2018 წლის თებერვალში კომპანია „ბადაგონში“ ყოფილი მეწილის, კომპანია „გრაკორო თრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, საგამოძიებო სამსახური შევიდა. გამოძიება „ბადაგონის“ მიერ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე მიმდინარეობდა. კომპანია „ბადაგონის“ 100% წილის მფლობელი დღეს გიორგი სალაყაიაა, თუმცა წლების განმავლობაში „ბადაგონში“ წილს ფლობდა „გრაკორო“, რომელიც გიორგი სალაყაიას წილის მითვისებაში სდებს ბრალს. Bm.ge დაინტერესდა, როგორ ვითარდებოდა მოვლენები ბადაგონის გარშემო, როგორ მოხდა წილების გადანაწილება და როგორ აღმოჩნდა კომპანია გიორგი სალაყაიას ხელში.
როგორც ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატი, იმედა დვალიძე განმარტავს, „გრაკორო თრეიდინგ ლიმითედმა“ ინვესტირება 2003 წლიდან დაიწყო. „ბადაგონამდე“ იყო კომპანია „მეღვინეობის რაინდი“, სადაც ჯანჯღავას კომპანია შპს-ში წარმოდგენილი იყო 60%-ით. დანარჩენ 40%-ს ფლობდა 4 ფიზიკური პირი, რომელთა წილები წლების განმავლობაში „გრაკორომ“ გამოისყიდა და 2010 წლიდან ის „ბადაგონის“ ერთადერთი პარტნიორია. როგორც დვალიძე განმარტავს, გიორგი სალაყაიას არ დაუფუძნებია კომპანია „ბადაგონი“ და ის 2013 წლამდე არასდროს ყოფილა „ბადაგონის“ პარტნიორი.
„არანაირი შემხებლობა ამ საქმესთან გიორგი სალაყაიას არ ჰქონდა. ის რუსთავიდან იყო მაჟორიტარი დეოპუტატი და 2004-2008 წლებში გახლდათ საქართველოს პარლამენტის წევრი. ის ვერ იქნებოდა კომპანიის დამფუძნებელი, თუნდაც ამ მიზეზის გამო. ის ვერ იქნებოდა დირქტორი, თუნდაც ამ მიზეზი გამო. მისი მოწვევა მოხდა როგორც არაფორმალური მენეჯერის და ის ძირითადი დამფუძნებელი „გრაკოროს“ მესვეურების თხოვნით ჩაერთო როგორც მენეჯერი ამ საქმეში, რადგან ისინი ვერ ახერხებდნენ საქართველოში ინტენსიურად ყოფნას“-აცხადებს იმედა დვალიძე.
როგორც დვალიძე ამბობს, „ბადაგონის“ ერთადერთი ინვესტორი იყო ვლადიმერ ჯანჯღავა და მისი კომპანია „გრაკორო“. 10 წლის განმავლობაში ვლადიმერ ჯაჯნღავა ახდენდა „ბადაგონში“ ინვესტირებას და ამ თანხამ 20 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც დოკუმენტურად დასტურდება. ჯერ კიდევ „მეღვინეობის რაინდს“ და შემდგომ „ბადაგონს“ სესხის ხელშეკრულებით და შეთანხმების საფუძველზე „გრაკორომ“ 13 მილიონ დოლარზე მეტი ასესხა, რაც მოგვიანებით ჯანჯღავამ „ბადაგონის“ საწესდებო კაპიტალში შეიტანა.
2012 წლიდან 2014 წლამდე „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ მიერ ბადაგონის საწესდებო კაპიტალში შეტანილმა თანხამ შეადგინა 24 309 669, მაშინ როცა 2012 წლამდე ღვინის კომპანიის საწესდებო კაპიტალი 4000 ლარი იყო.
„გრაკოროს“ ინფორმაციით, 2011 წლის 31 დეკემბერს „ბადაგონის“ დამფუძნებელმა კომპანიამ „გრაკორო ტრეიდ ლიმიტედმა“ გადაწყვიტა, რომ მანამდე „ბადაგონისთვის“ მიერ სესხად მიცემული 13 640 684 დოლარი შეეტანა „ბადაგონის“ საწესდებო კაპიტალში. აქ არ შედიოდა ამ ვალის ძირზე დარიცხული პროცენტი, რომელიც რეალურად ვალად დარჩა. ეს გარიგება“ბადაგონსა“ და „გრაკორო“ შორის გაფორმდა შეთანხმებით.
ასევე, 2013 წლის მაისში“ გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედმა“ კიდევ გაზარდა „ბადაგონის“ საწესდებო კაპიტალი და შეიტანა ანგარიშზე 459 441 დოლარი. კერძოდ, თანხა დაირიცხა 4 მაისს ანგარიშზე და ზუსტად 2 თვესა და 21 დღეში, იმავე წლის 25 ივლისს, სალაყაიამ 10 000 დოლარად შეიძინა „ბადაგონის“ 40 %.
„გრაკორო ტრეიდ ლიმიტედმა“ 2014 წელს ბადაგონში დამატებით 358 500 დოლარი ჩარიცხა 25 სექტემბერს, ხოლო ოთხ თვეში სალაყაიამ, როგორც თვითონ ამბობს, უკვე 2015 წლის 27 იანვარს შეიძინა დარჩენილი წილი 30 000 დოლარად.
იმედა დვალიძე ამბობს, რო ამ ქრონოლოგიაში ყველაზე საინტერესი გახლავთ შემდეგი: გრაკორომ, რომელმაც გადაწყვიტა 13 მილიონ 600 ათას დოლარზე მეტი შეეტენა ბადაგონის საწესდებო კაპიტალში, უცებ რატომ გადაწყვიტა წილის 40 % -ის 10 000 დოლარად გაყიდვა?!! მითუმეტეს ,რომ გაყიდვამდე ანუ 25 ივლისამდე ორი კვირით ადრე, დამატებით 459 441 დოლარი გრაკორომ კიდევ შეიტანა ბადაგონის კაპიტალში. რატომ დათმო გრაკორომ მიზერულ თანხად კომპანიის წილი.?
დვალიძე ამბობს, რომ ბადაგონი, როგორც ამას გიორგი სალაყაია აცხადებს, არ იყო ბანკროტი და მისი ღირებულება ნულს არ უტოლდებოდა. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ბადაგონს 10 მილიონი დოლარის სესხს ბანკი არ მისცემდა, რაც დოკუმენტურად დასტურდება.
მისი თქმით, გრაკორო ბადაგონს 2013 წლამდე აფინანსებდა. ეს ის პერიოდია, როცა ჯანჯღავას უცხოეთში ფინანსური პრობლემები შეექმნა. ამ დროს ბადაგონს ფორმალურად კვლავ სალაყაია მართვადა. კომპანია 2012 და 2013 წლებში ბადაგონი მოგებაზე გავიდა, ხოლო 2014 წლიდან უეცრად შემოსავლებმა კლება დაიწყო და ზარალი დაფიქსირდა. ყოველ შემთხვევაში ასე ეუბნებოდნენ დამფუძნებელს, ვლადიმერ ჯანჯღავას. დვალიძე ასევე ამბობს, რომ მსჯელობისას მივიდნენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ადგილობრვი საკრედიტო რესურსი მოეზიდათ და კომპანიას წარმადობა გაეზარდა.
„რჩევა იქნა მიცემული, რომ კარგი იქნება თუ კომპანიაში თუნდაც ერთი სუბიექტი, თუნდაც მინორიტარად გამოჩნდება საქართველოს მოქალაქე, ფიზიკური პირი და მან საკუთარი თავი შესთავაზა ვლადიმერ ჯანჯღავას, რომ ის იქნებოდა და ამ პირობებში გაადვილდებოდა საკრედიტო რესურსის მოზიდვა. ამ დროს ხდება ფორმალური გადაფორმება 40%-ის 10 ათას დოლარად. ამავე პერიოდში ვლადიმერ ჯანჯღავამ დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარით ზრდის ბადაგონის საწესდებო კაპიტალს, რამდენიმე კვირის შემდეგ , რაც თითქოს 10 ათას დოლარად გაყიდა 40% წილი კომპანიაში. 2015 წელს იგივე მდგომარეობაა. სალაყაიას განმარტებით, მძიმე ფინანსური მდგომარეობაა, კვლავ დგება საკრედიტო რესურსის მოზიდვის საჭიროება და იგივე მოტივაციით ხდება ჯერ 10%-ის გადაფორმება და 50% ხდება სალაყაიას წილი, შემდეგ კიდევ 50% -ის გადაფორმება და მთლიანობაში ნასყიდობის ფასად არაფორმალური გარიგების ფასი არის 40 ათასი დოლარი. მეორე მხარე ამბობს, რომ ჩვეულებრივი ნასყიდობაა, მაგრამ 10 ათას დოლარად კომპანიის 40%-ის წილის გაყიდვის შემდეგ რატომ ახორციელებს დამატებით ზრდას ბადაგონის საწესდებო კაპიტალში კვლავ ჯანჯღავა რამდენიმე ასეული დოლარით? იგივე ხდება 2015 წელს. 40 ათასად ყიდის და რამდენიმე ასეული დოლარი მოაქვს კომპანიაში? ეს არარეალურია“-აცხადებს იმედა დვალიძე.
ჯანჯღავას მხარის ინფორმაციით,სალაყაიასთვის მთავარ ამოცანას შეადგენდა ჯანჯღავას დარწმუნება საწარმოს გაკოტრებაში, რაც თითქოსდა საფუძველი გახდებოდა ბანკიდან სესხის ასაღებად-რისთვისაც მას დასჭირდებოდა 100 % იანი წილის გადაფორმება, 2015 წლის 6 იანვრის წესდებაში დადასტურებულია საქართველოს ბანკიდან 10 000 000 სესხზე გამოტანის თანხმობა,თუმცა წილები 50 /50-ზე რჩება-მაგრამ უკვე მოგვიანებით სალაყაიაზე ფორმდება 100 % იანი წილი და 2015 წლის 4 მარტს თიბისი ბანკთან ფორმდება ახალი ხელშეკრულება.ეს თარიღი დაფიქსირებულია თიბისი ბანკის წერილში. თანხა მითითებული არ არის,მაგრამ ჯანჯღავას მხარის ინფორმაციით ,საუბარი 8 მილიონ დოლარზეა, ხოლო მილიონ ნახევრიან სესხზე,რომელზეც აპელირებს სალაყაია- 2013 წლის 25 ივლისის მდგომაროებით აქვთ თიბისიდან გამოტანილი. სწორედ მაშინ ბადაგონმა მილიონ შვიდასი ათასი დოლარი აიღო სესხის სახით ბანკიდან, რის სანაცვლოდაც მოხდა წილის დაგირავება.
დვალიძე ამბობს, რომ სალაყაიამ განაცხადა, რომ მათ წილის სანაცვლოდ გრაკოროს მილიონ 200 ათასი დოლარი გადაუხადეს, რაც მისი განმარტებით, სიცურუეა, რადგან ეს არა წილის ნასყიდობის თანხაა, არამედ წლების განმავლობაში ბადაგონის დავალიანებაზე დარიცხული პროცენტის ნაწილი ჩასაფარად გადმორიცხული თანხაა. ადვოკატის განცხადებით სალაყაიას მხარე მალავს და არ ასაჯაროებს იმ საბანკო გადარიცხვის ქვითარს, სადაც დანიშნულებაში სესხის დაფარვაა მითითებული და არა წილის გამოსწყიდვის საფასური.
„წილი დოკუმენტალურად არის გადაფორმებული 30 ათას დოლარად, თუმცა 4 ტრანზაქციის მიხედვით მოხდა მილიონ 200 ათასი დოლარის გადარიცხვა, რომელიც განხორციელებულია 2015 წლის 27 იანვრამდე ანუ წილის ნასყიდობის გაფორმებამდე“-განაცხადა ბრიფინგზე გიორგი სალაყაიას ადვოკატმა, ირაკლი ყანდაშვილმა.
„ მილიონ 200 ათასი დოლარი გადაიხადა კომპანიამ და არა სალაყაიამ და კომპანიის გადახდილი ფულით სალაყაიას როგორ გაუჩნდებოდა წილი კომპანიაში არ მესმის. გადაუხადა არა ჯანჯღავას, არამედ კომპანია გრაკოროს. იმ სუბიექტმა იმ სუბიექტს გადაუხადა, ვისი ვალიც ემართა“-აცხადებს გრაკოროს ადვოკატი, იმედა დვალიძე.
დვალიძის ინფორმაციით, 2003 წლიდან 2011 წლამდე ბადაგონისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხულმა პროცენტმა 6 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა. ბადაგონის საწესდებო კაპიტალში კრედიტის შეტანის შემდეგ გრაკორომ საპროცენტო სარგებლის მოთხოვნის უფლება დაიტოვა, რაც ბადაგონს გრაკოროსთვის 2015 წლის დეკემბერში უნდა გადაეხადა. ბადაგონმა მხოლოდ მცირე ნაწილის გადარიცხვა განახორციელა ოთხჯერ, ჯამში 1 მლნ 200 ათასი დოლარის ოდენობით და ბადაგონს გრაკოროსთვის გადასახდელი კვლავ დარჩება 5 მლნ დოლარზე მეტი.
გრაკოროს მიმართვის საფუძველზე მიმდინარე წლის 18 იანვარს ბადაგონის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ერთი თვის წინ შეწყდა. ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურმა მხარეთა ქმედებაში დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინა. მიუხედავად ამისა, ვლადიმერ ჯანჯღავა და კომპანია გრაკორო სამართლებრივი დავის გაგრძელებას გეგმავენ.
„სისხლის სამართლებრივი ნიშნები არსებობდა, საქმე უნდა მისულიყო ბოლომდე, რაც ასე არ მოხდა. შესაბამისად ჩნდება ეჭვი, რომ სახელმწიფომ თითქოსდა ნუ იქნება ოღონდ ბუნტი და იყოს როგორც არის. ის ინვესტორი, რომელმაც 20 მლნ დოლარზე მეტი მოიტანა კომპანიაში ჭირსაც წაუღია. ის შორსაა უცხოეთში და ის აქაა, ამდენი ადამიანი მხარს უჭერს და დანაშაული რომ შერჩეს დიდი ამბავი“-აცხადებს დვალიძე.
კითხვები, იყო თუ არა ოდესმე სალაყაია ბადაგონის დამფუძნებელი, რა ფორმით მონაწილეობა 2013 წლამდე კომპანიის საქმიანობაში? რატომ არ ჩანდა 2013 წლამდე ოფიციალურად კომპანიის დოკუმენტაციაში, სად არის საბანკო ოპერაციაში წილის გამოსყიდვის დამადასტურბელი დოკუმენტი და ა.შ. აღნიშნული კითხვები გვინდოდა გიორგი სალაყაიას ადვოკატისთვის დაგვესვა, თუმცა ირაკლი ყანდაშვილის ჩაწერა, უკვე მეორედ, მისი უცხოეთში ყოფნის გამო ვერ შევძელით.