მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ყოველი წარმატებული კომპანიის უკან პროფესიონალი ბუღალტერი დგას“ - ტატა ბერიძე ქალების ნარატივში

BM.GE
19.05.21 12:42
1145

"მნიშვნელოვანია, რომ ბუღალტერს კარგი ანაზღაურება ჰქონდეს" - ბუღალტერთა კავშირის“ თავმჯდომარე ტატა ბერიძე „ქალების ნარატივში“ 

 

-„ყველა წარმატებული ბიზნესის უკან პროფესიონალი ბუღალტერი დგას“ - თქვენ როგორ ახსნიდით ამ ფრაზას?

-ბუღალტერი არის კომპანიის გული. მნიშვნელოვანია ის იყოს პროფესიონალი, დროულად გადამზადებული, კვალიფიციური. საქართველოში ბიზნესგარემო ძალიან სწრაფად იცვლება, ასევე სწრაფად ცვალებადია საგადასახადო კანონმდებლობა, ფინანსური კანონმდებლობა და ა.შ. შესაბამისად, ძალიან კვალიფიციურ ბუღალტერსაც კი პერიოდულად გადამზადება სჭირდება. ბუღალტერი არის კომპანიისთვის წარმატების შენარჩუნების გარანტი.

 

-რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

-მოითხოვს იმას, რაც ჩემს ძლიერ მხარეებად მიმაჩნია. მივიჩნევ, რომ ეს პროფესია არის თანამედროვე და მოქნილი.

 

-საერთაშორისო თვალსაზრისით ბუღალტერია მაღალანაზღაურებადი პროფესიაა; საქართველოში რა მდგომარეობაა ამ მხრივ?  

-მნიშვნელოვანია, ბუღალტერს კარგი ანაზღაურება ჰქონდეს, თუნდაც, იმისთვის, რომ მას ჰქონდეს მოტივაცია, ეს აისახება მის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე. საქართველოშიც არიან მაღალანაზღაურებადი ბუღალტრები. 

 

-რამდენად მოთხოვნადია ეს პროფესია საქართველოში?

-პროფესია იმდენად მოთხოვნადია, რამდენადაც ბევრია ბიზნესკომპანია. თუ გავითვალისწინებთ ბიზნესების რაოდენობას და იმას, რომ მათ ერთი ბუღალტერი მაინც ჰყავთ, გამოდის რომ ეს პროფესია მუდმივად მოთხოვნადია. რაც შეეხება კვალიფიკაციის საკითხს, ზუსტად ამის საპასუხოდ შევქმენით GIFA - საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ინსტიტუტი, რომლის ფუნქციაც ბუღალტერთა გადამზადებას გულისხმობს. არის შემთხვევები, როცა ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბუღალტერს ამუშავებიდან გარკვეული პერიოდის მერე დაიქირავებენ. მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანია, ბიზნესიდეის წარმოშობისთანავე კომპანიაში ჩაერთოს პროფესიონალი ბუღალტერი. შემდგომი ჩართვის შემთხვევაში გამოდის, რომ ბუღალტერი არეულ კომპანიაში მიდის. არეულის დალაგება ბევრად უფრო რთული და ძვირია. 

 

-როგორც ვიცი GIFA-სთან ერთად შექმენით Facebook ჯგუფი „ბუღალტერთა კავშირი“, რაში ეხმარება ეს ჯგუფში გაერთიანებულებს?  

-ეს არის პლატფორმა, სადაც გაერთიანებული ბუღალტრები ერთმანეთს სამუშაო გამოცდილებას ყოველდღიურად, უსასყიდლოდ უზიარებენ. ჯგუფი დაფუძნებულია ა(აიპ) ბუღალტერთა კავშირის ბაზაზე და წევრები იგებენ სიახლეებს, ვაზიარებთ თუნდაც სიუჟეტებს. GIFA და „ბუღალტერთა კავშირი“ სასარგებლოა დამწყები ბუღალტრებისთვისაც. აღნიშნული პლატფორმით ისინი მარტივად მოექცევიან კოლეგების წრეში, მათ შეუძლიათ მიიღონ პასუხები, იგრძნონ გამოცდილი კოლეგების გვერდში დგომა, გაიარონ ადაპტაცია.   

 

-რომელია თქვენთვის საამაყო პროექტი?

-გამოყოფა რთულია, თუმცა აღვნიშნავ, რომ პანდემიის პირველი ტალღისას „წინა ხაზზე“ მომუშავე ადამიანებსა და მათ ოჯახის წევრებს სურვილისამებრ ბუღალტერია შევასწავლეთ. ზოგადად მნიშვნელოვანია კომპანიის ხელმძღვანელს ბუღალტერიის მიმართულებით გარკვეული ცოდნა ჰქონდეს.

 

-მინდა გკითხოთ ბოლოს გაფორმებულ მემორანდუმზეც; რას მოიაზრებს ის?

-ბუღალტრის პროფესია არის საერთაშორისო. ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი აზერბაიჯანთან, მოლდოვასთან, უკრაინასთან, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები დიდ ბრიტანეთსა და იტალიასთან.

 

-როგორ ახერხებთ პასუხისმგებლობების შეთავსებას?

-3 შვილი მყავს და ჩემი მეუღლე მაქსიმალურად მეხმარება, რომ განვახორციელო ჩემი იდეები.

 

-შემდეგი ჩანაფიქრი რას უკავშირდება?

-პროექტს, რომელიც სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს სწავლის პროცესშივე შეითვისონ ისეთი პრაქტიკული უნარები, რომელსაც ითხოვს უკვე დამსაქმებელი.



სტუმარი: ტატა ბერიძე - „ბუღალტერთა კავშირის“ თავმჯდომარე.