მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთმა ამერიკულ T-Bill-ებში ინვესტიცია 2009 წლის მინიმუმამდე შემცირდა

დოლარი / იუანი

ჩინეთმა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უდიდესი ობლიგაციონერია, ამერიკულ სახაზინო ობლიგაციებში ჩადებული ინვესტიცია 2009 წლის მინიმუმამდე შეამცირა. ბონდების ფლობის შემცირების მიუხედავად, ჩინეთი აშშ-ის ეკონომიკიდან ამონაგების მიღებას აგრძელებს, ოღონდ მეტად დივერსიფიცირებული სტრატეგიით.

გასული წლის მონაცემებით, ჩინეთი $759 მილიარდის ამერიკულ საგარეო ვალს ფლობს და ეს მაჩვენებელი წლიურად $57 მილიარდით, ანუ 7%-ით შემცირდა. მნიშვნელოვანია, რომ ამ თანხაში არ შედის ის T-Bill-ები, რომელთაც ჩინეთი სხვა ქვეყნებში არსებული დეპოზიტარების გავლით ფლობს.

ჩინეთის მიერ ამერიკული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ფლობის მაჩვენებლის შემცირება, დიდწილად, გეოპოლიტიკას უკავშირდება. საქმე ისაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი მსოფლიოს პირველი და მეორე ეკონომიკები არიან, რომლებიც, ამავდროულად, ერთმანეთის მიმართ არამეგობრულად და, შეიძლება ითქვას, არაკეთილად არიან განწყობილები. გეოპოლიტიკური დაძაბულობის გათვალისწინებით, ამერიკილი T-Bill-ების დიდი რაოდენობით ფლობა ინვესტორებს რისკად მიაჩნიათ. შედეგად, გამოსავლად მოიაზრება, როგორც ინვესტიციის შემცირება, ასევე ფასიანი ქაღალდების სხვა ქვეყნებში არსებული დეპოზიტარების გავლით ფლობა.

ჩინეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ობლიგაციონერია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების საგარეო ვალს ფლობს. 2011 წელს დაფიქსირებული პიკური მაჩვენებლის შემდეგ, ჩინეთის საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ბონდების ღირებულებამ ჯამში $550 მილიარდით იკლო. გასულ წელს, ჩინეთმა $34.2 მილიარდით გაზარდა ობლიგაციების მოცულობა გაერთიანებულ სამეფოში, $60.2 მილიარდით ბელგიაში და $84 მილიარდით ლუქსემბურგში. ჯამში, მსოფლიოს ყველაზე დიდი ობლიგაციონერი ქვეყნები იაპონია, ჩინეთი და გაერთიანებული სამეფო არიან.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს, ჩინეთის ხელისუფლება $411 მილიარდის სახელმწიფო ბონდებს გამოუშვებს, რაც რეკორდული მაჩვენებელია და იმ ძალისხმევაზე მიუთითებს, რომელსაც ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია ეკონომიკის გამოცოცხლებისთვის დგამს. შარშან, ჩინეთმა თითქმის სამჯერ ნაკლები ღირებულების ბონდები გამოუშვა, რაც მიგვანიშნებს, რომ ოფიციალური პეკინი დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების ეფექტის შემსუბუქებას გეგმავს. ობლიგაციონერებისგან მიღებულ ვალს ხელისუფლება სიბსიდიებისა და გრანტებისთვის გამოიყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები