"პანიკის საფუძველი არ გვაქვს", - ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძე ბოლო დღეების სტატისტიკური მაჩვენებლების კომენტირებისას გააკეთა.
„დღეს ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა გვაქვს, გუშინ იყო 10 შემთხვევა, გუშინ წინ - 11 და ა.შ. პირდაპირ გეტყვით, პანიკის საფუძველი არ არის და სიტუაცია პროგნოზირებადი იყო. მთავარია, რომ მატება იყოს კონტროლირებადი. დღეს ქვეყანაში პროცესი არის მართავდი და მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს. ფაქტია, რომ სიტუაცია მოდუნდა და შეიქმნა ილუზია, რომ კორონავირუსი დამარცხდა. არა, ასე არ არის, ვირუსი არის ჩვენთან ერთად. განსაკუთრებულად ცხელი წერტილი არის ე.წ. გაჩიანის დასახლება და მისი სამი სოფელი. იქ მიმდინარეობს თერმოსკრინინგი და სოფლების გამოსასვლელებში ხორციელდება მონიტორინგი. სამწუხაროდ, კვლევებზე მოსახლეობაში ცუდი დამოკიდებულებაა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ მოსახლეობა უარს ამბობს ნაცხის აღებასა და ტესტის გაკეთებაზე და დაავადებათა კონტროლის ბრიგადებს ადგილზე მუშაობა ძალიან უჭირთ.
გამყრელიძე ადგილობრივებს მოუწოდებს, ითანამშრომლონ მედიკოსებთან. ის არ გამორიცხავს, რომ გაჩიანი ჩაიკეტოს.