მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-მა დასაკეცი iPhone-ის და ჭკვიანი სათვალის გამოშვება გადაწყვიტა

დასკეცი iphone

ტექნოლოგიურ პროგრესში საგრძნობელი ჩამორჩენის მიუხედავად, ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტს, Apple-ს 2027 წლისთვის ამბიციური გეგმები აქვს, რაც ბაზარზე ახალი კატეგორიის პროდუქტების ჩაშვებას ითვალისწინებს.

Bloomberg-ის ჟურნალისტის, მარკ გარმენის ინფორმაციით, 2027 წელს მთავარი სიახლე გასაშლელ-დასაკეცი iPhone 18 იქნება, რომელიც კონკურენციას Samsung Galaxy Fold-სერიას გაუწევს. თუკი იმას გავითვალისწინებთ, რომ Samsung-მა პირველი გასაშლელი სმარტფონი 2019 წელს გამოუშვა, მაშინ გამოვა, რომ Apple-ის პასუხი ზუსტად 8 წლით იქნება დაგვიანებული, რაც ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში საუკუნედ შეიძლება ჩაითვალოს.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა, ტიმ კუკმა მენეჯმენტს განუცხადა, დასაკეცი iPhone-ის დიზაინი მაქსიმალურად დახვეწილი და სრულყოფილი უნდა იქნეს. ასევე, კუკის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ გადაკეცვის წერტილში სმარტფონის ეკრანს არაფერი არ უნდა ეტყობოდეს და მექანიზმი მომხმარებლისათვის შეუმჩნეველი უნდა იქნეს. როგორც გარმენი ამბობს, თუკი Apple-ის დიზაინერები ასეთ სმარტფონს 2027 წლისთვის ვერ შექმნიან, მაშინ კომპანია მას ბაზარზე არ ჩაუშვებს და პროექტის განვითარებას კიდევ რამდენიმე წლით გადაავადებს.

ბუნებრივია, ამ პროექტთან დაკავშირებით ბევრი რამ არ არის ცნობილი, გარდა იმისა, რომ დასაკეცი iPhone-ის ფასი ჩვეულებრივ iPhone 18-ზე თითქმის 2-ჯერ მეტი იქნება, რაც გასაკვირი არ არის.

გარდა ამისა, 2027 წლისთვის ამერიკული კომპანია ჭკვიანი სათვალის გამოშვებას გეგმავს, რომელიც Apple Intelligence-ით იქნება აღჭურვილი და ის კონკურენციას Meta-Ray-Ban-ის AI-სათვალეს გაუწევს. ცუკერბერგის მიერ წარმოდგენილი სათვალის მსგავსად, Apple-ის სათვალეს კამერა, დინამიკი, პროცესორი და AI-ასისტენტი ექნება ჩაშენებული, თუმცა ის Meta-ს სათვალეზე გაცილებით ძვირი ეღირება.

აგრეთვე, Apple Intelligence-ის ჩაშენება იგეგმება Apple Watch-ებსა და AirPods-ებში, რაც გასაკვირი არ არის, რადგან Samsung-იც სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება.

გარმენის ინფორმაციით, iOS 20-ის გამოშვებასთან ერთად, იგეგმება Apple-ის ასისტენტის, Siri-ის ფუნდამენტური განახლებაც, რომელიც აგრეთვე სრულ AI-ფუნქციონალს მიიღებს და Google Gemini-ის ღირსეულ კონკურენტად იქცევა.

სხვა სიახლეებს რაც შეეხება, Apple-ში აქტიურად განიხილავენ დასაკეცი iPad-ის და სენსორული ეკრანის მქონე Mac-ების გამოშვებას, თუმცა ამ პროდუქტებთან დაკავშირებით ვადები უფრო მეტად 2028-29 წლებზეა განსაზღვრული.

უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებულ პროექტებთან დაკავშირებით კომპანიის მენეჯმენტი ჯერაც არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული და არ არის გამორიცხული, ზოგიერთი მათგანის გამოშვება გადაიდოს ან პროექტზე მუშაობა საერთოდ შეწყდეს, ისევე როგორც ეს Apple-ის ავტომობილის შემთხვევაში მოხდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები