ჰაიდელბერგცემენტი ირანული ცემენტის დემპინგის მიმდინარე საფრთხეებსა და შედეგებზე საუბრობს.
"ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“, რომელიც საქართველოში სამ ინტეგრირებულ ცემენტის ქარხანას ფლობს, წარმოების შემცირებას, ქარხნების და ღუმელების ეტაპობრივ დახურვას გეგმავს.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოს ცემენტის ინდუსტრია საკმაოდ დიდ ზეწოლას განიცდის მეზობელი ქვეყნებიდან, რომლებიც ეკონომიკური სირთულეების გამო იძულებულები არიან აქტიურად ეძებონ დამატებითი საექსპორტო ბაზრები ჭარბი წარმოების სარეალიზაციოდ.
„ირანული ცემენტის მწარმოებლების მიერ კლინკერსა და ცემენტზე დაწესებულმა დემპინგურმა ფასებმა საგრძნობლად შეამცირა პროდუქციის ფასები საქართველოში. ასეთ პირობებში კონკურენციის გაწევა შეუძლებელი ხდება, რადგან აღნიშნული ფასები წარმოების თვითღირებულებაზე ბევრად დაბალია.
ჰაიდელბერგცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. კომპანიას ერთი კვირის წინ კლინკერის წარმოებისთვის განკუთვნილი მომუშავე 5 ღუმელიდან ერთის გაჩერება მოუხდა (ბოლო 2 წლის განმავლობაში აზერბაიჯანის დემპინგური ფასების გამო რუსთავში უკვე 2 ღუმელი გაჩერდა და კლინკერის არსებული 7 ღუმელიდან ახლა მხოლოდ 4 მუშაობს). კლინკერის შემცირებული წარმოება იწვევს კირქვის ნაკლებ საჭიროებას, ამიტომ ჰაიდელბერგცემენტი იძულებული გახდა გასულ კვირას დედოფლისწყაროს კირქვის კარიერზე მომუშავე პერსონალის ერთი ცვლაც შეემცირებინა.
ბოლო პერიოდში ჰაიდელბერგცემენტის გაყიდვების საგრძნობლად შემცირების და ირანული ცემენტის დემპინგურ ფასად გაყიდვების ზრდის გამო, კომპანიის ოპერირება კიდევ უფრო შეფერხდა. მომდევნო ღუმელის გაჩერება უკვე კასპში, 1 აგვისტოს იგეგმება.
კასპის ახალი საწარმოო ხაზიც კი (რომელიც 2018 წლის ბოლოს დაიწყებს ოპერირებას და მასში კომპანია 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს) ვერ გაუწევს დემპინგურ ფასებს კონკურენციას.
შუძლებელია კონკურენცია გაუწიო საკმაოდ მაღალი წილით სუბსიდირებულ პროდუქციას, როცა მათი მიზანი არა ბიზნესიდან მოგების მიღებაა, არამედ მყარ ვალუტაზე წვდომა (ა.შ.შ. დოლარი). მსოფლიოში საუკეთესო ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოც კი ვერ იქნება ამ სიტუაციაში კონკურენტუნარიანი. თუ აღნიშნული პრაქტიკა არ შეჩერდება, საქართველოში ცემენტის ინდუსტრია ნამდვილად დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რასაც ასევე მოყვება ნახშირის ინდუსტრია და სხვა ყველა ბიზნესი რომელიც დაკავშირებულია ამ სფეროსთან“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.