BM.ge-ისთვის ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა მუშაობას აჩერებს.
სააგენტოს ინფორმაციით, პირველი ღუმელი ერთ კვირაში გაჩერდება, მეორე კი - იანვრის დასაწყისში.
ასევე, bm.ge-ის სანდო წყაროს ცნობით, კომპანია სრულად მუშაობას მომავალი წლის 15 იანვარს შეწყვეტს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამუშაო ადგილს 2000 ადამიანი დაკარგავს.
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის გაჩერების მიზეზად ირანიდან არმატურის დემპინგურ ფასად შემოტანა სახელდება, რაზეც კომპანიის მენეჯმენტი საჯაროდაც საუბრობდა.
Bm.ge ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, „რუსთავის ფოლადსაც“ დაუკავშირდა, თუმცა კომპანიაში, ჯერ ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.
აღსანიშნავია, რომ სწორედ „რუსთავის ფოლადის“ მიერ ბაზრის დაცვის მექანიზმების არსებობის აუცილებლობაზე საუბრის შემდეგ დაიწყო პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღებაზე აქტიურად მსჯელობა.
როგორც ცნობილია, კანონპროექტი ეკონომიკის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2 წლის წინ მოამზადა, მაგრამ დოკუმენტის პარლამენტში ინიცირება, ჯერჯერობით, არ მომხდარა.