ბათუმში სასტუმრო "შერატონში" კომპანია Viva consult-ის ორგანიზებით და HUB Georgia-სთან პარტნიორობით შავი და კასპიის ზღვების მე-5-ე საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმი გაიმართება. საიუბილეო კონფერენცია რეგიონში სატრანსპორტო ლოგისტიკურ საკითხებს ეძღვნება.
"აზოვი-შავი ზღვის და კასპიის რეგიონების მთავრობები სატრანზიტო პოტენციალის გაუმჯობებესების მიმართულებით განაგრძობენ მუშაობას, რათა რეგიონში ტვირთების გადაზიდვის ეფექტურობა გაზარდონ. კასპიის რეგიონის ინტერესი, განავითაროს სატრანსპორტო ლოგისტიკური შესაძლებლობები, იწვევს ამ მიმართულებით კასპიის აუზის სხვა ქვეყნების აქტიურობას, განსაკუთრებით კი ყაზახეთის და აზერბაიჯანის, რომლებიც პორტების გამტარუნარიანობას ზრდიან და აუმჯობესებენ ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას.
ამ ფონზე ძალიან სუსტად გამოიყურება რუსული პორტები კასპიის აუზში, სადაც ტვირთნაკადების შემცირებაა, მაშინ როდესაც ტვირთნაკადების ზრდაა სხვა რეგიონების პორტებში, მათ შორის - არქტიკის, ბალტიისა და აზოვი-შავი ზღვის აუზებში. აღნიშნულის გამო საჭიროა, სწორი გადაწყვეტილებები ეფექტური მართვისა და ლოგისტიკის მიმართულებით, ასევე აქტიური მოლაპარაკებების გაგრძელება რეგიონის ლოგისტიკური ბაზრის მოთამაშეებს შორის.რეგიონში მიმდინარე პროცესები საქართველოს ანიჭებს უპირატესობას და აძლევს შესაძლებლობას ჩამოყალიბდეს რეგიონალურ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად“ - განუცხადა Bm.ge-ს HUB Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ვასო ურუშაძემ.
ფორუმზე განსახილველი ძირითადი საკითხებია: აზოვის, შავი ზღვისა და კასპიის რეგიონების საზღვაო ნავსადგურისა და ტერმინალების განვითარება; პორტების ტევადობის გაზრდა; შავი ზღვის რეგიონის საკონტეინერო პორტებისა და ტერმინალების მიმოხილვა; საკონტეინერო ტერმინალის ინტერმოდალური ინფრასტრუქტურის განვითარება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება; სარკინიგზო საკონტეინერო გადაზიდვები ევროპის, ჩინეთის და დსთ-ს ქვეყნებს შორის; ბლოკჩეინ ტექნოლოგიები ლოგისტიკაში. სატრანსპორტო ოპერაციების კიბერუსაფრთხოება და სხვა.
ღონისძიებას 20 ქვეყნის, 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება, მათ შორის, პორტების, ტერმინალებისა და რეგიონის რკინიგზების წარმომადგენლები, ექსპედიტორები, ლოგისტიკური კომპანიები, ტვირთმფლობელები, გემთმფლობელები და საინვესტიციო კომპანიები.