვრიდან სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეროვნულ ბანკს ძალიან თანამედროვე და მნიშვნელოვანი ჩარჩო აქვს ამ მიმართულებით.

 

-თქვენი სამუშაო გამოცდილება ერთ ორგანიზაციაში ეტაპობრივ განვითარებასთან არის დაკავშირებული. რამდენად მარტივია სებ-ში ერთი საფეხურიდან მეორეზე ასვლა? 

-მართლა მივიჩნევ, რომ ეროვნულ ბანკში ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი გარემოა განვითარებისთვის, იმისთვის რომ დაიწყო სტაჟიორის პოზიციიდან და შემდეგ შესაბამისად განავითარო შენი კარიერა. მივიჩნევ რომ მუდმივი პროფესიული ზრდის შესაძლებლობა გვაქვს არა მხოლოდ ინდივიდუალურად, არამედ გუნდურად. ჩვენი პირდაპირი სტეიქჰოლდერები არიან არა მხოლოდ კომერციული ბანკები, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციები, სავალუტო ფონდი, სარეიტინგო კომპანიები.  

ჩემთვის, სამუშაო თვალსაზრისით, ყველაზე დიდი გამოწვევა ალბათ სტაჟირების პირველი დღეები იყო. მოვხვდი ზედამხედველობის ნაწილში, როცა სებ-ზე ასოციაცია, მით უმეტეს როგორც ეკონომიკის სტუდენტს, უფრო მონეტარული პოლიტიკის მხარეს მქონდა. აღვნიშნავ, რომ თვითგანვითარებაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ახალმოსულებს ყოველთვის ვურჩევ ხოლმე, რომ იმუშაონ თვითსწავლებაზე და ინიციატივები საკუთარ თავზე აიღონ. ჩემი აზრით, დღეს ეს წარმატების ფორმულაა. 

 

  -სებ-ის პრეზიდენტი როგორი უფროსია?


-ძალიან უშუალო, კოლეგიალური და კომპეტენტური. მასთან კომუნიკაცია მარტივია. ეს ჯანსაღ პროცესებს ბადებს ეროვნულ ბანკში და ახალისებს ინიციატივებს.

 

-როგორც ვიცი, ბავშვობაში მხატვრობაზე ოცნებობდით. მომავალში განიხილავთ ამ მიმართულებას?


-მხატვრობა დღესაც არის ჩემი ჰობი. ჩემთვის რელაქსაციის ყველაზე კარგი საშუალებაა ტილო და ფუნჯი. ჩემი ნახატებით, ძირითადად, ოჯახის წევრები მყავს განებივრებული, და მათ ძალიან უნდათ რომ ოდესმე პატარა გამოფენაც მოვაწყო. 

 

  -2021 წელს რის გაკეთებას მოიაზრებთ?

-ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია პოსტპანდემიური პერიოდის შემდგომი ცვლილებები და შესაბამისი საზედამხედველო გეგმების შემუშავება. ასევე აღვნიშნავ, რომ მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროექტი - საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი 6-7 წელიწადში ერთხელ აფასებენ ქვეყნებს, საფინანსო სექტორის მიმართულებით, თუ რამდენად სწორი რეფორმები დაინერგა, რამდენად სწორად ვითარდება და რა არის ეროვნული ბანკის გეგმები ამ ვითარებაში. ახლა მიმდინარეობს ეროვნულ ბანკში შეხვედრები, გვაფასებენ და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი განვლილი გზა იყოს სწორად შეფასებული, კარგად აღქმული, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ სამომავლო გეგმა და შემდგომში მიღებული რეკომენდაციებიც მაქსიმალურად ზუსტად შევასრულოთ. 

 

-კითხვას თუ ახერხებთ გადატვირთული სამუშაო გრაფიკის ფონზე? რა არის თქვენთვის სამაგიდო წიგნი?

-ბოლო პერიოდში აღვფრთოვანდი შერილ სენდბერგის “Lean in”-ით. მომწონს, როგორ საუბროს ავტორი ქალთა როლზე.



სტუმარი: თეონა კონტრიძე - ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი