2023 წელს, საქართველოს კულტურის კომიტეტისა და ავტორთა ჩართულობის შედეგად საავტორო უფლებების სფეროში დაიხვეწა და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდა კანონი "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ”, 2024 წელს კი საქპატენტმა კანონის შესაბამისად გამოაცხადა აკრედიტაციის კონკურსი, სადაც ქართველი ხელოვანების შექმნილმა ასოციაცია IPOA-მ გაიმარჯვა და მას შემდეგ აღნიშნულ სფეროში ბევრი რეფორმა გატარდა იმისთვის, რომ გაზრდილიყო როგორც ავტორ-შემსრულებელთა ჰონორარები ისე, ბოლომდე დაცული ყოფილიყო მათი უფლებები ყველა სფეროში. აღნიშნულ ცვლილებებში საყურადღებოა ტარიფების რეგულირება, როგორც ჰორეკა სექტორისთვის ისე ქართულ ბაზარზე ე.წ “კერძო კოპირების” მიმართულების ამუშავება, რადგან ამან შესაძლებელი გახადა სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლებს მყისიერად ეგრძნოთ ჰონორარების მნიშვნელოვანი ზრდა. უფრო კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით IPOA-ს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელს ლაშა მდივანს და ავტორ-შემსრულებლებს კახა ცაბაძესა და ანი კეკუას ვესაუბრეთ. ბატონო ლაშა, ბევრისთვის გაუგებარია რას ნიშნავს ”კერძო კოპირება” და რატომ გაჩნდა იმის აუცილებლობა, რომ საავტორო უფლებების სფეროში ეს მიმართულება დანერგილიყო?
ლაშა მდივანი: “კერძო კოპირება” ანუ ე.წ კერძო მიზნებით რეპროდუცირების საკითხი კანონში ყოველთვის არსებობდა უბრალოდ ამის აღსრულება ვერ ხდებოდა, რადგან არ არსებობდა კონფიდენციალურობის დაცვის საკითხები. 2023 წლის ცვლილებებით ეს საკითხები კანონმა დაარეგულირა და შესაბამისად, დაიწყო აღნიშნული კომპონენტის აღსრულება საქართველოს ბაზარზეც. “კერძო კოპირების” მიმართულება ჩვეულებრივი პრაქტიკაა მთელ მსოფლიოში. უფრო მარტივ ენაზე რომ ავხსნათ, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ - ჩვეულებრივი პირები ანუ, ადამიანები რომლებიც პირადი მიზნებით ვახდენთ მუსიკის რეპროდუცირებას სახლში - ვუსმენთ მუსიკას, ამისთვის უფლება მფლობელებს ეკუთვნით კომპენსაცია. რა თქმა უნდა, ის რომ ყველა ადამიანს ცალ-ცალკე დავუკავშირდეთ და გამოვართვათ ეს ჰონორარი ან ორგანიზაციამ ან ავტორმა არარეალისტურია. სწორედ ამიტომ ამ კომპენსაციის შეგროვების საკითხი ჩვენთანაც და მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში ხდება იმპორტიორების ან მწარმოებლების მიერ იმ გადასახდელი თანხის საშუალებით, რომელიც შეგვიძლია განვმარტოთ, როგორც ხელოვანთათვის ზარალის მიყენების ანაზღაურების კომპენსაცია. კომპენსაციის გადახდა კი უწევთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მათ შემოაქვთ ისეთი მოწყობილობები, რომლების მეშვეობითაც შესაძლებელია მუსიკის პირადი მიზნებით კოპირება ან რეპროდუცირება. საერთაშორისო ბაზარზეც ასეა ეს საკითხი დარეგულირებული? საქართველოში გადმოტანილია საერთაშორისო გამოცდილებაც და საუკეთესო პრაქტიკაც. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ზუსტად ისეთივე მექანიზმით ხდება მწარმოებლებისგან და იმპორტიორებისგან ამ ჰონორარების შეგროვება, როგორც ჩვენთან.
