მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბილ გეიტსის ქალიშვილმა შოპინგ-აპლიკაცია შექმნა

ფიბი გეიტსი

ბილ და მელინდა გეიტსების ქალიშვილმა, ფიბი გეიტსმა, სტენფორდის უნივერსიტეტის თანაკურსელთან, სოფია კიანისთან ერთად, ახალი, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული შოპინგ-აპლიკაცია შექმნა, რომელსაც Phia ჰქვია.

აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS-ზე, Android-სა და Google Chrome-ზე და მისი მიზანია მომხმარებელს პროდუქტების ფასების შედარებაში დაეხმაროს, რათა მან ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ფუფუნების საგნებისა და აქსესუარების შეძენისას ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოს. მარტივად რომ ვთქვათ, Phia ფასების შედარების პლატფორმაა, რომელიც ავტომატურად მუშაობს და შეფასების პროცესში AI-ალგორითმს იყენებს.

Phia-ს გამოყენება მარტივია: როდესაც მომხმარებელი ონლაინ მაღაზიაში პროდუქტის გვერდზე იმყოფება, გამოჩნდება ღილაკი "Should I Buy This?" (უნდა ვიყიდო ეს?). ამ ღილაკზე დაჭერისას, აპლიკაცია აანალიზებს ბაზარზე არსებულ ფასებს და აცნობებს მომხმარებელს, არის თუ არა მოცემული ფასი მაღალი, დაბალი თუ საშუალო.

აპლიკაცია იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რათა გააანალიზოს მიმდინარე ბაზრის ტენდენციები და შეადაროს ისინი 250 მილიონზე მეტ ახალ და მეორად პროდუქტს, რომლებიც წარმოდგენილია ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა: The RealReal, Vestiaire Collective, ThredUp, StockX, eBay და Poshmark.

ამ ეტაპზე, აპლიკაცია არ შეიცავს რეკლამებს და არ მოითხოვს უსასრულო ძიებას, რაც მას მომხმარებლებისთვის უფრო მოსახერხებელს ხდის.

თავად ფიბი გეიტსს რაც შეეხება, ის 22 წლის ანტრეპრენიორია, რომელმაც სტენფორდის უნივერსიტეტი დაამთავრა და როგორც ჩანს, მამის გზას მიჰყვება, რომელმაც, თავის წილ, პლანეტის უმსხვილესი კომპანია - Microsoft-ი დააფუძნა, რომლის კაპიტალიზაცია ამჟამად 3 ტრილიონ 240 მილიარდ დოლარს შეადგენს და გლობალურ რეიტინგში 1-ელ ადგილს იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები