მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2018 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები მთავრობამ კიდევ შეცვალა

5c134ddbc056b
დათო ჯალაღონია
14.12.18 10:25
737
მთავრობამ პარლამენტს 2018 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტის განახლებული ვერსია გადაუგზავნა. კანონპროექტის მიხედვით, ძირითადი ცვლილებები საბიუჯეტო ხარჯებს, შემოსულობებსა და ასაღები ვალის გეგმას შეეხება.

კანონპროექტის წინა წარდგენასთან შედარებით, საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 17.2 მლნ ლარით გაიზარდა და 12 მლრდ 467.9 მლნ ლარით განისაზღვრა. აღნიშნული თანხა მიმდინარე წელს დამტკიცებულ კანონთან შედარებით 26.9 მლნ ლარით მეტია.

საბიუჯეტო შემოსავლებიდან თავდაპირველად წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, მთავრობა 2018 წლის გეგმასთან შედარებით 150.7 მლნ ლარით მეტის მიღებას ელოდა, თუმცა ეს რიცხვი გადამუშავებულ ვერსიაში 148.9 მლნ ლარამდე შემცირდა. რაც შეეხება კონკრეტულად საგადასახადო შემოსავლებს, ამ მხრივ, დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი წინა წარდგენასთან 20 მლნ ლარით შემცირებულია, თუმცა საბოლოოდ მთავრობა დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, დღგ–სგან 30 მლნ–ით მეტს ელოდება.

ცვლილება აქციზიდან მისაღებ შემოსავლებსაც ეხება, რომლის გეგმაც წინა წარდგენასთან შედარებით, კიდევ 20 მილიონი ლარით იზრდება და 1 მლრდ 440 მლნ ლარით განისაზღვრება. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 10 მლნ ლარით ნაკლებია.

გარდა ამისა, გრანტის სახით დაგეგმილი შემოსავლები 74.3 მლნ–ის ნაცვლად, 76.2 მლნ ლარით მცირდება.

რაც შეეხება საინვესტიციო კრედიტებს, რაც ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის არის გათვალისწინებული, საბიუჯეტო ცვლილებების პირველი ვერსიის მიხედვით, მთავრობა ამ საბიუჯეტო მუხლის გეგმას 321 მლნ ლარით ამცირებდა, გადამუშავებულ ვერსიაში კი – 312 მლნ–ით მცირდება. საშინაო ვალის გეგმა კი, 15 მლნ ლარის ნაცვლად, 25 მლნ–ით იზრდება.

საბიუჯეტო შემოსავლებისა და ვალდებულებების ზემოთ მოცემული კონფიგურაციით გადახედვის შემდეგ, მთავრობა მიმდინარე წლის ხარჯების მოცულობას წინა წარდგენასთან შედარებით – 23.8 მლნ ლარით, დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით კი 31.6 მლნ ლარით ზრდის და 12 მლნრდ 491.1 მლნ ლარით განსაზღვრავს. შესაბამისად, ასიგნებების მოცულობა ცალკეული უწყებების მიხედვით იცვლება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ხარჯები 1 565.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 250 მლნ ლარით მცირდება. წინა წარდგენის მიხედვით კი, ეს გეგმა 269 მლნ ლარით უნდა შემცირებულიყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები