ჯეფ ბეზოსის მიერ დაფუძნებულმა ამერიკულმა Amazon-მა პროექტ Kuiper-ის ფარგლებში, Boeing-ისა და Lockheed Martin-ის ერთობლივი საწარმოს, United Launch Alliance-ის მიერ შექმნილი რაკეტით დედამიწის ორბიტაზე 27 პროტოტიპული სატელიტი გაუშვა, რაც კომპანიის მიერ კოსმოსური ინდუსტრიის ათვისებისკენ გადადგმული ერთ-ერთი პირველი საფუძვლიანი ნაბიჯია.
სატესტო მისიის ფარგლებში, Amazon-ი ერთბაშად რამდენიმე ტექნოლოგიურ გადაწყვეტას გამოცდის, როგორც უშუალოდ რაკეტის აფრენის, ასევე სატელიტებთან კომუნიკაციის მიმართულებით.
საერთო ჯამში, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, Amazon-ი დედამიწის ორბიტაზე დამატებით 3200-ზე მეტი სატელიტის განთავსებას გეგმავს. თუ გავითვალისწინებთ, რომ აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისიის მოთხოვნისამებრ, Amazon-მა სატელიტები ორბიტაზე 2026 წლის ჩათვლით უნდა გაუშვას, მომდევნო წლები ასეთი ტიპის სიახლეებით მეტად დატვირთული იქნება.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2019 წელს, Amazon-მა ამ პროექტში $10 მილიარდის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო. Kuiper-ის მიზანი ილონ მასკის SpaceX-ის სატელიტური ინტერნეტის პროექტისთვის, Starlink-ისთვის კონკურენციის გაწევაა.