მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბორჯომის გადამწვარ ტყეში ხეების დარგვა სექტემბერში დაიწყება

5b110c75dae6b
მეგი კავთუაშვილი
01.06.18 13:04
1827
გასული წლის ზაფხულში ბორჯომში მომხდარი მასშტაბური ხანძრის ტერიტორიაზე ნერგების დარგვა ჯერ არ დაწყებულა. როგორც BM.GE-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, ამ დრომდე ნიადაგის შესწავლა მიმდინარეობს, რის გამოც ტყის გადამწვარი მასივის მთელ ტერიტორიაზე შესვლა აკრძალალურია.
უკვე შეწყვეტილია კამპანია „აღადგინე“, რომლის მიზანი დამწვარი ტყის განახლება იყო. აღნიშნულ კამპანიაში 180-მდე კერძო კომპანია ჩაერთო, თუმცა როგორც „აღადგინეს“ აღმასრულებელი დირექტორი თამარ ზამთარაძე BM.GE-სთან საუბარში აცხადებს, ეროვნული სატყეო სააგენტოსთან კონსულტაციის შედეგად, კამპანია დასრულდა.

„ორი კვირის წინ გვქონდა შეხვედრა ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან. მათ განაცხადეს, რომ სახელმწიფომ უზრუნველყო ტყის აღსადგენად საჭირო თანხის მოძიება. ამიტომ კამპანიის გაგრძელების საჭიროება აღარ არსებობს. არსებობს 5 წლიანი გეგმა, ნიადაგის რუკა, რომლის მიხედვითაც მოხდება ხეების დარგვა. კამპანიაში „აღადგინე“ 180-მდე კომპანია იყო ჩართული, შედეგად შევძელით ის, რომ 10 ჰა ტერიტორიის გამწვანება მოხდება.“ - განუცხადა BM.GE-ს „აღადგინეს“ აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ზამთარაძემ.

ბორჯომის ტყის აღდგენის საქმეში ნაციონალური ბანკებიც ჩაერთვნენ. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება „თიბისი ბანკსა“ და ეროვნულ სატყეო სააგენტოს შორის, რომლის ფარგლებშიც ივნისში მემორანდუმი გაფორმდება, სექტებიდან კი „თიბისი ბანკი“ 10 ჰა ტერიტორიას გაამწვანებს.

სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშებზე 1 000 000 ლარი „საქართველოს ბანკმა“ გადარიცხა. როგორც ბანკში აცხადებენ, „საქართველოს ბანკი“ ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგების სალიკვიდაციოდ ყველაზე დიდი კონტრიბუტორია.

2017 წელს ხანძრის შედეგად ტყე 55 ლოკაციაზე განადგურდა, რაც ჯამში DataLab-ის მონაცემებით 1 359 ჰა ფართობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები