თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ ბრძოლას უერთდება - ამის შესახებ განცხადება მოძრაობის გვერდზე გამოქვეყნდა.
„თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები არ ვაღიარებთ არჩევნების ლეგიტიმურობას, სოლიდარობას ვუცხადებთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და ვუერთდებით გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ ბრძოლაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ჯგუფ „დაიტოვეს“ და სტუდენტების აქცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დასრულდა. სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტის შენობაში ღამის გათენებას გეგმავს.
დღეს, თსუ-ს პირველ კორპუსთან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც კორპუსის ტერიტორიაზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა სტუდენტები შენობაში არ შეუშვეს. თსუ-ს სტუდენტების ნაწილს ბათუმელი სტუდენტებისთვის სოლიდარობის გამოხატვა სურდათ. თავის მხრივ ბათუმელი სტუდენტებმა ბსუ-ში საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი არჩევნების გაყალბებას და ამ პროცესში აკადემიური სფეროს - უნივერსიტეტის ჩართულობას აპროტესტებდნენ.
თსუ-სთან სამართალდამცველების მობილიზების შემდეგ, „დაიტოვეს“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მყოფ სტუდენტებს შეუერთდა, შემდეგ კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან გადაინაცვლეს.
ახალგაზრდებმა, აქცია ხვალ, 11:00 საათზე, ცესკოსთან დააანონსეს, სადაც, მათი განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნების საბოლოო ოქმს შეაჯამებს.