„აჭარის რეგიონი წლევანდენ სეზონს უფრო მომზადებული ხვდება", - ამის შესახებ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახურის უფროსმა მიხეილ კოპლატაძემ "საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.
"აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ატარებს ტრეინინგებს ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის, ჩვენ გვაქვს ტურიზმის განვითარების სკოლა, რომელმაც შარშან 500 ადამიანი გადაამზადა და წელს ვგეგმავთ 300-მდე ადამიანის გადამზადებას. ამჟამად გვაქვს სახანძრო უსაფრთხოების კუთხით ტრეინინგები, ტარდება ასევე კურსები გიდების გადამზადების კუთხით და სხვა. როგორც კერძო სექტორმა, ასევე სახელმწიფო სექტორმა შეაჯერა და გააანალიზა ამ სფეროში არსებული გამოწვევები და წელს უფრო მომზადებული ვხვდებით ტურისტულ სეზონს, ვიდრე შარშან და მომავალში კიდევ უფრო მომზადებული ვიქნებით.
ჯამში სასტუმროების რაოდენობა 400-მდეა, კერძო სექტორის დათვლა ამ მხრივ ძალიან რთულია, დაახლოებით შეიძლება ითქვას, რომ ბათუმში 20-30 ათასამდე განთავსების ადგილია, თუმცა რეალურად ეს ციფრი გაცილებით დიდია, თუ ჩავთვლით ბინებს რომელიც ქირავდება“ - განაცხადა მიხეილ კოპლატაძემ.
მისივე განმარტებით, აჭარის ტურიზმის ტეპარტამენტი კვლავ აქტიურ პიარ-კამპანიას ახორციელებს მსოფლიოს მასშტაბით ტურისტების მოსაზიდად, რამაც უკვე გამოიღო პოზიტიური შედეგი და ქვეყნის ცნობადობა მნიშვნელოვნად გაზარდა.
"წელს 16 სამიზნე ქვეყანაში გვაქვს აჭარის რეგიონის რეკლამა, რომელიც მოიცავს ინტერნეტ რეკლამას, ბეჭდურ მედიას, ისეთ მსხვილ ტელევიზიებს, როგორიცაა BBC, CNN, Euronews, მოიცავს მედია და ინფოტურებს; მთელი მსოფლიოდან ჩვენ ვიწვევთ ჟურნალისტებს, რომლებიც ამზადებენ მასალებს აჭარის შესახებ ჩვენს სამიზნე ქვეყნებში და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა გამოიღო ის შედეგი, რომ გაზრდილია ჩვენი ქვეყნის ცნობადობა.
აჭარას გასულ წელს 1,5 მილიონზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა, ეს აჭარის ადმინისტრაციული საზღვრების მონაცემებით. თუ გავითალისწინებთ, რომ სასტუმროები ნებაყოფლობით გვაწვდიან ამ მონაცემებს და მათი პროცენტული მაჩვენებელი მხოლოდ 20-30%-ია, ვინც გვაწვდის ამ ინფორმაციას, ეს მაჩვენებელი გაცილებით დიდია, შეიძლება ორჯერ მეტიც იყოს“ - განაცხადა მიხეილ კოპლატაძემ.