ამგვრად, საქართველოს კანონმდებლობა ამ კუთხით ევროპულ კანონმდებლობასთან და ევრო დირექტივასთან სრულ თანხვედრაში და შესაბამისობაშია. სწორედ ამის საფუძველზე განხორციელდა ჩვენთანაც ეს ცვლილებები. როგორ ფიქრობთ ხომ არ დააზარალებს ეს ამბავი, განსაკუთრებით საშუალო და მცირე ბიზნესს - ვგულისხმობ, რომ მათ ზედმეტი ხარჯი ექნებათ… თავიდან, როცა რაღაც რეფორმები ინერგება ყველა ცვლილება მტკივნეულია. ჩვენ კარგად გვესმის და გააზრებული გვაქვს ის, თუ რას ნიშნავს ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და ამ სფეროში ხელოვანის ჰონორარის შეგროვება. შესაბამისად, ასოციაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ნომერ პირველი საზრუნავი და საფიქრალი მისთვის ხელოვანი ადამიანები იყვნენ, რომელთაც უნდა დაუფასდეთ თავიანთი შემოქმედება და ეს ყველა განვითარებულ ქვეყანაში ასეა. ამიტომ, ეჭვი არ გვეპარება,რომ “კერძო კოპირების” თემასაც გაგებით მოეკიდება ბიზნეს სექტორი. აი წარმოიდგინეთ, რომ საერთაშორისო დონის ის სტანდარტი, რაც ბიზნეს ავალდებულებს ხელოვანთათვის შესაძლო ზარალის მიყენების ანაზღაურებას გადახდას ამავდროულად, იწვევს ბიზნეს სექტორის ჩართულობას სოციალური პასუხისმგებლობის საკითხში. სოციალური პასუხისმგებლობა რას ნიშნავს ბიზნესისთვის და რამდენად მიუთითებს ამა თუ იმ ბიზნესის დადებით იმიჯზე ამაზე თქვენს ყურადღებას აღარ შევაჩერებ, რადგან ამის როლი საქართველოში დღეს უკვე ყველა ბიზნესმა გადასარევად იცის. მე უბრალოდ მინდა ავხსნა როგორი უნიკალურია “კერძო კოპირება”, რომელიც შესაძლებლობას აძლევს იმპორტიორებსა და მწარმოებლებს გამოხატონ თავიანთი თანადგომა და დადებით დამოკიდებულება ხელოვანთა მიმართ. გარდა ამისა, მათ უნდა იცოდნენ რომ ყოველი მათი გადახდილი თეთრი მიდის ავტორ-შემსრულებლებთან და ეს თანხა ხმარდება ხელოვნების სფეროს განვითარებას, ფეხზე დადგომას და ახალი შემოქმედების შექმნას. პარლამენტის კულტურის კომიტეტის მიერ დაორგანიზებული კანონის ცვლილებაც და საქპატენტის აკრედიტაციის კონკურსიც ზუსტად იმიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ ასოციაცია რომელიც გახდებოდა ხელოვანთა უფლებების დამცველი უნდა ყოფილიყო ისეთი სანდრო და ჰქონოდა ისეთი სამართლებრივი საყრდენი, რომელიც ავტორთა უფლებებს ბოლომდე დაიცავდა ისე, როგორც ეს ხდება ევროპულ ქვეყნებში. შესაბამისად, ეს რეგულაციები და მაგალითები რაც არსებობს ევროპულ ქვეყნებში ჩვენთვისაც არის პრიორიტეტული რათა სწრაფად დაინერგოს ჩვენს ქვეყანაში მათი პრაქტიკა - ჩვენს სოციალურ გარემოზე მორგებული სწორი მოდელი იმისთვის, რომ საავტორო უფლებების სფერო განვითარდეს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ყველა ასეთ ბიზნესს ეკუთვნის ამ თანხის გადახდა. აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ეს კომპენსაცია ბიზნესის გადასახდელი კი არ არის არამედ, შედის პროდუქტის თვითღირებულებაში, რადგან როდესაც იმპორტიორები ყიდიან მოწყობილობებს მომხმარებელზე, ავტორ-შემსრულებელთათვის გადასახდელი საკომპენსაციო თანხა ამ ღირებულებაში უკვე შესულია. შესაბამისად, საბოლოო გადამხდელი ჩვეულებრივი ფიზიკური პირია და არა კონკრეტული ბიზნესი. წლის განმავლობაში ერთ სულ მოსახლეს, სადღაც ერთი ევროს გადახდა უწევს იმისთვის, რომ მოუსმინოს მუსიკას თავის მოწყობილობაში, რაც მიზერული თანხაა, თუმცა ხელს უწყობს სფეროს განვითარებას და იმას, რომ შემოქმედი ადამიანის უფლებები ბოლომდე იყოს დაცული.
კახა ცაბაძე(კომპოზიტორი): როდესაც IPOA-ს პლატფორმაზე გავერთიანდით ჩემთვის ყველაზე მთავარი იყო კეთილსინდისიერება და ხელოვანთა დაფასება. ამიტომ შეიქმნა ეს ასოციაციაც. უკვე ერთი წელი გავიდა აკრედიტაციის კონკურსიდან და არ შემიძლია არ ვთქვა, როგორ დაფასებულად ვგრძნობთ თავს. თურმე ჩვენი შემოქმედება ვიღაცისთვის მართლა მნიშვნელოვანია და ჩვენივე ინტელექტუალური საკუთრების შედეგად მიღებული ჰონორარით შეგვიძლია ახალი იდეების დაფინანსება, ახლის შექმნა და ხელოვნებაში დარჩენა. ერთი წლის ფონზე უამრავი რამ გაკეთდა ჩვენს სფეროში. ჰონორარები საგრძნობლად გაიზარდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ხელოვანისთვის მთავარი შემოსავლის წყარო ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში სწორედაც, რომ საავტორო უფლებების ასოციაციიდან მიღებული ჰონორარია. მადლობა კიდევ ერთხელ "იპოას" იმ შრომისთვის, რაც საქართველოს ბაზარზე გასწიეს და ახლა უკვე აქტიურად მუშაობენ საერთაშორისო მიმართულებით. აქვე, აუცილებლად დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც გაგებით მოეკიდნენ ამ ცვლილებას, რასაც შესაძლოა მათი გადასახადების ზრდა მოჰყვა მაგრამ შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ ამით ძალიან დიდ სოციალურ პასუხისმგებლობას იჩენენ ხელოვნების და კულტურის სფეროს მიმართულებით და თითოეული თეთრი, რომელსაც იმპორტიორები იხდიან ხმარდება ისევ კულტურის სფეროს განვითარებასა და ხელოვანი ხალხის ჰონორარებს.
ანი კეკუა(შემსრულებელი): გარდა იმისა, რომ მე მუსიკოსი ვარ არაერთ მსხვილ კომპანიაში მიმუშავია და მესმის რამხელა მნიშვნელობა აქვს ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას. შესაბამისად, ის რაც “კერძო კოპირების” მეშვეობით თითოეული ბიზნეს იმპორტიორისთვის სავალდებულო გახდა არის უმნიშვნელოვანესი სოციალური პასუხისმგებლობა მათი მხრიდან. შეიძლება ითქვას, რომ მათ აქვთ “უნიკალური ვალდებულება” იმისა, რომ ხელოვნების სფერო გააძლიერონ და ფეხზე დააყენონ. ამიტომ დარწმუნებული ვარ ყველა იმპორტიორი გაგებით მოეკიდება აღნიშნულ საკითხს და საავტორო უფლების ასოციაციასთან ითანამშრომლებენ ისე, როგორც ეს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ხდება. ჩვენ ხელოვანებს, მით უმეტეს ისეთ პატარა ბაზარზე როგორიც საქართველოა უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, რომ დავრჩეთ ხელოვნებაში და ვაკეთოთ ჩვენი საყვარელი საქმე ამაში კი, ყველა ის ნაბიჯი და ცვლილება გვეხმარება რაც საავტორო უფლებების სფეროში ხორციელდება.