საქართველოში ადრეული ასაკის ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში ჩართულობის მაჩვენებელი (69,5%) ევროპულ სამიზნე ნიშნულზე (4-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა 95%) დაბალია. Unicef-ის კვლევის მიხედვით, ჩარიცხვის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად დაბალია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ბავშვებში (33%), სოციალურად დაუცველ ბავშვებში (39,7%) და სოფლად (46,8%).
„განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების სკოლამდელ დაწესებულებებში ჩარიცხვის შემთხვევაში, საბავშვო ბაღში სრული ინკლუზიისა და მონაწილეობის თვალსაზრისით, ისინი მნიშვნელოვან გამოწვევებს აწყდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ჩარიცხვის მაჩვენებლები მაღალია, დიდია ბავშვების რაოდენობაც თითო ჯგუფში (მაგალითად, თბილისში თითო ჯგუფზე საშუალოდ 39 ბავშვი მოდის, ზოგიერთ ჯგუფში კი 60-მდე ბავშვია). ჯგუფში ბავშვების სიმრავლე მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ახდენს საგანმანათლებლო პროცესის ხარისხზე. ამდენად, ხარისხისა და პერსონალისთვის სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად, ქალაქად, თითოეულ ჯგუფში ბავშვების რაოდენობის შესამცირებლად, მეტი ჯგუფისა და აღმზრდელის საჭიროება იკვეთება”, - ნათქვამია Unicef-ის კვლევაში.