მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზარზე ახალი ქართული ზეთი "ჰელიო" გამოჩნდა

5b60045c5016a
მაია ბიწაძე
31.07.18 10:37
4787
ბაზარზე ახალი ქართული ზეთი "ჰელიო" გამოჩნდა, რომელიც ცივი გამოწურვის მეთოდითაა დამზადებული და პრემიუმ სეგმენტზეა გათვლილი. როგორც კომპანია "ჰელიოს“ დამფუძნებელმა ელენე თხლაშიძემ Bm.ge-ს განუცხადა, აღნიშნული პროექტი ორი მეგობრის სტარტაპია. მათ პარტნიორი მოიძიეს, რომელიც ზეთს კახეთში დასაფასოებელი სახით აწარმოებდა, პროდუქციის შეფუთვა და ბრენდირება უზრუნველყვეს და ის საცალო ქსელში წარადგინეს.

"მოვიძიეთ მეწარმე თელავში, რომელსაც მცირე საწარმო აქვს და ამ ზეთს ამზადებს. ჩვენ შევთავაზეთ მას, რომ პროდუქტის ჩამოსხმას და ბრენდირებას განვახორციელებდით. ასეთი პარტნიორული ურთიერთობა შედგა ჩვენს შორის და ექსკლუზიური კონტრაქტი გავაფორმეთ" - განაცხადა ელენე თხლაშიძემ.

ზეთი "ჰელიო" ამჟამად გუდვილში და რამდენიმე სუპერმარკეტშია წარმოდგენილი, პროდუქციის შეტანაზე მოლაპარაკებებს "აგროჰაბთანაც" აწარმოებენ. პროდუქტი 250 გრამიანი მინის შეფუთვით იწარმოება და მისი გასაყიდი ფასი 12 ლარს შეადგენს.

"ეს არის პროდუქტი, რომელიც უმაღლესი ხარისხის მზესუმზირისგან, ცივი გამოწურვის წესითაა დამზადებული. მას არ აქვს კახური ზეთისთვის დამახასიათებელი სპეციფიური სუნი და ძირითადად სალათებში, ცივი სახით გამოიყენება. ამ ზეთის გაცხელება არ შეიძლება.

საწყის ეტაპზე შეზღუდული რაოდენობის, სულ 1000 ბოთლი ზეთი დავამზადეთ. ნებისმიერი ცივი გამოხდის ზეთი მუქ ბოთლში შეფუთვას საჭიროებს, რადგან მზის სხივები მასზე უარყოფითად მოქმედებს. მუქი მინის ბოთლები საბერძნეთიდან შემოვიტანეთ, რადგან საქართველოში არ იწარმოება - განმარტავს ელენე თხლაშიძე.

სტარტაპერები სამომავლოდ პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას და სხვა სახეობის ზეთების დამატებასაც გეგმავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები