ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2017 წელს გასულ წელთან შედარებით 12,0%-ით გაიზარდა და 71,7 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2017 წელს მისი მოცულობა 38,2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 11,9%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.
საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს მთლიანი ბრუნვის 44,9% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 23,1% - საშუალო, ხოლო 32,0% - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 40,8%, საშუალოზე - 25,4%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 33,8%.
საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2017 წელს 50,8 მლრდ. ლარი (გასულ წელთან შედარებით 11,9%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 31,6 მლრდ. ლარი შეადგინა (გასულ წელთან შედარებით 12,0 %-ით მეტი). 2017 წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 708,2 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 6,2%-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 39,8% ქალია, ხოლო 60,2% - კაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 33,0% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20,5% - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 46,5% - მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 652,4 ათასი კაცი შეადგინა (გასულ წელთან შედარებით - 5,2%-ით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 8046,4 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასულ წელთან შედარებით 14,6 %-ით მეტი). 2017 წლის საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1019,7 ლარს გაუტოლდა (გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 81.4 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 764,4 ლარი (გასულ წელთან შედარებით გაიზარდა 48,0 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: • მსხვილი ბიზნესი – 1195.9 ლარი, • საშუალო ბიზნესი – 1196.9 ლარი, • მცირე ბიზნესი – 776.1 ლარი.
2017 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 45,7% მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობა - 11,9%-იანი წილით, შემდეგ მოდის მშენებლობა - 9,8%-იანი წილით, ხელოვნება, გართობა და დასვენება 8,6%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება 6,6%-იანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება 4,1%-იანი წილით, ხოლო დარჩენილი 13,3% კი სხვა დარგებზე ნაწილდება.