Bank of America-ს ანალიტიკოსების შეფასებით, ამერიკულ საფონდო ბირჟაზე სპეკულაციური გადახურების რისკები იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, მაღალი ვოლატილობა ვიხილოთ, რაც გადახურებული საბაზრო დინამიკით და ზედმეტად მკვეთრი აღმასვლით შეიძლება იქნეს განპირობებული.
მართალია, ამერიკული საფონდო ინდექსები ფაქტობრივად ყოველდღიურად ახალ-ახალ რეკორდულ ნიშნულებს აღწევენ, თუმცა Bank of America-ში შიშობენ, რომ ეს აღმასვლა ზედმეტად პოზიტიური მოლოდინებით არის განპირობებული და არა ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით.
ამ არგუმენტის გასამყარებლად ანალიტიკოსებს Fear and Greed Index-ის ინდიკატორი მოჰყავთ, რომელიც ამჟამად ექსტრემალური სიხარბის ზონას უახლოვდება. ამასთან აქციების ფასებსა და შემოსავლებს შორის სხვაობა მკვეთრად გაზრდილია და კაპიტალის შემოდინება არამდგრადი დინამიკით გამოირჩევა.
როგორც Bank of America-ში განმარტავენ, ინვესტორებს ასეთი პოზიტიური განწყობა FED-ის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების მოლოდინის გაჩენით და ტრამპის ადმინისტრაციის მიერ სავაჭრო შეთანხმებების მიღწევის გამო გაუჩნდათ. თუკი ყველა ზემოხსენებული პროგნოზი გამართლდება, მაშინ საფონდო ბირჟას მართლაც ექნება ზრდის მიზეზი, მაგრამ თუ ფედერალური რეზერვი ისევ მაღალ ნიშნულზე შეინარჩუნებს რეფინანსირების განაკვეთს და სავაჭრო მოლაპარაკებები ჩავარდება, მაშინ მოკლე ვადაში, სავარაუდოდ, გარკვეულ კორექციას ვიხილავთ.
მიუხედავად ამისა, Bank of America და სხვა მსხვილი ბანკები ამერიკულ საფონდო ბირჟასთან მიმართებით, გრძელვადიან პერსპექტივაში, პოზიტიურ მოლოდინებს ინარჩუნებენ და ფიქრობენ, რომ ძირითადი ინდექსები (S&P 500, Nasdaq, Dow) მომდევნო წლების განმავლობაში ახალ რეკორდულ ნიშნულებს მიაღწევენ.