მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აგროქოზიყმა" ბელგიური ლურჯას ჰიბრიდი გამოიყვანა

5bb5cff8e45a5
მაია ბიწაძე
04.10.18 12:31
3165
პირველად საქართველოში, შპს ,,აგროქოზიყმა“ ბელგიური ლურჯას ჰიბრიდი გამოიყვანა. ეს არის მეხორცული ჯიშის საქონელი, რომლის წონაც ერთი წლის ასაკში 450-500 კილოგრამს აღწევს. ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა , ბექა გონაშვილმა განუცხადა. მისი განმარტებით, ასეთი ჯიშის ძროხის შენახვა სოფლის მოსახლეობისთვის გაცილებით მოგებიანია, რადგან ის სეზონზე 1500 ლარით მეტ შემოსავალს იძლევა, ვიდრე ადგილობრივი ჯიშის საქონელი. ბელგიური ლურჯას პირმშო 5 თვის ასაკში მინიმუმ 180 კილოგრამს იწონის, მაშინ როდესაც ადგილობრივი ჯიში ამ ასაკში მაქსიმუმ 100 კილოგრამია.

,, ჩვენი კომპანია, შპს ,,აგროქოზიყი“, დიდი ხანია უცხოური ჯიშების ადგილობრივ ჯიშებთან შეჯვარებას ახორციელებს, ბელგიური ლურჯას ჰიბრიდი კი ახლახანს გამოვიყვანეთ. სპერმა ირლანდიიდან შემოგვაქვს და ადგილობრივი ჯიშის ძროხებს ვანაყოფიერებთ. დედოფლისწყაროს სოფლებში უკვე დაიბადა ორი ბოჩოლა და რამდენიმეს კიდევ ველით. ეს ჯიში ზრდასრულ ასაკში 450-500 კილოგრამამდე იზრდება, მისი გამოსავლიანობა საკმაოდ დიდია და მინიმუმ 200-220 კგ ხორცს იძლევა, რაც წელიწადში 2 530 ლარის შემოსავალს ნიშნავს (ხორცის საბითუმო ფასი დაახლოებით 11,5 ლარია)“ - განაცხადა ბექა გონაშვილმა.

მისივე განმარტებით, სოფლის მოსახლეობას ადგილობრივი ჯიშის ძროხების მოვლა-შენახვა გაცილებით ძვირი უჯდება, რომელიც რძეს მხოლოდ 3-4 თვის განმავლობაში იძლევა. ძროხებისთვის საჭირო საკვების ყიდვას მოსახლეობა მთელი წლის განმავლობაში ვერ ახერხებს და მათ ე.წ სოფლის საძოვრებზე აბალახებენ, პირუტყვს დღეში საშუალოდ 20 კილომეტრის გავლა უწევს, რაც მისი რძის გამოსავლიანობაზე უარყოფითად აისახება. ყოველ გავლილ 3 კილომეტრზე ძროხა 1 ლიტრით ნაკლებ რძეს იძლევა.
,, ადგილობრივი ჯიშის ძროხა დღეში საუალოდ 5 ლიტრ რძეს იძლევა, ისიც მხოლოდ 3-4 თვის განმავლობაში, როდესაც მწვანე ბალახია. თუ გავითვალისწინებთ, რომ რძის ფასი 1 ლარია, გლეხის შემოსავალი თვეში დაახლოებით 150 ლარს შადგენს, წელიწადში კი საშუალოდ 600 ლარს. მაგრამ, საქონელს მთელი წლის განმავლობაში შენახვა სჭირდება, ზამთარში თივისა და საკვების მომარაგება, გამოდის რომ გლეხს აღარაფერი რჩება. შესაბამისად მეხორცული ჯიშის ძროხის ყოლა, მისთვის ბევრად მომგებიანი იქნება“ - განაცხადა ბექა გონაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები