პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანული მხარე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ინფრასტრუქტურის დასრულებისთვის $100 მილიონს გამოყოფს. პრემიერის თქმით, ახალი რკინიგზა სრულ ექსპლოატაციაში 2024 წელს შევა.
"რკინიგზის მიმართულებით, რეკორდული შემოსავლები გვაქვს და გადაზიდული ტვირთის რაოდენობა, მოცულობაც არის რეკორდული. გვჭირდება რკინიგზის მოდერნიზაციის სწრაფად დასრულება, აუცილებელია ის, რომ გამტარუნარიანობა იყოს შესაბამისი და შესაფერისი იმ ტვირთთა ნაკადისთვის, რომელიც მოედინება, მოემართება ჩვენი კორიდორის მიმართ.
ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი 2024 წელს დასრულება. ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანთან უკვე მივაღწიეთ შეთანხმებას და 100 მილიონი დოლარი დამატებით გამოიყო ამ პროექტის დასასრულებლად და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 86% არის დასრულებული და 2024 წელს აღნიშნული პროექტი საზეიმოდ გაიხსნება,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელის დავით ფერაძის თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ამოქმედების შემდეგ წელიწადში 5 მილიონ ტონა ტვირთებს გაატარებს.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი სატესტო რეჟიმში 2017 წლის 30 ოქტომბერს ამოქმედდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის 98 კმ-იანი რკინიგზა, რომლის 68 კმ თურქეთის ტერიტორიაზეა, 30 კმ კი საქართველოს ტერიტორიაზე. ამავე პროექტით საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ-იანი სარკინიგზო მონაკვეთის რეკონსტრუქცია მოხდა. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საერთო სიგრძე 827 კმ-ია. გასულ წელს რკინიგზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 476.9 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის მონაცემებს 2.1-ჯერ აღემატება.