"ბლაუენშტაინ საქართველო" თბილისში მეორე საფირმო მაღაზიის გახსნას გეგმავს, ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა, თათია არაბიძემ ,,საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა. მაღაზია ვაკეში, კერძოდ ფალიაშვილის 67 ნომერში შემოდგომაზე გაიხსნება და მასში 500 ათასი ლარის ინვესტიცია ჩაიდება.
მისი თქმით, კომპანია ასევე გეგმავს ტრაილერის ტიპის მოძრავი მაღაზიით გაყიდოს პროდუქცია, რომელიც პირველ ეტაპზე საბურთალოზე იმოძრავებს, თუმცა შემდეგ რამდენიმე მარშუტის დამატება იგეგმება. ამ მიმართულებით კომპანია 900 ათასი ლარის ინვესტირებას გეგმავს.
ამასთან, შვეიცარიულ-ქართული კომპანია რაჭაში ღორების ფერმის მშენებლობის გაგრძელებას გეგმავს. საწყის ეტაპზე 60 ღორზე გათვლილი ფერმა მოეწყობა, თუმცა სამომავლოდ მისი მასშტაბები გაფართოვდება. ფერმაში 2,2 მილიონის ინვესტიცია ჩაიდება, რაც ეტაპობრივად 6 მილიონ ლარამდე გაიზრდება.
"წელს ვიწყებთ 60 დედა ღორის ტევადობის ფერმის მშენებლობას, რაც სამომავლოდ გვინდა 180-მდე გავზარდოთ, ანუ ეს იქნება სრული კომპლექსის ტევადობა. გვინდოდა ღია ტიპის ფერმის გაკეთება, მაგრამ, რადგან ღორი დაავადებების მხრივ დიდი რისკის მატარებელია, გადავწყვიტეთ დახურული ტიპის საღორე მოვაწყოთ. გადავწყვიტეთ ჯერ მცირე მასშტაბებით დავიწყოთ, ვნახოთ როგორ გაამართლებს და შემდეგ სრულ კომპლექსს ავაშენებთ“ - განაცხადა თათია არაბიძემ.
"ბლაუენშტაინ საქართველო“ შვეიცარიულ-ქართული ინვესტიციით 2008 წელს, რაჭის რეგიონში შეიქმნა და დღემდე კომპანიაში 27 მილიონი დოლარია ჩადებული, საიდანაც 65% შვეიცარული ინვესტიციაა. კომპანია საქონლის ხორცისგან პროდუქტებს ამზადებს და თბილისში საფირმო მაღაზიაში ყიდის.