"4G-სთან წვდომა დღეს ქვეყნის მოსახლეობის 97%-ს აქვს"
მობილურ ინტერნეტთან, 4G-სთან წვდომა დღეს აქვს ქვეყნის მოსახლეობის 97%-ს, 3G-სთან კი - 99%-ს,- ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე ყუბუსიძე აცხადებს.
რაც შეეხება ფიქსირებულ ინტერნეტს, მისი თქმით, მაღალმთიან რეგიონებში კვლავ არის პრობლემები და ე.წ. ციფრული დისბალანსი.
„სწორედ ამის გამოსწორებას ემსახურება ის სტრატეგია, რომელზე მუშაობაც ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო დონორ ორგანიზაციებთან ერთად. სტრატეგიაში გაიწერება ყველა ის ხარვეზი, თუ ასეთი არსებობს, როგორც საკანონმდებლო, ისე ტექნიკურ ნაწილში. დაიწყება მუშაობა ამ ხარვეზების აღმოფხვრის მიმართულებით. სტრატეგიის მიზანია, 2025 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობის 99%-ს ჰქონდეს წვდომა 4 G-სთან, რაც ადვილი მისაღწევია. ამასთან, ყველა მოსახლეს უნდა ჰქონდეს 100 მგბტ/წამის სიჩაქარის ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობა“,- აცხადებს ეკა ყუბუსიძე.
მისივე თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს აღებული აქვს გარკვეული ტიპის ვალდებულებები, რომელთა შესრულება უახლოეს მომავალში მოუწევს. მისი განმარტებით, მაგალითად, საჭირო იქნება ქსელის გაფართოების ნებართვების პროცედურების გამარტივება.
„ვალდებულებები ძირითადად გულისხმობს პროცესების გამარტივებას კომპანიებისთვის, მათ შორის ძირითადი მიმართულება არის ე.წ. დაშვების ვალდებულება, თანმ რაც შეიძლება ნაკლები ტარიფებით. ასევე შეეხება თემა ქსელის მშენებლობის ნებართვების გამარტივებას, სწორედ ნებართვები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი, რათა ოპერატორებმა შეძლონ საკუთარი ქსელის გაფართოება ფართოზოლოვანი მომსახურების მისაწოდებლად.
დღეს გვაქვს დისბალანსი ამ მიმართულებით. სხვადასხვა მუნიციპალიტეტს აქვს სხვადასხვა მოთხოვნა და მიდგომა, რაზეც ვმუშაობთ, რომ ყველა მუნიციპალიტეტს ჰქონდეს ერთიანი მიდგომა. ოპერატორმა უნდა იცოდეს, რომ სადაც უნდა სურდეს ქსელის განვითარება, ერთიანი წესი იმოქმედებს“,- აცხადებს ეკა ყუბუსიძე.
საფონდო ბირჟები