იურისტი ლევან ალაფიშვილი საპენსიო კანონმდებლობის გასაჩივრებას გეგმავს. მისი განცხადებით, კანონის ოფიციალურად გამოქვეყნებისთანავე ის საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს და მის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.
BM.GE-სთან საუბრისას, ალაფიშვილმა არ გამორიცხა, რომ სარჩელს რამდენიმე ახალგაზრდული ორგანიზაციაც შეუერთდეს, თუმცა რომელი-არ დააკონკრეტა.
"მთავრობას აქვს უსუსური მცდელობა, შეფუთოს ეს ყველაფერი და თქვას, რომ საპენსიო შენატანი გადასახადი არ არის. ეს გადასახადია და მისი შემოღება ანტიკონსტიტუციურია", - განაცხადა ალაფიშვილმა.
მისივე თქმით, მხოლოდ ეს საკითხი არ აყენებს ეჭვქვეშ კანონის ანტიკონსტიტუციურობას, არის სხვა ნიუანსებიც.
"მთავრობამ მარტივ კითხვაზე უნდა გასცეს პასუხი, შეიძლება არსებობდეს სასჯელი იმისთვის, რომ მე ჩემს თავზე არ ვზრუნავ? ამაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დევს კანონთა პაკეტში, - ძალიან ბევრი ნიუანსია, რომელიც ანტიკონსტიტუციურად შეიძლება ჩაითვალოს", - განაცხადა ალაფიშვილმა.
იურისტის თქმით, უმჯობესი იქნებოდა, რომ მთავრობა ნებაყოფლობითი დაგროვების პრინცი აერჩია და მისი სტიმულირება მოეხდინა, რაშიც საზოგადოების და სპეციალისტების მხარდაჭერაც ექნებოდა. ალაფიშვილი არ გამორიცხავს იმასაც, რომ საზოგადოების აქტიურობის კვალობაზე კანონს პრეზიდენტმა ვეტოც კი დაადოს.