მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BlackRock-ის აქტივები რეკორდულ $11.6 ტრილიონამდე გაიზარდა

BlackRock

გლობალური ფინანსური ქსოვილი სხვადასხვა ტიპის კომპანიების ურთიერთქმედებაზე დგას. ფინანსურ ეკოსისტემაში ვხვდებით, როგორც ბანკებს, ასევე ნეობანკებს და ფინტექ-კომპანიებს, საპენსიო ფონდებს, გადახდის სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, კერძო კაპიტალის მმართველებს, ჰეჯ-ფონდებსა და აქტივების მმართველ კომპანიებს. სწორედ ამ ბოლო კატეგორიას განეკუთვნება ამერიკული BlackRock-ი, რომელიც სხვა ადამიანებისა და კომპანიების აქტივებს მართავს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ინვესტიციას მათ ნაცვლად დებს.

გამართული ბიზნესმოდელის გარდა, ამერიკულ კორპორაციას მაღალი რეპუტაცია, ინვესტორებისთვის ფინანსური სარგებლის გენერირების დეკადების განმავლობაში დამტკიცებული შედეგები და პლანეტარული მასშტაბის კავშირები გამოარჩევს. ამ ყველაფრის დამსახურებით, BlackRock-ი პლანეტის უდიდეს აქტივების მმართველ კომპანიად იქცა, რომლის პორტფელი, ბოლო შედეგებით, $11.6 ტრილიონად იყო შეფასებული.

2025 წლის პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიშის თანახმად, გასულ ერთ წელიწადში, ამერიკულმა კორპორაციამ აქტივების ზომა $1.1 ტრილიონით, ანუ 11%-ით გაზარდა. ამ თანხის მასშტაბს რომ მიხვდეთ, გეტყვით, რომ თურქეთის მთლიანი შიდა პროდუქტი სწორედ $1.1 ტრილიონია, ბოლო თორმეტ თვეში BlackRock-მა სწორედ ერთი რუსეთი დაიმატა. თუმცა BlackRock-ის ჯამური აქტივების ზომა უფრო შთამბეჭდავია, რადგან BlackRock-ი ქვეყანა რომ ყოფილიყო, რიგით მესამე ქვეყანა იქნებოდა მსოფლიოში, ამერიკის შეერთებული შტატების და ჩინეთის შემდეგ.

მაშ, რა შემოსავალს და წმინდა მოგებას აგენერირებს BlackRock-ი $11.5 ტრილიონად შეფასებული აქტივების მართვით? 2025 წლის პირველ კვარტალში, BlackRock-მა $5.3 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც 12%-ით მეტია, ვიდრე შარშან. შემოსავალთან ერთად 10%-ითაა გაზრდილი კომპანიის წმინდა მოგება, რომელმაც საანგარიშო პერიოდში $1.8 მილიარდი შეადგინა. ამ თანხას უმეტესწილად, ის ფინანსური ინსტრუმენტები აგენერირებენ, რომელთაც BlackRock-ის პორტფელში ვხვდებით. აქ იგულისხმება, როგორც კომპანიების კაპიტალი, ანუ აქციები, ასევე ფიზიკური აქტივები, მათ შორის უძრავი ქონება.

BlackRock-ის პორტფელში უდიდეს ნაწილს გლობალური კომპანიების აქციები იკავებს. უახლესი მონაცემებით, ამერიკული კორპორაციის კლიენტები $6.2 ტრილიონის აქციებს ფლობენ, რაც BlackRock-ის აქტივების 53%-ია. ამ პორტფელში, უმეტესწილად, ზრდაზე ორიენტირებული დიდი ტექნოლოგიური კომპანიების აქციებს ვხვდებით, რომელთა შორის ყველაზე დიდი რაოდენობით BlackRock-ი Apple-ის, NVIDIA-ს, Microsoft-ის, Amazon-ის და META-ს აქციებს ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები