მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

14 დეკემბერს "ოცნება" ავტორიტარულ მმართველობას თავიდან ბოლომდე გააფორმებს - აკაკი ზოიძე

აკაკი ზოიძე

„ოცნება“ ძალაუფლების კონსოლიდაციას 14 დეკემბერს დაასრულებს, როდესაც პრეზიდენტს აირჩევს
საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრის აკაკი ზოიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ძალაუფლების კონსოლიდაციას 14 დეკემბერს დაასრულებს, როდესაც პრეზიდენტს აირჩევს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას, საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებიდან გამომდინარე, ქვეყანაში დაწყებული პოლიტიკური პროცესების შეფასებისას განაცხადა.

- კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით იმაში, რომ ძალაუფლება რყვნის...

- "ქართული ოცნება“ ამის კარგი მაგალითია?

- არა მხოლოდ [ქართული ოცნება], ყველა ხელისუფლება კარგი მაგალითია ჩვენ ქვეყანაში და კაცობრიობის პოლიტიკურ ისტორიაშიც არაერთი მაგალითი გვინახავს. რაც არ უნდა კეთილშობილური მიზნებით იყოს პარტია მოსული ხელისუფლებაში, გარკვეული პერიოდის შემდეგ ძალაუფლება, მით უმეტეს შეუზღუდავი ძალაუფლება [რყვნის]. „ქართულ ოცნებას“ სულ არ ჰქონდა შეუზღუდავი ძალაუფლება. ის მთელი 12 წელი მოუნდა ძალაუფლების კონსოლიდაციას და 14 დეკემბერს დაასრულებს, როდესაც აირჩევს პრეზიდენტს, რომელიც უკვე ხალხის არჩეულიც არ იქნება - პრეზიდენტს 300 ხმოსანი აირჩევს; არჩეულიც არ გამოდის, რადგან ერთპარტიული პარლამენტია და ადგილობრივ არჩევნებშიც „ოცნებას“ უმრავლესობა აქვს მოპოვებული, ისევე როგორც აჭარის და აფხაზეთის უმაღლეს საბჭოების შემთხვევაში. შესაბამისად, ძალაუფლების კონსოლიდაცია სრულად დასრულდება, რათა ავტორიტარული მმართველობა თავიდან ბოლომდე გაფორმდეს. სულ უფრო ვრწმუნდები, რომ სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები ჩანასახშია ან ძალიან მყიფეა, 8 წელიწადზე მეტი არცერთი პოლიტიკური ძალა არ უნდა გაჩერდეს ხელისუფლებაში, როგორი ფრთიანი ანგელოზები, პატრიოტები ან კიდევ დემოკრატიის ჩირაღდნები არ უნდა იყვნენ. ძალაუფლებით მთავრობების უმეტესობა ირყვნება და შემდეგ უკვე მათი ფასეულობებიც ასეთია - მე თუ არ ვიქნები [ხელისუფლებაში] ამ ქვეყანას არაფერი ეშველება. ჩემი აზრით, ესაა ძირითადი პრობლემა, რაც „ქართულ ოცნებას“ დაემართა.

- „ოცნების“ ქმედებებში რუსეთს ხედავთ?

- ამ სიტუაციაში რუსეთი მხოლოდ ქირქილებს და კმაყოფილია იმ პოზიციით, რაც ჩვენ [ხელისუფლებას] უჭირავს. ვერ ვხედავ, [ოცნება] პირდაპირი დავალებებით მოქმედებდეს, უფრო ვხედავ ეგოცენტრულ მოქმედებას, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებისკენ არის მიმართული. ბევრი პოლიტიკოსი ხშირად იმეორებს, რომ პოლიტიკაში მუდმივი ოპონენტები და მოკავშირეები არ არსებობენ და ვინც იმ მომენტში გეხმარება და გჭირდება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის... საქართველოს შემთხვევაში, ეს ცოტა სახიფათო ნათქვამია. რასაკვირველია, რუსეთი ჩვენი მტერია, რუსეთი ვერასდროს იქნება ჩვენი მეგობარი, რადგან მის ინტერესებში არაა ძლიერი საქართველო...

- „დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ ხმას არ მივცემ“ - ეს ზაფხულში, #წერტილში სტუმრობისას თქვით და ალბათ ასეც მოიქეცით, მაგრამ გჯერათ, რომ „რუსული კანონის“ ავტორმა ძალამ და პარტიამ რომლის ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო, ქვეყნის ევროინტეგრაცია დღეს შეჩერებულია, 1 120 000 ხმა მიიღო 26 ოქტომბრის არჩევნებზე?

- თითქოს პარადოქსულია [ეს შედეგი] და, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ ჩვენგანს არ ჰქონდა მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ უფრო მეტ ხმას მიიღებდა ამ არჩევნებზე, ვიდრე 2012 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა არჩევნებში მიუღია, მაგრამ ისიც დავინახეთ, რომ ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით „ქართულმა ოცნებამ“ საკმაოდ ეფექტიანად იმუშავა მოსახლეობასთან, სულ რომ თავი დავანებოთ ე.წ. მოსყიდვას, დაშინების ფაქტებს და ა.შ... „ქართულ ოცნებას“ ეფექტური კომუნიკაცია ჰქონდა ამომრჩეველთან, განსხვავებით ოპოზიციისგან. ჩემი მეგობრის პერიფრაზს გავაკეთებ - რა იყო „ოცნების“ მთავარი წინასაარჩევნო გზავნილები, რომელიც სულ ოთხი იყო: 1. ღმერთს დიდება 2. ქვეყანას მშვიდობა 3. ძირს არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია და 4. ყანწით ევროკავშირში. ეს იყო სხარტი გზავნილები, რომელმაც ადამიანების გარკვეულ კატეგორიაზე იმოქმედა. მეორე მხრივ, რა იყო ოპოზიციის მთავარი გზავნილები? – „ქართული ოცნება“ რუსული მთავრობაა, რუსული პარტიაა და ა.შ. მაგრამ ეს არ იყო საკმარისად ეფექტიანი გზავნილები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები