მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის საპენსიო ფონდებმა $169 მილიარდი დაკარგეს - როგორ აისახა პროცესი საქართველოს საპენსიო დანაზოგებზე?

პენსია

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანას ტარიფები დაუწესა, გლობალურ საფონდო ბირჟაზე ვითარება მკვეთრად შეიცვალა, ხოლო ბაზრიდან ტრილიონობით დოლარი გავიდა. გამომდინარე იქიდან, რომ გლობალური კომპანიის აქციების, ისევე, როგორც სახელმწიფოების ფასიანი ქაღალდების ყველაზე დიდ მფლობელებს შორის სუვერენულ და საპენსიო ფონდებს ვხვდებით, ბოლო კვირებში დაფიქსირებული კორექციით ყველაზე მეტი სწორედ ამ ორგანიზაციებმა იზარალეს.

ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია Equable Institute-ის დათვლებით, ამერიკის შეერთებული შტატების უდიდესმა საპენსიო ფონდებმა ჯამში $169 მილიარდის არარეალიზებული წაგება დააფიქსირეს. ეს წაგება მხოლოდ ფურცელზე არსებობს, რადგან ფონდებს ფასიანი ქაღალდები არ გაუყიდიათ, ანუ წაგება არ არის რეალიზებული.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მოქალაქეების დანაზოგების ნაწილი სწორედ გლობალური კომპანიების აქციებშია ინვესტირებული, გაჩნდა კითხვა, თუ როგორ აისახა ბირჟაზე მიმდინარე პროცესები ჩვენს საპენსიო დანაზოგებზე. თუ სამ აპრილს საპენსიო ფონდის მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობა 6.5 მილიარდი ლარი იყო, ექვს აპრილს აქტივების ღირებულება 6.4 მილიარდ ლარად იყო შეფასებული, ანუ ამ მოკლე პერიოდში ფონდმა 102 მილიონი ლარის არარეალიზებული ფინანსური ზარალი ნახა.

ის არარეალიზებული ფინანსური ზარალი, რომელიც ამერიკულმა ფონდებმა და საქართველოს საპენსიო სააგენტომ დააფიქსირეს, სამიდან რვა აპრილის ჩათვლით პერიოდთანაა დაკავშირებული, როცა საფონდო ბირჟა, უმეტესწილად, იკლებდა. მოგვიანებით, დონალდ ტრამპმა ტარიფები გადაავადა, რასაც ბირჟაზე ზრდა მოჰყვა და წაგება, რომელიც ფონდმა დააფიქსირა, ამ დრომდე, ფაქტობრივად სრულად აღმოიფხვრა. დღეს, საქართველოს საპენსიო აქტივების ღირებულება 6 მილიარდ 519 მილიონი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები