მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Check in Georgia ტურისტების მოსაზიდი მიზნობრივი პროექტი აღარაა"

5b1d0e334f825
თელარა გელანტია
10.06.18 15:39
1367
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელ მაია სიდამონიძის შეფასებით, Check in Georgia საერთაშორისო ტურისტების მოსაზიდი მიზნობრივი პროექტი აღარაა.

„რაც დრო გადის, ვფიქრობ, რომ Check in Georgia არაა მიზნობრივი პროექტი საერთაშორისო ტურისტების მოსაზიდად. ამასთან, ჩემი შეხედულებაა, რომ დღეისათვის, იმდენად მომძლავრდა უკვე კერძო სექტორი და იმდენად ძლიერია მუსიკალური ფესტივალები, რომლებიც ყოველწლიურად ტარდება, რომ სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება აღარაა საჭირო - პირიქით, ამ ხარჯებს ალბათ თავად კერძო სექტორი უნდა სწევდეს“, - განაცხადა სიდამონიძემ BM.ge-თან საუბრისას.

ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს შენიშვნები აქვს პროექტით გათვალისწინებული კონცერტების კალენდართან დაკავშირებითაც.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიებების კალენდარი წინასწარ იყოს ცნობილი, რათა მაქსიმალურად მეტმა ტურისტებმა გაიგოს ამ კონცერტების შესახებ და დაჯავშნონ და იყიდონ ბილეთები. ასევე, საერთაშორისო სადისტრიბუციო არხები უნდა იყოს ათვისებული. არსებობს ბილეთების შეძენა-გაყიდვის საერთაშორისო ონლაინ აპლიკაციები, სადაც წვდომა უფრო დიდი აქვს საერთაშორისო ბაზარს“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება პროექტის ფარგლებში ქართველი მომღერლებისთვის დარბაზების ქირაობას და ამ კუთხით მათ სუბსიდირებას, მაია სიდამონიძისთვის მხარდაჭერის ეს ფორმა ქველმოქმედებასთან ასოცირდება.

„ქართველი არტისტების ხელშეწყობა უფრო გამართლებულად მიმაჩნია, რადგან მათ შეიძლება ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა ჰქონდეთ, მაგრამ ყველაზე მთავარია, განვსაზღვროთ, რა არის ამ პროექტის მიზანი და რა შედეგს ველოდებით. თუ ესაა ქველმოქმედება, რომ უბრალოდ დავეხმაროთ არტისტებს, არ ვიცი, მაგრამ როცა საბიუჯეტო თანხები იხარჯება, საჭიროა, პროგრამა შედეგზე ორიენტირებული იყოს“, - აცხადებს მაია სიდამონიძე.

ცნობისთვის: Check in Georgia 2018-ისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მლნ ლარი იხარჯება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები