მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CATL-ი ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე დაილისტება

CATL

ელექტრობატარეების მსოფლიოს უდიდესი მწარმოებელი კომპანიის, ჩინური CATL-ის აქციები ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე დაილისტება. საცალო და ინსტიტუციური ინვესტორებისთვის საკუთარი აქციების შეთავაზებით კომპანია სულ მცირე $5 მილიარდის მობილიზებას გეგმავს.

თუ გარიგება მართლაც ამ პირობებით შედგა, ეს ყველაზე დიდი IPO იქნება, რომელიც ჰონგ-კონგში 2021 წლის შემდეგ შედგება, როცა აქციები გასაყიდად TikTok-ის ჩინურმა კონკურენტმა, Kuaishou-მ გამოიტანა.

ამ გზით, CATL-ის მენეჯმენტს გრძელვადიანი ინსტიტუციური ინვესტორების მოძიება სურს, რადგან ბევრი ფონდი კომპანიაში ინვესტირებისგან თავს მხოლოდ იმიტომ იკავებს, რომ ის კონტინენტურ ჩინეთში არის ბაზირებული. CATL-ის აქციები ასევე ივაჭრება შენჭენის საფონდო ბირჟაზე, სადაც კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $150.5 მილიარდს შეადგენს.

თუმცა უშუალოდ CATL-ის გარდა, ჰონგ-კონგის ბირჟაზე დალისტვა მნიშვნელოვანია თავად ბირჟის დივერსიფიკაციისთვის, რადგან დღეს, იქ უმეტესწილად ჩინურ ინტერნეტკომპანიების და ბანკებს ვხვდებით. სამწლიანი ჩავარდნის შემდეგ, ჰონგ-კონგის ბირჟა გასულ წელს გააქტიურდა. 2024 წელს, საფონდო ბირჟაზე $10.65 მილიარდის ჯამური მოცულობის 63 გარიგება შედგა, რაც 2023 წელს დაფიქსირებულ $5.9 მილიარდს ერთბაშად 80%-ით აღემატება. ამგვარად, ბირჟაზე CATL-ის დონის მოთამაშის გამოჩენა ბირჟას გამოაცოცხლებს.

China’s Contemporary Amperex Technology, ანუ შემოკლებით CATL-ი, რომელიც ჩინეთში 2011 წელს დაფუძნდა, ელექტრობატარეების უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში. ჩინური კომპანიის კლიენტებს შორის BMW, Daimler-ი, Hyundai, Honda, Tesla, Toyota, Volkswagen-ი და Volvo ირიცხებიან. ელექტრობატარეებს კომპანია ჩინურ ავტომწარმოებლებსაც აწვდის, რომელთა შორის Li Auto, NIO, Geely და სხვები არიან. CATL-ის საბაზრო კაპიტალიზაცია დღეს $153.8 მილიარდის ტოლია და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში 101-ე ადგილს იკავებს. გასული ერთი წლის განმავლობაში, კომპანიის აქციები 60%-ითაა გაძვირებული.

დღევანდელი მონაცემებით, CATL-ის პორტფელში ცამეტი ქარხანაა, ხოლო მომავალში, ელექტრობატარეების ქარხნის აშენებას კომპანია უნგრეთში და ინდონეზიაში გეგმავს. 2024 წლის ბოლოს, ცნობილი გახდა, რომ ნიდერლანდური Stellantis-ი, რომელიც რამდენიმე ამერიკულ, იტალიურ და ფრანგულ ბრენდს აერთიანებს, CATL-თან პარტნიორობით ესპანეთში ელექტობატარეების გიგანტურ საწარმოს ააშენებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება $4.3 მილიარდია, ხოლო კომპანიები ერთობლივ საწარმოს შექმნიან, რომლის თანაბარი მეწილეები იქნებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები