ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი კორუფციის საქმეზე ბელგიის პოლიციამ დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიის პროკურატურა ავრცელებს. მასთან ერთად სავარაუდო კორუფციის ფაქტზე კიდევ 4 პირი არის დაკავებული.
AFP-ის თანახმად, 9 დეკემბერს ბელგიის პოლიციამ 16 სახლი გგაჩხრიკა, რის შედეგადაც ნაღდი ფულის სახით 600,000 ევრო ამოიღეს.
ბელგიის პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქმე სპარსეთის ყურის ქვეყნის სასარგებლოდ ლობირებას შეეხება. მედიის ინფორმაციით, საუბარია კატარზე, სადაც ამჟამად ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება. ამასთან, ნოემბერში ევა კაილიმ ოფიციალური შეხვედრა გამართა კატარის შრომის მინისტრთან, ალი ბინ სამიხთან, შეხვედრის შემდეგ კი განაცხადა, რომ კატარის მიერ მიგრანტთა შრომით უფლებებში მიღწეულ პროგრესი თვალსაჩინო იყო. მსგავსი განცხადება ევა კაილიმ ევროპარლამენტის ტრიბუნიდანაც გააკეთა.
კაილის დაკავებიდან მალევე, ბერძნული სოციალისტური პარტიის ლიდერმა, ნიკოს ანდურაკისმა განაცხადა, რომ დეპუტატი მათი პარტიის რიგებიდან გარიცხეს.
ევროპარლამენტს სულ 14 ვიცე-სპიკერი ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ კატარი ადამიანის უფლებათა დაცვის არაერთი ორგანიზაციის მიერ მიგრანტთათვის აუტანელი შრომითი უფლებების შექმნის გამო მკაცრად არის გაკრიტიკებული.