მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩრდილოეთ მიმართულების საგზაო განვითარებაზე 1,7 მილიარდი დაიხარჯება

5afaef6a4105a
მაია ბიწაძე
15.05.18 18:31
561
"ჩვენ აქტიურად განვავითარებთ საქართველოს ჩრდილოეთით გზებსა და ინფრასტრუქტურას, რაშიც 1,7 მილიარდი ლარის ინვესტიცია ჩაიდება", - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ქარსელაძემ სასტუმრო Radisson გამართულ საინვესტიციო ბიზნესფორუმზე (Bia Forum) განაცხადა. მისივე განმარტებით, პროექტი მოიცავს გზებს, ნატახტარის გადასახვევიდან საქართველოს ჩრდილოეთით. მისივე თქმით, აღნიშნული ინფრასტრუქტურის განვითარება, მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობას.

"ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ჩრდილოეთის მიმართულებით გზებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც მოიცავს ნატახტარი-ჟინვალი-ფასანაური-ქვეშეთი-კობი-ლარსის მონაკვეთებს. აქ ძალიან სერიოზულ პროექტებს ვიხილავთ, ფაქტიურად საუბარია ერთ შემოვლით გზაზე და ძალიან რთულ, მაგრამ უნიკალურ გვირაბზე, რომლის სიგრძეც 9 კილომეტრია, ეს არის ქვეშეთი-კობის გვირაბი.

ამჟამინდელი სიტუაცაია ამ გზებთან მიმართებაში უფრო რთულია, ვიდრე აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალზე, ვინაიდან აქ არის უსაფრთხოების საკითხები, ძალიან აგრესიული კლიმატური პირობები და რთული რელიეფი. ივლისის ბოლოს დამთავრდება დევდორაკის გვირაბი, სადაც ამჟამად მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ძალიან დიდი მონაპოვარია. არანაკლები მნიშვნელობის სამუშაოები ჩატარდება გუდაურში და სტეფანწმინდაში, სადაც ზამთრის სეზონზე გადაადგილება ხშირად რთულდება.

ვფიქრობთ, ჩრდილოეთით საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების შემდეგ, მკვეთრად გაიზრდება ტურისტების რაოდენობა, რადგან ბევრ ტურისტს საშუალება მიეცემა, უფრო კომფორტულად და ხშირად იმოგზაუროს ამ მიმართულებით“ - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მისივე განმარტებით, მთლიანობაში ამ პროექტებში 1,7 მილიარდი ლარის ინვესტიცია ჩაიდება, რაშიც აქტიურად არიან ჩართული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, კერძოდ, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და სხვა ორგანიზაციები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები