ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტი პირველ გემებს 2020 წლისთვის მიიღებს, ამ დროისთვის ამოქმედდება ასევე სპეციალური ეკონომიკური ზონაც, რომელიც კომპანიებს არამხოლოდ საგადასახადო შეღავათებს, არამედ საოპერაციო ნაწილში გამარტივებულ პროცედურებს შესთავაზებს.
როგორც BM.GE-თან "ანაკლია სითის’’ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, ამ ეტაპზე ეკონომიკური ზონისა და პორტის მიმდებარე ტერიტორიის დაგეგმარებასა და ეკონომიკური პოტენციალის შესწავლას ბრიტანული კომპანია ახორციელებს, რომელიც კონკრეტულ სამოქმედო გეგმას სექტემბერში წარმოადგენს. ქეთი ბოჭორიშვილის თქმით, ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს მთავრობასთან შესაბამის კანომდებლობაზე, რომელიც ანაკლიაში კომპანიების მოზიდვის ერთ-ერთი წინაპირობა გახდება.
"ამით ჩვენ შევძლებთ ანაკლიაში მოვიზიდოთ წარმოების, დისტრიბუციის, სასაწყობე მეურნეობის კუთხით კომპანიები, შემდგომ წარმოების აწყობის და სხვა სერვისების მიმართულებითაც. სპეციალური ეკონომიკური ზონა გულისხმობს გარკვეულ შეღავათებს, მაგრამ ეს არ არის კონკრეტულად გადასახადებზე მიბმული შეღავათები, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია არასაგადასახადო მიმართულებითაც სხვა სტიმულირება, რომელიც კომპანიებს კიდევ უფრო დიდ სურვილს გაუჩენს, რომ ამ ზონაში იყოს. ჩვენ დღეს ვსწავლობთ საერთაშორისო გამოცდილებას, წამყვან ეკონომიკურ ზონებს. ჩვენი მიზანია საერთაშორისო კომპანიების მოზიდვა. გვინდა ისეთი ზონა შევქმნათ, რომელიც კონკურენტუნარიანია სხვა ზონებთან შედარებით. აქედან გამომდინარე უფრო მეტი მუშაობა გვიწევს, რადგან ჩვენ უნდა შევეჯიბროთ სხვა სპეციალურ ეკონომიკურ ზონებს.
რა თქმა უნდა, გაუმჯობესდება სხვა ინდუსტრიული ზონების რეგულაციები, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ კონკრეტულად ანაკლიაზე ვმუშაობთ. ეს არ არის მხოლოდ საგადასახადო კუთხით შეღავათები. საგადასახადო შეღავათები არსებულ ზონებს ერთ-ერთი საუკეთესო აქვთ. ეს არის უფრო მეტად ოპერაციის ნაწილში, რაც შეიძლება უფრო ნაკლები ბიუროკრატია იყოს, გამართული სისტემა იყოს და ასევე ვფიქრობთ, საერთაშორისო არბიტრაჟს, რომელსაც დავნერგავთ და კომპანიებისთვის იმ სხვადასხვა ეკოსისტემას შევქმნით, რომელიც კომპანიების იქ ფუნქციონირებისთვის არის მნიშვნელოვანი’’-განუცხადა BM.GE-ს ,,ანაკლია სითის’’ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ბოჭორიშვილმა.